ავტორი:

რუსეთი მოლდოვაში მთავრობის დამხობას ცდილობდა? - "რუსული შეთქმულება" და ოკუპანტის სავარაუდო გეგმა, რომელიც მაია სანდუს ზელენსკიმ გადასცა: რა ხდება მოლდოვაში?

რუსეთი მოლდოვაში მთავრობის დამხობას ცდილობდა? - "რუსული შეთქმულება" და ოკუპანტის სავარაუდო გეგმა, რომელიც მაია სანდუს ზელენსკიმ გადასცა: რა ხდება მოლდოვაში?

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთი "უცხოელი დივერსანტების გამოყენების გზით, მოლდოვის პროევროპული მთავრობის დამხობას ცდილობდა."

მისი განცხადებით, მზადდებოდა შეთქმულება, რომლის გეგმაც მოიცავდა პრორუსულად განწყობილი ოპოზიციის პროტესტს. მაია სანდუმ გასულ პარასკევს დაასახელა ახალი პრემიერ-მინისტრი, დორინ რესიანი, რომელიც მისი წინამორბედის მსგავსად, ევროკავშირის მომხრეა.

  • პრეზიდენტის თქმით, უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმა, რომლის მიზანი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო და რომ სამხედრო მოქმედებები მზადდებოდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან ჩაყვანილი დივერსანტების მონაწილეობით.

"ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დივერსიას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მომზადების მქონე პირების მონაწილეობით. ისინი გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის თავდასხმებს ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებაზე და მძევლების აყვანას“, - განაცხადა მაია სანდუმ.

  • მისი თქმით, კიევის მიერ გადაცემული მასალები მოიცავს ამ დივერსიული მოქმედებების ორგანიზების ლოჯისტიკის დეტალურ დოკუმენტაციას.

პრეზიდენტის თქმით, მოლდოვის სამართალდამცავი ორგანოები ემზადებიან ამ პროვოკაციების აღკვეთისა და სიტუაციის კონტროლის შესანარჩუნებლად.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას რუსეთის გეგმა ჩაუვარდა ხელში, რომლითაც კრემლი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა. მან ყველა ინფორმაცია თავის კოლეგას, პრეზიდენტ მაია სანდუს გადასცა.

  • აღნიშნულზე პირველი განმარტება გაკეთდა უკვე მოსკოვშიც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მაია სანდუს ბრალდებას.

"ასეთი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ისინი აგებულია კლასიკური ხერხის სულისკვეთებით, რომელსაც ხშირად იყენებენ შეერთებული შტატები, სხვა დასავლური ქვეყნები და უკრაინა. თავდაპირველად ვითომდა საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით დადანაშაულება, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია და შემდეგ საკუთარი უკანონო ქმედებების გასამართლებლად მისი გამოყენება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმები, რომლის მიზანი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო და რომ სამხედრო მოქმედებები მზადდებოდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან ჩაყვანილი დივერსანტების მონაწილეობით.

  • აღსანიშნავია, რომ 10 თებერვალს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა.

"თანამდებობაზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყოფნის შემდეგ გადადგომის შესახებ ვაცხადებ… მთავრობას სახლში, მოლდოვაში, იმდენივე მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, რამდენიც ევროკავშირში, ბრიუსელში, გაცილებით მეტს მივაღწევდით”, - განაცხადა გავრილიცამ.

მისი თქმით, მოლდოვა ახალ ფაზაში შედის, რომლის საფუძველშიც უსაფრთხოებაა.

"თანამდებობაზე ამ 18 თვის განმავლობაში უწყვეტ კრიზისებში ვხელმძღვანელობდით. მოლდოვის რესპუბლიკა ახალ ეტაპში შედის, რომელშიც პრიორიტეტს უსაფრთხოება წარმოადგენს”, - თქვა გავირილიცამ.

კანონის თანახმად, ნატალია გავრილიცას კვალდაკვალ გადადგა მთელი მთავრობა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მიიღო პრემიერ-მინისტრის გადადგომა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა მას.