ავტორი:

საქართველოს რუსული კომპანია "ინტერ რაოს“ სასარგებლოდ მილიონობით დოლარის გადახდა დაეკისრა - რას ამბობს კახა კალაძე საარბიტრაჟო სასამართლოში წაგებულ დავებზე?

საქართველოს რუსული კომპანია "ინტერ რაოს“ სასარგებლოდ მილიონობით დოლარის გადახდა დაეკისრა - რას ამბობს კახა კალაძე საარბიტრაჟო სასამართლოში წაგებულ დავებზე?

bpn.ge - ს ინფორმაციით, საქართველომ "ინტერ რაოსთან" ორი საარბიტრაჟო დავა წააგო.

დავა წლების წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას და ელექტროენერგიის ტარიფებს შეეხებოდა, რომლის საფუძველზეც კომპანია თავს ფინანსურად დაზარალებულად მიიჩნევდა.

ერთის მხრივ, საუბარია, 76 მილიონ დოლარიან საარბიტრაჟო დავაზე, რომელიც 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა.

მეორე დავა კი, საქართველომ წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში. საუბარია პარალელურ საინვესტიციო დავაზე Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. არსებული განმარტებით, საქართველოს არა ორივეს, არამედ, ერთ-ერთი დავის თანხის გადახდა მოუწევს, რადგან შეკრებითობა არბიტრაჟის შემთხვევაში არ ხდება.

2021 წლის დეკემბერში, საქართველოს რუსული კომპანიის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა სტოკჰოლმის არბიტრაჟმა დაავალა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მაშინ "ინტერ რაო" 200 მილიონს ითხოვდა, არგუმენტების წარდგენის შემდეგ კი თანხა 80 მილიონამდე შემცირდა.

2 წლის წინ, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დავა გრძელდებოდა, თუმცა როგორც ბოლო გადაწყვეტილებით ჩანს, სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადასახდელი თანხა გაზარდა.

ამ საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე.

მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველო არათუ დააზარალა, არამედ თანხა დაუზოგა.

"პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ტარიფების შემცირება, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობამ. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ კომპანია "ენერგო პროს“, რომელიც ასევე ჩართული იყო ტარიფების შემცირების პროცესში. რაც შეეხება წარმოშობილ დავას, "ინტერ რაო“ ითხოვდა დაახლოებით, 200 მლნ დოლარს, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე ისინი მოითხოვდნენ. წარმოგიდგენიათ, ხელი რომ მომეწერა, იმაზე, რომ "ინტერ რაოს“ მიეღო 200 მლნ დოლარი, რა მოხდებოდა და რას დამატეხდნენ თავს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვფიქრობდით, რომ არ ეკუთვნოდა ამ კომპანიას 200 მილიონი და პირდაპირ ვუთხარით, რომ ვიდავებდით. შესაბამისად, მოხდა არბიტრაჟში განხილვა და 200 მლნ-ს ნაცვლად დაგვეკისრა გაცილებით ნაკლები. თავის დროზე მე არ მივეცი ჩემს თავს უფლება და ვერცერთი ჩემი თანამშრომელი ვერ გაბედავდა იმას, რომ დავთანხმებოდით "ინტერ რაოს“ მოთხოვნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, "ინტერ რაოსთან" დავა 2017 წელს დაიწყო. კომპანია 2 ქართულ ჰიდროელექტროსადგურს ფლობს, რომელსაც, თავის მხრივ, ეკუთვნის ენერგეტიკული კომპანია "თელასის" 75%. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღურებას ითხოვდნენ. საქმე ეხებოდა ტარიფების საკითხს. საქართველოს ხელისუფლება კი მიიჩნევდა, რომ ტარიფები სწორად იყო განსაზღვრული.