ავტორი:

თურქების უდიდესი იმედი, ქართველი მაშველები: "მათ გამოჩენას აქაურები აცრემლებულები და ტაშით ხვდებიან... მადლობა საქართველოს ღირსეული თანადგომისთვის!"

თურქების უდიდესი იმედი, ქართველი მაშველები: "მათ გამოჩენას აქაურები აცრემლებულები და ტაშით ხვდებიან... მადლობა საქართველოს ღირსეული თანადგომისთვის!"

თურქეთში დამანგრეველმა მიწისძვრამ 15 ქალაქი თითქმის მიწასთან გაასწორა. ქვეყანაში მთელი მსოფლიოდან ათასობით მაშველია ჩასული და ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო. მიწისძვრას ათასობით ადამიანის დაღუპვა და ნგრევა მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრში მყოფ დასახლებებს საგანგებო დახმარება გაუგზავნეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომელთა შორისაა ჯანმო და ხსნის საერთაშორისო კომიტეტი. თურქეთში სტიქიური უბედურების ზონაში ერთი კვირაა მუხლჩაუხრელად მუშაობს საქართველოდან წასული 100 მეხანძრე-მაშველი.

ჩვენი ბიჭები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, მოწყობილი აქვთ საველე ბანაკი და ადიამანში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან სისტემატური კავშირი აქვთ. თურქული მედია მოიარა ქართველი მაშველების თავდაუზოგავი მუშაობის ამსახველმა ფოტოებმა და ვიდეოებმა, ასევე მაძებარმა ძაღლმა "ტინტომ", რომელმაც ნანგრევებში ადამიანი შენიშნა, მაშველებს ყეფით ანიშნა და რამდენიმესაათიანი ურთულესი მუშაობის შემდეგ ის უვნებლად ამოიყვანეს. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა "ტინტოს" უკვე უწოდეს "ქართველი მაშველი ანგელოზი".

"კვირის პალიტრა" ერთ-ერთ მაშველს დავუკავშირდით. მან გადაღლილობისა და ურთულესი სამუშაოს მიუხედავად, მაინც შეძლო ჩვენთან გასაუბრება...

- ხალხი დროებით თავშესაფარში ურთულეს პირობებში, მკაცრი ზამთრის სუსხშია. თუმცა იმდენად მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვთ, ამას დიდად არ ანიჭებენ მნიშვნელობას. პირველ დღეებში ზოგი იდგა თავისი საცხოვრებლის წინ, ქარსა და ყინვაში, სასწაულის მოლოდინში ლოცულობდა. ზოგმა მთელი ოჯახი დამარხა. არ ვიცი, ამაზე დიდი ტრაგედია თუ არსებობს. სტიქია მოულოდნელად დაატყდა თავს ხალხს და ნანგრევებში მოიყოლა. პირველ ხანებში ბევრს დროებითი თავშესაფარიც არ ჰქონდა და ღამით ქუჩებში, საბნებში გახვეულს ეძინა. ზოგი დანგრეულ სახლს არ შორდება, იმედი აქვს, რომ მის ახლობლებს ცოცხალს ამოიყვანენ, მაგრამ რაც დრო გადის, ამის შანსი მცირდება. ტემპერატურა დაეცა, ყინვაში ბეტონის ფილებს შორის გაძლების ალბათობა, ალბათ, ორი-სამი დღეა. იმდენად მძიმეა შედეგები, რომ სამაშველო სამუშაოები, ალბათ, რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ბიჭები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყოველი წუთი გამოვიყენოთ... ორი კაცი უვნებლად ამოვიყვანეთ ნანგრევებიდან. ძალიან გვეხმარებიან როგორც ჩვენი, ასევე სხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურების მაძებარი ძაღლები.

სტიქიაზე უამრავი ფილმი მინახავს, დოკუმენტურ მასალებს გავცნობივარ, მაგრამ იმან, რასაც ახლა ვუყურებ, მოლოდინს გადააჭარბა. დაღუპულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის შანსი სულ უფრო მცირდება. ყველაზე მძიმე მოსასმენია ხმა, რომელიც ნანგრევებიდან ისმის, მაგრამ, იმავდროულად, სასიხარულოა. ასეთ დროს ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს. ხალხი იმედით გვიყურებს, მადლობას გვიხდის, გვლოცავს, ბევრი გადაგერჩინოთ, მნიშვნელობა არა აქვს, ჩემი ოჯახის წევრი იქნება თუ სხვისიო. ყველა ნაბიჯზე იყვნენ მოხალისეები, თუმცა მათ პოლიცია აკონტროლებდა, არავინ იცის, ასეთ დროს რა მოხდება, მით უფრო, რომ მცირედი ბიძგები მერეც ყოფილა. აქ ემოციების აყოლა არ შეიძლება, ერთი არასწორი მოძრაობა ყველასთვის შეიძლება სავალალოდ დასრულდეს.

არაერთ რთულ ვითარებაში მიმუშავია, მაგრამ ამხელა ფართობზე ერთიმეორის მიყოლებით ჩამოქცეული შენობები უმძიმესი სანახავია. ვნახე მოხუცი კაცი, რომლის მთელი ოჯახი ნანგრევებმა მოიყოლა. საოჯახო სასტუმრო ჰქონია. ცოტა ინგლისურიც იცოდა და მითხრა, თავად გარეუბანში მდებარე სახლში ყოფილა და ამან გადაარჩინა, თუმცა ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვსო... რამდენჯერმე დაურეკავს ოჯახის წევრებთან, ერთი თითქოს მიპასუხა შვილმა, მაგრამ რა მითხრა, ვერ გავიგონეო... მანქანებით მოძრაობაც გაჭირდა, რადგან გზები დაბზარულია, აქამდე ძლივს მოვაღწიეო. შვილიშვილზე დარდობდა, სამ დღეში 5 წლის ხდებოდა, საჩუქარიც ნაყიდი მქონდაო. საწყალი თხელ ქურთუკში ბეტონის ფილაზე იჯდა და ტელეფონში ოჯახის წევრების ფოტოებს ათვალიერებდა. ასეთ დროს სანუგეშო სიტყვები არ არსებობს. უამრავს მთელი ოჯახი დაეხოცა. ამოჰყავთ ბავშვები, რომელთაც არავინ დარჩა.

ქართველი მაშველების გმირობისა და თავგანწირვის მაგალითებს თურქული მედია აქტიურად აშუქებს. როგორია თურქი მოსახლეობის დამოკიდებულება ჩვენი ბიჭების მიმართ, ამის გასარკვევად ადგილობრივებს დავუკავშირდით. გულისა ილდიმირის წინაპრები საქართველოდან არიან. თავად ისტორიულ სამშობლოში არასდროს ყოფილა, მაგრამ ქართველ ხალხზე ბევრი რამ იცის, ახლა კი სტიქიის ზონაში ქართველების ნახვამ ძალიან გაახარა:

- ჩემი წინაპრების შესახებ მამა ხშირად მიყვებოდა. ჩემს ისტორიულ სამშობლოში არასდროს ვყოფილვარ, ახლა კი მათ ჩემს ქვეყანაში შევხვდი. ჩვენი ხალხი ქართველი მაშველების შორიახლო, ნანგრევებთან, რამდენიმე დღის უძილო, ცრემლგამშრალი დგას სასწაულის იმედად. ამბობენ, რომ ქართველი მაშველები მითურ პერსონაჟებს აგონებენ, რომელთაც შეუძლიათ შეუსვენებლად იმუშაონ, უმძიმეს პირობებს, საფრთხეს არ შეუშინდნენ, რამდენიმე მეტრის სიღრმეში ჩაძვრნენ ნანგრევებში სიცოცხლის კვალის საპოვნელად და პოულობენ კიდეც. მათ თვალებში მხოლოდ სიბრალული და თანაგრძნობა კი არა, იმედი და სიმამაცეც დავინახეთ, რაც ძალიან გვჭირდებოდა...წაიკითხეთ სრულად