ავტორი:

"რამდენიმე დღის წინ ამწე შეეჯახა გვერდზე მდგომ სახლს და ეგონათ მიწისძვრა... პირდაპირ სკოლის ეზოს თავზე დგას" - რას წერს მოქალაქე და როგორია კალაძის პასუხი?

"რამდენიმე დღის წინ ამწე შეეჯახა გვერდზე მდგომ სახლს და ეგონათ მიწისძვრა... პირდაპირ სკოლის ეზოს თავზე დგას" - რას წერს მოქალაქე და როგორია კალაძის პასუხი?

გუშინ მოქალაქე მეგი შარაშენიძემ სოციალურ ქსელში ბაგებში გადაღებული ფოტო გაავრცელა. კადრში აღბეჭდილი უზარმაზარი ამწე, რომელიც სკოლის ეზოს თავზე დგას. როგორც მოქალაქე წერს, სიტუაციას ის ფაქტი ამძიმებს, რომ ამწე უსაფრთხო არ არის, რადგან ცოტა ხნის წინ ის გვერდზე მდგომ კორპუსს დაეჯახა.

"ყოველგვარი შესავლის გარეშე, ეს უზარმაზარი ამწე დგას "ახალი სკოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ფოტოშიც თვალნათლივ ჩანს, რომ პირდაპირ არის სკოლის ეზოს თავზე, სადაც ბავშვები და პედაგოგები არიან!!! სიტუაციას ემატება კიდევ ერთი საშინელი ფაქტი: რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული ამწე, შეეჯახა გვერდზე მდგომ საცხოვრებელ სახლს, რის შედეგადაც მაცხოვრებლებს ეგონათ მიწისძვრა და შეშინებულები გამოცვივდნენ ქუჩაში, მოვიდა სასწრაფო, ტელევიზია...

მაგრამ..... ვინმემ თუ ნახეთ მსგავსი სიუჟეტი? მშობლები და სკოლა ვცდილობთ შევაჩეროთ მსგავსი უკანონო, საფრთხის მომცველი და უნამუსო ქმედება მშენებლების მხრიდან, თუმცა უშედეგოდ! (ტელევიზიაც კი არ აშუქებს, ალბათ “ვიღაცის ვიღაცა” აშენებს). ამიტომ გადავწყვიტე სოც ქსელში თქვენი დახმარებით გავავრცელო რეალობა და ვისაც არ დაგეზარებათ, გადააზიარეთ და იქნებ მივიდეს საჭირო ადამიანამდეც და რამე გვეშველოს..." - აღნიშნულია პოსტში.

  • მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უპასუხა. კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეს და მუნიციპალურ ინსპექციას წყნეთის გზატკეცილზე უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება და იქ განთავსებული ამწის დემონტაჟი დაავალა.

"წყნეთის გზატკეცილზე, შპს "ამბრელასა" და შპს "ბიჩ ბილდინგ ბაგების" თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდა ობიექტზე დამონტაჟებული ამწე მოწყობილობის აკრძალვის აუცილებლობა, ვინაიდან ტვირთის გადაადგილებისას არ არის უზრუნველყოფილი მომიჯნავე ნაკვეთებზე უსაფრთხოება, კერძოდ, საპირწონის კონსოლზე მიმაგრებული ტვირთი, ამწის განთავსების ადგილიდან გამომდინარე, გადაადგილდება შპს „ახალი სკოლის“ მიმართულებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, დავავალო კახა გულედანს და მუნიციპალურ ინსპექციას, დღესვე მოჰყვეს რეაგირება და შეჩერდეს მშენებლობა. დაიწყეთ არსებული ამწის დემონტაჟი და ამის შემდეგ ექნება კომპანიას შესაძლებლობა, გააგრძელოს სამუშაოები", - განცხადა კახა კალაძემ.