ავტორი:

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ დაფუძნდა

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ დაფუძნდა

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ დაფუძნდა. განცხადებები მოძრაობის წევრებმა რუსთავის ციხესთან გააკეთეს.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაჩანა შენგელია განმარტავს, ისინი ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით გეგმავენ.

"დღეს, როგორც არასდროს საქართველოს ევროპული მომავალი სასწორზე დევს, ის მომავალი, რომელზედაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, რისთვისაც უამრავი ადამიანი ოცნებობდა, რისთვისაც დღეს ჩვენი გმირები უკრაინაში იბრძვიან საფრთხეშია. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოპოვების ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე სრულიად ნათელია, რომ თავისუფალი და კრიტიკული მედია უაღრესად დიდ როლს თამაშობს. ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთი ზუსტად თავისუფალ მედიას ეხება. კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდებით დაკავებით ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კანდიდატის სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა. სრულიად ნათელია, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად ნიკა გვარამიას თავისუფლებაზეც გადის, ამიტომაც ნიკას მეგობრებმა “რა? სად? როდის” თამაშიდან და მედიასაშუალების წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ “ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა,” რომლის მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას საპატიმროდან დროული გათავისუფლება იქნება და ეს ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით შესაძლებელი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იყოს. ჩვენი პარტნიორები მუდმივად მოუწოდებდნენ მაღალი ტრიბუნებიდან ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის დამფუძნებლების და მედიამენეჯერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებისგან. ქვეყნის მასშტაბით და ქვეყნის გარეთ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ, თუ რის გამო არის ნიკა გვარამია დაკავებული და ის დაკავებულია კრიტიკული აზრის გამო ”, - განაცხადა შენგელიამ.

ტელეკომპანია "ფორმულას” ჟურნალისტის, ვახო სანაიას განცხადებით, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ,,მედიამ თავისი სიტყვა უნდა თქვას.”

"ნიკა გვარამია პოლიტპატიმარია, ის არაფრის გამო ციხეში ზის. ის ციხეშია იმის გამო, რომ ხელისუფლების კრიტიკოსია და მედიამენეჯერია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების არაფორმალურ მმართველს არ მოსწონს. ამიტომ ეს მოძრაობა აუცილებელია, რათა საზოგადოებამ, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახოს, როგორ უსამართლობასთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, ყველანაირი აქტიურობა საჭიროა, რაც გულისხმობს პრეზიდენტთან იმგვარ კომუნიკაციას, რომ ბოლოს და ბოლოს შეკითხვას პასუხი გასცეს, რატომ არ იწყალებს ნიკა გვარამიას, თუკი აპელირებს იმაზე, რომ ევროპულ მომავალზე ზრუნავს. მე აქ მოვედი, როგორც ჟურნალისტი. ეს მოძრაობა ნიკას მეგობრებმა დააფუძნეს, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებ ამ მოძრაობასაც და ნიკა გვარამიასაც. ვფიქრობ, მედიამ ამ მიმართულებით თავისი სიტყვა უნდა თქვას”,- განაცხადა სანაიამ.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ისინი გეგმავენ იმ სტრუქტურებთან მუშაობას, ვისაც უნარი აქვს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

"ამ მოძრაობის მიზანია ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის ბრძოლა. ის მოძრაობა, რომელიც დღეს დაფუძნდა, ჩემი აზრით არის სწორედ ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინაციას ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ კუთხით აქტიურობს და საერთაშორისო პარტნიორებთან ამ თემის ყოველდღიურ განხილვას უზრუნველყოფს. ის მოძრაობა, რომელიც დღეს დაფუძნდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებამ არ დაივიწყოს რა უბედურებაც ქვეყანაში ხდება და რა მეთოდებით ცდილობენ ჩვენი ევროპული მომავალი დავკარგოთ. ამ მოძრაობის მომავალი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან სახელმწიფო სტრუქტურები. ჩვენ ოფიციალურად ვაპირებთ იმ სტრუქტურებთან მუშაობას, ვისაც უნარი აქვს გადაწყვეტილება მიიღოს”,- აღნიშნა ფოფხაძემ.