ავტორი:

"11 წლის ორსულიც მინახავს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო და 62 წლის ქალიც, რომელიც შვილს საერთოდ არ ელოდა" - ლადო კახაძე სამედიცინო პრაქტიკის დროს გადახდენილ ამბებს იხსენებს

"11 წლის ორსულიც მინახავს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო და 62 წლის ქალიც, რომელიც შვილს საერთოდ არ ელოდა" - ლადო კახაძე სამედიცინო პრაქტიკის დროს გადახდენილ ამბებს იხსენებს

"ექიმობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს ცხოვრების წესია, ამიტომ, ჩემი საქმე დღემდე ძალიან მიყვარს" - გვითხრა საქართველოს პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ, რომელმაც მედიცინას თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ბატონი ლადო ყველაზე გამორჩეულ შემთხვევებზე გვესაუბრა, რომელიც თავისი სამედიცინო პრაქტიკის დროს შეხვედრია:

- 50 წელი მედიცინაში გავატარე, კერძოდ, მეან-გინეკოლოგიაში, რომელიც ყველაზე კეთილ მიზანს - ახალი სიცოცხლის მოვლინებას ემსახურება. ჩემი პრაქტიკის განმავლობაში, ძალიან ბევრი ტკივილიც მქონია და სიხარულიც, თერთმეტი წლის ორსულიც მინახავს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო და 62 წლის ქალიც, რომელიც შვილს საერთოდ არ ელოდა. ექიმს სხვისი გასაჭირის მოსმენაც ხშირად უწევს, ამიტომ, ეს ყველაზე ტკბილ-მწარე პროფესიაა დედამიწის ზურგზე. უკვე სამი თაობის პაციენტები მყავს, ბევრი მათგანი დღემდე არ წყვეტს ჩემთან კონტაქტს, რაც ექიმისთვის დიდი ბედნიერება და სიხარულია.

- ბატონო ლადო, თქვენს პრაქტიკაში თუ იყო განსაკუთრებული შემთხვევები, რომელსაც დღემდე ვერ ივიწყებთ?

- ასეთი შემთხვევა უამრავი მქონია, მაგრამ რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: მყავდა პაციენტი, რომელსაც 3 ბავშვი უნდა გაეჩინა, მაგრამ ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ორი უკვე ცოცხალი აღარ იყო. რა თქმა უნდა, ასეთ დროს პაციენტის გადარჩენაც რთულია და მასზე ზრუნვაც, რადგან საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა. ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დამჭირდა, რომ თავის მდგომარეობას შეგუებოდა და ერთი შვილი მაინც გაეჩინა. კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება: პაციენტი მყავდა, რომელმაც 56 წლის ასაკში იმშობიარა. კაბინეტში ჯერ მეუღლე შემოუძღვა - ჭაღარა, სანდომიანი კაცი, რომელსაც შავებში ჩაცმული ქალი შემოჰყვა. მითხრეს, რომ ორი ქალიშვილი ჰყავდათ - 32 და 28 წლის. ეს ქალბატონი გავსინჯე და თვითონაც გაოცდა, როცა ვუთხარი, ორსულად ხართ-მეთქი. ექოსკოპიის აპარატმა ბავშვის სქესიც აჩვენა - ბიჭი იყო. ეს კაცი მუხლებზე დავარდა, ტირილი დაიწყო და მითხრა: ჩვენი ნაბოლარა ბიჭი აფხაზეთში გაგვეპარა და იქ, ბრძოლის ველზე დაიღუპა. ყოველთვის ათეისტი ვიყავი, ახლა უკვე ღმერთის მწამს და ვიცი, რომ ეს ბავშვი უფლის საჩუქარიაო...

- შეცდომები თუ მოგსვლიათ, როდესაც ახალბედა ექიმი იყავით?

- შეცდომის დაშვების უფლებას ვინ მომცემდა? - ჩემი ხელმძღვანელი ცნობილი ექიმი, პროფესორი მიხეილ გიგინეიშვილი გახლდათ, რომელიც ყველაფერს ზედმიწევნით მიხსნიდა და მასწავლიდა. ყველაზე ტკბილად ის დღეები მახსენდება, როცა მედიცინაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. მაშინ, სამედიცინო ინსტიტუტში მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას ბატონი მიშა ხელმძღვანელობდა. დღედაღამ იქ ვიყავი, დღეში ზოგჯერ 40-45 მშობიარეს ვიღებდით და იმ წლებში ყველაზე დიდი გამოცდილება დამიგროვდა. პარალელურად, სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი, სადაც სოლისტი ვიყავი. ერთხელ, გასვლითი კონცერტი გვქონდა მოსკოვში. რა თქმა უნდა, ანსამბლთან ერთად უნდა წავსულიყავი, მაგრამ კონცერტის დღეს კლინიკაში მორიგე გახლდით. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მოსკოვში ჩავფრენილიყავი, საღამოს კონცერტზე გამოვსულიყავი, მეცეკვა და მერე უკან, თბილისში დავბრუნებულიყავი. მართლაც, ასე მოვიქეცი: მოსკოვში გავფრინდი. საღამოს, ბატონმა მიშამ რომ მომიკითხა, უთხრეს, ლადო შეუძლოდ იყოო. როგორც დაგეგმილი მქონდა, კონცერტზე გამოვედი, მერე თვითმფრინავს გამოვყევი და დილით სამსახურში გამოვცხადდი. ბატონი მიშა იდუმალი სახით შემომიბრუნდა და მითხრა: გუშინ მითხრეს, ეს ჯიბგირი ცუდად არის, კვდებაო... საღამოს, ტელევიზორი ჩავრთე და არ გადმოხტა სცენაზე ქორივითო? - არ გაბრაზებულა, ასეთი, რბილი საყვედური გამომიცხადა ჩემმა გამზრდელმა, რომლისგანაც ბევრი სიკეთე მახსოვს.

- როგორც ვიცი, ექოსკოპიის გადაღება საქართველოში პირველად თქვენმა გუნდმა დაიწყეთ.

- დიახ, 1979 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის კათედრაზე, ულტრადიაგნოსტიკის მეთოდის გამოყენება დავიწყეთ. ასე დაინერგა საქართველოში ექოსკოპიის გამოყენება. მანამდე, ორსულობის დადგენა რომ სურდათ, პაციენტს შარდი უნდა მოეტანა, მერე ამ შარდს ბაყაყს უკეთებდნენ და მის საკვერცხეში მიმდინარე პროცესის მიხედვით ადგენდნენ, პაციენტი ორსულად იყო თუ არა. ულტრაბგერითმა დიაგნოსტიკამ ყველაფერი გააიოლა. მახსოვს, ეს აპარატი უკვე გვაქვს და სამი კვირის ოსრულობასაც მარტივად ვადგენთ. მოვიდა ერთი გოგონა, რომელსაც აინტერესებდა, ფეხმძიმედ იყო თუ არა... ექოსკოპია გადავუღე და მივახარე, ორსულად ხარ-მეთქი. კინაღამ გაგიჟდა: აქ მოსვლამდე ბაყაყმა დაადგინა, რომ ორსულად არ ვარო... ცოცხალი თავით არ მიჯერებდა, ვიდრე არ დავტუქსე - არ გრცხვენია? - ბაყაყს ენდობი და ექიმის სიტყვას არა-მეთქი? - ასეთი უცნაური პაციენტი კიდევ ბევრი მყოლია.

- ყველაზე კარგად დღეს რა გახსენდებათ?

- ყველაზე სასიამოვნო ის წუთებია, როცა ორსულობა დგინდება და პაციენტის გახარებულ სახეს ხედავ, თუმცა, საპირისპირო მოვლენაც ხდება: მინახავს პაციენტები, რომლებიც დიდი მუცლით მოსულან, ეგონათ, რომ მალე შვილს გააჩენდნენ, მაგრამ ეს ცრუ ორსულობა იყო. როცა ქალი ძალიან მოწადინებულია, რომ შვილი ჰყავდეს, ოჯახშიც გამუდმებით ეკითხებიან, ორსულად რატომ არ ხარო, მისი ნერვული სისტემა ზიანდება, სულ ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა დაფეხმძიმდეს. სწორედ ამის ბრალია ე.წ. ცრუ ორსულობაც. მართალია, ამ დროს სიმართლის თქმა ძნელია, მაგრამ მთავარია, ისეთი ფორმა მოძებნო, რომ ადამიანს გული არ ატკინო, ამავე დროს, სწორი დიაგნოზიც არ უნდა დაუმალო. თანამედროვე ექიმებს ორი მეთოდი აქვთ: ან პირდაპირ, დაუფარავად ეუბნებიან ყველაფერს, ამ დროს პირველი შოკი უცებ გაივლის და პაციენტი რეალობას ეგუება, მაგრამ მე ძველი ექიმი ვარ და მეორე მეთოდს ვემხრობი: პაციენტი თანდათან უნდა შეამზადო და მწარე სიმართლე რბილად, ტაქტიანად გაუმხილო... ისეთი შემთხვევაც მქონია, როცა პაციენტი სიმსივნის დიაგნოზით მოსულა და სინამდვილეში, ორსულად ყოფილა, ან - პირიქით. ზოგჯერ ოპერაციას ურჩევდნენ და ექოსკოპიით დადგენილა, რომ არ სჭირდებოდა. საერთოდ, ექიმის და პაციენტის ურთიერთობა რთულია, ამიტომ ბევრი რამ ექიმმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

- დაბოლოს, ნოსტალგია ხომ არ გაქვთ მედიცინის მიმართ?

- რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინასთან დღემდე მჭიდრო კონტაქტი მაქვს: პარლამენტში ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ. ექიმები, პაციენტები, მათი პრობლემები - ეს ჩემი საყვარელი სფეროა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში დიდ დროს ვატარებ, მედიცინა ბოლომდე მაინც არ მეთმობა. იმ ხალხის ნაწილი ცოცხალი აღარ არის, ვინც მასწავლიდა, ვისთან ერთადაც, მედიცინაში ფეხი ავიდგი. ჩვენი თაობა ნამდვილ კორიფეებს მოესწრო. რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო: მიხეილ გიგინეიშვილი, თამარ დეკანოსიძე, არჩილ ასათიანი, გივი ორჯონიკიძე და სხვები... მათი ნაშრომები თუ მათი ლექციები ნამდვილი ხელოვნება იყო. ამ ადამიანების გახსენებაზე, ზოგჯერ ცრემლი მომადგება-ხოლმე... მე უკვე სამი წიგნი მაქვს გამოცემული, იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა მოგონებების წიგნს გამოვცემ და თითოეულ მათგანს გავიხსენებ.

ავტორი: ხათუნა ჩიგოგიძე