ავტორი:

"ტოიოტა ცენტრი თბილისი“ - ტოიოტას  საერთაშორისო საბავშვო კონკურსში, ეროვნულ დონეზე გამარჯვებული 9 კონკურსანტი  იაპონიაში, ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას

"ტოიოტა ცენტრი თბილისი“ - ტოიოტას  საერთაშორისო საბავშვო კონკურსში, ეროვნულ დონეზე გამარჯვებული 9 კონკურსანტი  იაპონიაში, ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას

"ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ტოიოტას ხატვის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსის - "ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Art - ეროვნულ დონეზე გამარჯვებულები გამოავლინა. ცხრა გამარჯვებულ ნახატს, რომელიც საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგად, სპეციალურმა ჟიურიმ სამ ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესოდ აღიარა, "ტოიოტა ცენტრი თბილისი“ იაპონიაში გაგზავნის, სადაც ცხრავე ქართველი ფინალისტი "ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ გლობალურ კონკურსში საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

"ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“, კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, კონკურსის 9 გამარჯვებული სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლინა. I კატეგორია (7 წლის ჩათვლით): I ადგილი - ანდრია ქსოვრელი, II ადგილი - ელენე ღაღანიძე, III ადგილი - ანანო მაისურაძე.

II კატეგორია (8-11 წლის): I ადგილი - სალომე უბილავა, II ადგილი - ნიკოლოზ ქსოვრელი.

III ადგილი - მარიამ მაისურაძე; III კატეგორია (12-15 წლის): I ადგილი - ანა კვარაცხელია, II ადგილი - ეკატერინე მიქაძე, III ადგილი - ანანო კემულარია.

როგორც "ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, ტოიოტას საერთაშორისო ხატვის კონკურსის ორგანიზებით, ტოიოტა მიზანად ისახავს, მომავალი თაობები სამყაროს უკეთესი მომავლის შექმნის იდეის ირგვლივ გააერთიანოს. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ წლევანდელ კონკურსში ეროვნულ დონეზე მონაწილე ბავშვთა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

"ხატვის გლობალური კონკურსით "ტოიოტა“ ცდილობს, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვთა ოცნებებისკენ მიმართოს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ წელს, ტოიოტას საკონკურსო სლოგანს - "დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ - ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები უპრეცედენტოდ ბევრი ბავშვი და მოზარდი გამოეხმაურა. წლევანდელი კონკურსანტების ნამუშევრები მრავალფეროვანი, საინტერესო და გარემოსდაცვითი კონცეფციებით დატვირთული აღმოჩნდა. მათი ოცნების ავტომობილებს ადამიანებისთვის სიხარული და ბედნიერება მოაქვთ. სამ ასაკობრივ კატეგორიაში ცხრა გამარჯვებულის შერჩევა ძალიან გაგვიჭირდა. "ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ცხრავე გამარჯვებულ ნამუშევარს იაპონიაში გაგზავნის, სადაც, ზაფხულში, ტოიოტას ხატვის მე-16 საერთაშორისო კონკურსის ფინალური ტური გაიმართება. ისღა დაგვრჩენია, კონკურსანტებს დიდი წარმატება და გამარჯვება ვუსურვოთ“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

კონკურსის ეროვნულ დონეზე გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე "ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გამარჯვებულ ცხრავე კონკურსანტს სერთიფიკატები, წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის“ სასაჩუქრე ბარათები და ტოიოტას ბრენდირებული აქსესუარები გადასცა.

"ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, ტოიოტას მე-16 საერთაშორისო კონკურსის - "ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Art - საბოლოო შედეგები 2023 წლის ზაფხულში გახდება ცნობილი. ინფორმაცია გამოქვეყნდება Toyota Dream Car Art-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.toyota-dreamcarart.com

(R)