ავტორი:

"აქ აღმოჩენილი ტყვიის მილები მთელი რომაული სამყაროსთვის იშვიათობას წარმოადგენდა" - ნაქალაქარი თბილისთან, ანტიკური პერიოდის ყველაზე დიდი სასახლითა და უიშვიათესი აუზით

"აქ აღმოჩენილი ტყვიის მილები მთელი რომაული სამყაროსთვის იშვიათობას წარმოადგენდა" - ნაქალაქარი თბილისთან, ანტიკური პერიოდის ყველაზე დიდი სასახლითა და უიშვიათესი აუზით

ნაქალაქარი ძალისი თარიღდება ძვ. წ. II - ახ. წ. VIII საუკუნეებით. მოსახლეობა პირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე დასახლებულა. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, გაზრდილი მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად და აქ ვაკეზე დიდი დასახლება წარმოქმნილა, რომელიც, როგორც ჩანს არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა...

გვესაუბრება არქეოლოგი გიორგი ცინაძე:

- თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კმ.ზე, მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე მდებარეობს, საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ბრწყინვალე ძეგლი ძალისის ნაქალაქარი... 1800 წლის წინ ალექსანდრიის ლეგენდარულ ბიბლიოთეკაში მოღვაწეობდა, ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ლეგენდა კლაუდიუს პტოლომე (Claudius Ptolemaeus), ასტრონომი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გეოგრაფი და პოეტი. მის ნაშრომთაგან, გამოირჩევა "გეოგრაფიის სახელმძღვანელო", სადაც პტოლემე იბერიის სამეფოს ქალაქების ჩამოთვლისას, მათ გვერდით იხსენიებს ქალაქ ძალისას (Zalissa). ქალაქ ძალისას დაარსების თარიღად მკვლევარები ძვ.წ. II ს-ეს მიიჩნევენ.

დასახლებამ ახ.წ. VIII ს-მდე იარსება და საბოლოოდ გაანადგურა მურვან იბნ მუჰამემ იბნ მურვანის შემოსევებმა. არსებობის თითქმის 1000 წლოვან ეპოქაში, ქალაქმა აყვავების მწვერვალს მიაღწია ახ.წ. I-IV სს-ში, ამ პერიოდით თარიღდება გამოვლენილი ნაგებობები. ნაქალაქარის საერთო ფართი 70 ჰექტარს აღემატება, მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებული 6-7 ჰა. ფართობის ხელოვნური ბორცვი და იქ არსებული ნაშთი მიიჩნევა დასახლების ციტადელად. როგორც ჩანს, დასახლება თავდაპირველად მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე წარმოიშვა, იქედან დაიწყო გავრცელება მდინარის მარჯვენა ნაპირის ვრცელ ვაკეზე. ძალისა წარმოადგენს განვითარების უმაღლესი საფეხურის ბრწყინვალე ნიმუშს.

ფოტო: Diggers - Archaeologists' Club

ნაგებობები ნაგებია რიყის ქვის საძირკველზე, შემდეგ გამომწვარი აგურით და თლილი ქვით, შელესილობა კირხსნარით და გაჯი, მოპირკეთებულია თლილი ქვით, მოზაიკითა და მოხატულობებით. ნაქალაქარზე გამოვლენილი დიდძალი კრამიტის ნატეხი, ცხადად ადასტურებს, რომ გადახურვა მთლიანად კრამიტია. ქალაქის ყველა შენობა, ფუნქციის მიხედვით უზრუნველყოფილია წყალსადენით, კანალიზაციითა და გათბობის სისტემით. მილგაყვანილობის სისტემა თიხის მილებია, მაგრამ მათთან ერთად აღმოჩენილია ტყვიის მილები, რაც მთელი რომაული სამყაროსთვისაც დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.

გიორგი ცინაძე

- რას გვეტყოდით ძალისში არსებულ სასახლეზე, რომელიც ანტიკური პერიოდის ყველაზე დიდ სასახლედ მიიჩნევა? რა შემორჩა ძველი შენობიდან?

- ანტიკური პერიოდის საქართველოში ყველაზე დიდი 2500 კვ.მ. ფართობის სასახლე შედგება 30-ზე მეტი ოთახისგან, მას აქვს რომაული გეგმარების, სწორკუთხა 8 მ.-ზე მეტი სიგრძის ეზო - ატრიუმი და მის ცენტრში ბორდიურშემოვლებული შადრევნის ოთხკუთხა აუზი, კუთხეებში სვეტებით. მისგან დასავლეთით ტაძარია, რომელშიც ღვთაება უნდა ყოფილიყო აღმართული. სასახლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საძილე ოთახებია, საკუთარი ორგანყოფილებიანი საპირფარეშოთი, წყალსადენით და კანალიზაციით.

შემორჩენილია სასახლის ცენტრში მდებარე გათბობის სისტემის - ჰიპოკაუსტუსის განყოფილება, ასევე 139 კვ.მ. ფართობის ოთახი, რომელშიც განლაგებულია კალორიფერები (ცხელი ჰაერის გენერატორი), თიხის მილებით. ამ სისტემის მეშვეობით თბებოდა სასახლის ოთახები.

გათბობის სისტემის დეტალები

კიდევ ერთი, გამორჩეული ნაგებობაა სასახლის აბანო. რომაული ტიპის, სამგანყოფილებიან (ცხელი, თბილი, ცივი) აბანოს ნახევარწრიული აფსიდები აქვთ ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს, განყოფილებები თანაბარი ზომისაა, ქვის კედლები ორმხრივ შელესილია, ცხელი და თბილი განყოფილებების ქვეშ, ჰიპოკაუსტუსის (გათბობის) სისტემაა მოწყობილი. ცივ აბანოში, იატაკი მოზაიკითაა დაფარული, მასზე გამოსახულია ზღვის ფაუნა, ხოლო კიდეებზე მცენარეული ორნამენტის არშიაა შემოვლებული. ამ აბანოს თბილი განყოფილების იატაკიც მოზაიკითაა დაფარული, რაც იშვიათია. აბანოებს ემიჯნება - გასახდელი (იპოდიტერიუმი), რომლის მთელი იატაკი სიმეტრიული გეომეტრიული გამოსახულებებითაა დაფარული.

ძალისის ქალაქის კიდევ ერთი განსაკუთრებული ნაგებობაა ახ.წ. II-III საუკუნეებით დათარიღებული საცურაო აუზი. მისი ზომები შთამბეჭდავია და საქართველოს მასშტაბით ანალოგი არ აქვს. 33.4 მ. სიგრძისა და 11.5 მ. სიგანის აუზს ოთხივე მხარეს, კედლების ცენტრში ნახევარწრიული აფსიდები აქვს. კედლების სისქე 0.7-1 მ.ია. ამოშენებულია მიწაში, რიყის ქვის კირხსნარზე, მოპირკეთებულია კარგად გათლილი ქვით, ხოლო რიყის ქვასა და მოპირკეთებას შორის სივრცე ამოვსებულია ჰიდრავლიკური ხსნარით. აუზი, ჩრდილოეთ ნაწილში, 9 საფეხუროვანი კიბით უკავშირდება აბანოს, შიგვეა გამართული ქვის მერხები დასასვენებლად და მოწყობილია ტრაპი, რომლითაც აუზი ქვით ნაგებ კანალიზაციის კოლექტორს უკავშირდება. აუზის მომარაგება ხდებოდა დასავლეთიდან, ორი წყალსადენის მეშვეობით.

აუზის ფრაგმენტი

ნაქალაქარის ადმინისტრაციული შენობა - სასახლის სამხრეთით მდებარე აფსიდიანი ნაგებობა, რომელიც შედგება ორი ნახევარწრიული და ერთი სამწახნაგოვანი აფსიდიანი დარბაზის და მათ შორის ოთახებისაგან. ეს სამი დარბაზი, კურიაა - სხდომათა დარბაზები, ხოლო მათ შორის ოთახები კი საკანცელარიო საქმიანობისათვის. დარბაზის კედლებში ვიწრო გამჭოლი თაღებია დატანებული ჰაერის კონდიცირებისთვის.

ძალისას, როგორც ანტიკური პერიოდის სრულყოფილი ქალაქის, მთავარი ატრიბუტია საზოგადოებრივი აბანო. ტუფის დიდი ფილებით მოგებული, ცენტრში შადრევნის მქონე ატრიუმიანი ნაგებობა ახ.წ. II-IV სს-ით თარიღდება. ატრიუმის დასავლეთით იწყება აბანოს ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებები. თბილი და ცხელი აბანოს ქვეშ მოწყობილია გათბობის სისტემა, ხოლო კედლებში, კერამიკული ფილების ქვეშ ვერტიკალურად დატანებულია კერამიკული მილები. ფილებსა და მილებს შორის დატოვებულია 3-4 მმ. სივრცე, რომელშიც ჰაერი მოედინება ოთახების ვენტილაციისათვის.

ნაქალაქარ ძალისას უნიკალურობა, პირველ რიგში, გამოვლენილ ნაგებობათა იატაკზე შემორჩენილი სხვადასხვა ორმანენტის, გამოსახულების, ოსტატობის უმაღლესი საფეხურით შესრულებული მოზაიკაა. გამოსახულებები და თემატიკა ბერძნულ-რომაული სამყაროა, ისევე როგორც ნაგებობების არქიტექტურა და დასახლების გეგმარება. გამოვლენილ არტეფაქტთაგან აღსანიშნავია - სარკმლის და ჭურჭლის ფერადი მინის ნაშთები, რკინის სახნისი, უზანგები, ირანის კანცელარიის გზავნილების თიხის სამი ბულა, მთის ბროლისა და ამეთვისტოს სხვადასხვა ზომის საბეჭდავის ფორმის დამუშავებული ცალები და ასეთივე მწვანე მინის ნივთები.

ფოტოები: ვიკიპედია