ავტორი:

"ამ წყნარმა ბიჭმა პირდაპირ მითხრა, მანანა, მომწონხარ და დაფიქრდიო" - სიმღერით დაწყებული 41-წლიანი სიყვარულის ამბავი და წყვილი, რომელიც ერთ დღეში გახდა პოპულარული

"ამ წყნარმა ბიჭმა პირდაპირ მითხრა, მანანა, მომწონხარ და დაფიქრდიო" - სიმღერით დაწყებული 41-წლიანი სიყვარულის ამბავი და წყვილი, რომელიც ერთ დღეში გახდა პოპულარული

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", ჩემი ერთ-ერთი მეგობრის გვერდზე უცნობი ქალბატონისა და მამაკაცის შესანიშნავი დუეტი მოვისმინე, მართლაც პროფესიულად და კულტურულად ნამღერი ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა - "ჩემი ოცნების ცაზე დაფრინავ". დავუკავშირდი ბატონ მალხაზ ხაჩიძეს და ასე მოვისმინე სიმღერით დაწყებული და სიმღერით სავსე 41-წლიანი დიდი სიყვარულის ამბავიც, რომელსაც ახლა გიზიარებთ და ვფიქრობ, თქვენც ძალიან ისიამოვნებთ.

ჩემმა რესპოდენტმა მამაკაცმა საუბრის დასაწყისშივე მითხრა, მალხაზი პასპორტით მქვია, მაგრამ ყველა გიათი მიცნობსო, და გასაგები იყო, რომ გიას ამჯობინებდა.

გია (მალხაზ) ხაჩიძე:

- მართალია, მეც და ჩემი მეუღლეც სცენაზე ვმღეროდით, კონცერტებში ვმონაწილეობდით, მაგრამ მე განათლებით პროფესიონალი მუსიკოსი არ ვარ, უფრო მოყვარული მუსიკოსი მქვია. სურამში ვცხოვრობდი და იქვე მხოლოდ მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, ფორტეპიანოს კლასი. მე და ჩემს ტყუპისცალ ძმას სიმღერა ძალიან გვიყვარდა და საკონცერტო სცენაზეც ერთად გამოვდიოდით, რაიონის ოლიმპიადებშიც ვმონაწილეობდით. დედა ისტორიის მასწავლებელი გვყავდა, მარტო გვზრდიდა და ყველანაირად ხელს გვიწყობდა, ჩვენი საქმის პროფესიონალები რომ გამოვსულიყავით. კარგადაც გაგვზარდა, მოკრძალებულები ვიყავით და მადლობა ღმერთს, კარგ გზას დავადექით. სკოლის დამთავრების შემდეგ, რაღაც-რაღაცების გამო, გორის ინსტიტუტში ვერ მოვხვდით და თბილისში წამოვედით. 1977 წელს ჩავაბარეთ ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში, სადაც პატარა ანსამბლი ჰყავდათ და ჩვენც მათ შევუერთდით.

ანსამბლს „ფიროსმანი“ ერქვა და სულ ვაჟები ვიყავით. ხალხურ სიმღერებსაც ვასრულებდით, ქალაქურსაც, საესტრადოსაც და ინსტრუმენტული ნომრებიც გვქონდა. ბევრ ღონისძიებაში ვმონაწილეობდით, ბევრი ჩვენნაირი ახალგაზრდაც გავიცანით და დავიმეგობრეთ. შემდეგ ერთ-ერთ ხელმძღვანელს მოვეწონეთ და მისი რჩევით, პროფტექგანათლების სისტემაში გავერთიანდით, რეპეტიციებიც გვქონდა და კარგი გამოსვლებიც. სიმღერით რამდენჯერმე მოვიარეთ ბალტიისპირეთის ქვეყნები, კიევი. მე და ჩემი ტყუპისცალი, სურამიდან წასული ბიჭები, საზღვარგარეთ, ჩეხოსლოვაკიაშიც კი მოვხვდით - ანსამბლმა ორი კონცერტი ჩავატარეთ, მოკლედ, ფრთები გავშალეთ. რამდენჯერმე რუსეთშიც გვქონდა კონცერტები, მოსკოვში, „ვედეენხაზეც“ გამოვედით. ბოლოს კი, უკვე მანანა რომ შევირთე ცოლად, დუეტით დავაგვირგვინეთ - დიდ საკონცერტო დარბაზ „როსიაშიც“ ვიმღერეთ, მოსკოვში, გეოლოგის დღეს მოწყობილ გრანდიოზულ გალაკონცერტზე და ეს საბჭოთა კავშირის დროს ძალიან დიდ მიღწევად მიიჩნეოდა.

"ფიროსმანი"

- რადგან დუეტამდე მივედით, დროა, საუბარს ქალბატონი მანანაც შემოუერთდეს და თავისი ამბავიც გვითხრას - როგორ მოვიდა... თქვენამდე?

მანანა ხაჩიძე:

- მე მუხრანიდან ვარ, ახლა სადაც ვცხოვრობთ მე და გია, ეს ჩემი მშობლების სახლია, მაგრამ ერთხანს რუსთავში, დეიდასთან ვცხოვრობდი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელიც იქ დავამთავრე, თანაც - ძალიან წარმატებით, სპეციალობით საოპერო მომღერალი ვარ და კონსერვატორიის სტუდენტობის კანდიდატი ვიყავი. სასწავლებლის სახელმწიფო გამოცდა რომ ჩავაბარე, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვიმღერე, ბატონი ნოდარ ანდღულაძე იყო ჩამოსული და ძალიან მოვეწონე. დარწმუნებული ვარ, კონსერვატორიაშიც ჩავირიცხებოდი, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში დავინიშნე ჩემს გიაზე და... კონსერვატორიამდე ვეღარ მივაღწიე (იცინის).

- ნიშნობამდე კი, ფაქტია, გაცნობა იყო... სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- მაშინ გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლში ვმღეროდი, „საქართველო 80“ ერქვა და ნანა კიკნაძე ხელმძღვანელობდა, სამწუხაროდ, ამ ცოტა ხნის წინ დაგვეღუპა ნანა. იმ ანსამბლში 14 გოგონა ვიყავით. მახსოვს, მოსკოვის დელეგაცია ჩამოდიოდა კახეთში, რთველში უნდა წავსულიყავით და კონცერტით შევხვედროდით სტუმრებს. ჩვენი ანსამბლი პროფტექნიკური სასწავლებლის სახელით გამოდიოდა, სხვა შემსრულებლებიც ჩამოვიდნენ და მათ შორის იყო გიას ანსამბლი "ფიროსმანი". თითოეულს საკუთარი პროგრამა გვქონდა, მაგრამ როდესაც კონცერტის რეჟისორმა ყველაფერი მოისმინა, მე და გიას შემოგვთავაზა, რევაზ ლაღიძის "თბილისო“ დუეტში იმღერეთო - მე ჩემს ანსამბლში ვიყავი სოლისტი და გია თავის ტყუპისცალთან ერთად - თავის ანსამბლში. ცხადია, იმ დღემდე მე და გია ერთმანეთს არ ვიცნობდით, მით უფრო - ერთად არასდროს გვიმღერია. სიმღერა ორკესტრის თანხლებით უნდა შეგვესრულებინა (სხვათა შორის, არც მანამდე და არც შემდეგ მე და გიას ე.წ. პლუს ფონოგრამაზე არ გვიმღერია და, ალბათ, ხმაც ამ სახით იმიტომ შევინარჩუნეთ). ურთიერთსიმპათიაც სწორედ იქ ჩაისახა, ენისელის კულტურის სახლში შესრულებული დუეტით. დუეტი კი მართლაც ძალიან ლამაზი გამოგვივიდა, ჩვენი ხმებიც საუკეთესოდ შეერწყა ერთმანეთს და, ფაქტია - არა მარტო ხმები. მართლაც ბედისწერა იყო, ჩვენი ანსამბლის ამდენ საუკეთესო გოგონაში გიამ სწორედ მე რომ გამომარჩია. ეს იყო 1982 წლის მარტი ან აპრილი, რადგან იმავე წლის ივნისში უკვე ჩვენი ნიშნობაც შედგა.

გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი "საქართველო 80"

- ძალიან სწრაფად კი განვითარებულა მოვლენები, ალბათ, ბატონმა გიამ იყოჩაღა...

- კახეთში სამი დღე დავყავით და ჩვენი გოგონები და გიას ანსამბლის 6 ვაჟი ძალიან დავმეგობრდით, შემდეგ მე რუსთავში დავბრუნდი, გია თბილისში წავიდა. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც სიყვარულზე მიფიქრია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გიამ იფიქრა (იცინის). მალევე ავად გავხდი და ჩვენი ანსამბლის რეპეტიციებს ვეღარ ვესწრებოდი, არადა, სწორედ მაშინ, კახეთის ამბებიდან 10 დღეში, ჩემს სანახავად თბილისიდან რუსთავში გია და მისი ტყუპისცალი თამაზი ჩამოსულან. რომ ვერ მნახეს, წერილი დამიტოვეს: „მანანა, ძალიან გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. თამაზ და გია ხაჩიძეები“. როგორ უნდა დავეჭვებულიყავი? ანსამბლის ხელმძღვანელმა ნანა კიკნაძემ შინ დამირეკა, კი მაგრამ, რა უთხარი ან რა გააკეთე ისეთი, რომ ჩამოგაკითხეს, რატომ მოგწერეს შენ და არა - სხვებსო? თან დააყოლა, ჩემ გარეშე ფეხს ვერსად გაადგამო, რადგან ნანა გოგონებს დედასავით გვყავდა, მე კი მხოლოდ 21 წლის ვიყავი. არადა, მართლა არ მქონდა წარმოდგენა, რა ხდებოდა, რაკი ორივე მწერდა, ვიფიქრე, რაღაც საქმე ჰქონდათ. მოკლედ, ჩამოვედით მე და ნანა თბილისში, მივედით ტექნიკური სასწავლებლების სამინისტროში და ვხედავთ, იქვე, კიბეებზე მხოლოდ გია დგას. ჩემი ხელმძღვანელი სამინისტროში შევიდა, მე კი დამიბარა, ერთი, გაიგე, გიას რა უნდაო. ზოგადად, თამაზი უფრო თამამი, აქტიური იყო, გია კი - ძალიან უთქმელი და... ამ წყნარმა ბიჭმა კიბეებთან პირდაპირვე მითხრა, მანანა, ძალიან მომწონხარ და დაფიქრდიო. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო.

გია ხაჩიძე:

- მანანა დუეტზე რეპეტიციების პერიოდშივე მომეწონა, მერე ყველანი ერთად ვიყავით სადილად, მანანა ჩემი ძმის გვერდით იჯდა, მე - ცოტა მოშორებით. იქვე ბევრ რამეზე საუბრობდნენ, მათ შორის - ვინ იყო გათხოვილ-გასათხოვარი ან დასაქორწინებელი. მათი საუბარი ნაწილობრივ მეც მესმოდა. მახსოვს, მათკენ რომ გავიხედე, უცებ მანანას მზერას წავაწყდი და რაღაც ვიგრძენი... ამას მოჰყვა რუსთავში ჩასვლა და წერილი.

- ელოდით, რომ თბილისში ჩამოვიდოდა?

- მაინც და მაინც დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ... იმ წერილში ჩემი სამსახურის ნომერიც ჩავწერე, მაშინ 25 წლის ვიყავი და ტექნიკუმში ლაბორანტად ვმუშაობდი. მანანამ სწორედ იქ მომაწვდინა ხმა. მერე ხან ის მირეკავდა, ხან მე ვურეკავდი, მანანა თბილისშიც ჩამოდიოდა და ერთმანეთსაც ვხვდებოდით, თეატრსა და კინოში დავდიოდით. სიმართლე გითხრათ, ბევრი სიყვარულის ახსნა არ დამჭირვებია, არც შემოვლითი საუბრები, ისედაც ყველაფერი გარკვეული იყო. პირდაპირ ვუთხარი, რომ მიყვარდა და მინდოდა, ცოლად შემერთო და მისგან დასტურიც მივიღე. მერე მანანას თხოვნით მუხრანშიც ვიყავი, მის მშობლებთან, მომდევნო დღეს კვლავ ვნახე მანანა და ერთმანეთს გამოვკითხეთ, მე რა შთაბეჭდილება დამრჩა მის ოჯახზე და მის მშობლებს - ჩემზე. ამის შემდეგ მანანას მშობლები სურამში წავიდნენ, დედაჩემთან, ნახეს სად ვცხოვრობდი, ვინ ვიყავი, რა ნათესაობა მყავდა და ყველა კმაყოფილი დარჩა, ჩემზე უთქვამთ, კარგი ბიჭი ყოფილაო. ასე ხდებოდა მაშინ (იცინის). მანანა კი მოგვიანებით გავაცანი დედას. ფაქტობრივად, მალევე დავოჯახდით, სამი შვილი გაგვიჩნდა.

(დღეს უკვე შვილივილებიც გვყავს), პარალელურად კი, მე ტექნიკუმი რომ დავასრულე, მასწავლებლად უნდა გადავსულიყავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აუცილებლად უმაღლესი განათლება უნდა მქონოდა, ამიტომ მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩავაბარე, დაუსწრებელ განყოფილებაზე და 2 კურსი დავხურე. მერე, 1990-იანების დასაწყისში, საქართველოში ვითარება რომ აირია, თბილისში, სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გეოგრაფიის ფაკულტეტზე გადმოვედი, მანანაც იმავე ინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ 9 წლის განმავლობაში იქვე პედაგოგად მუშაობდა, ამას მანანას მუხრანის კულტურის სახლის დირექტორობა მოჰყვა, შემდეგ მცხეთის რაიონის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანების გენერალური დირექტორი იყო, ახლა კი მუხრანთან ახლოს, პატარა ქანდის სკოლაში ბავშვებთან მუშაობს.

- დუეტი მხოლოდ საოჯახო დუეტად დარჩა თუ სცენაზეც გამოდიოდით?

- როდესაც ჩვენი „ფიროსმანი“ საგასტროლოდ მიდიოდა, მანანაც ყველგან გვახლდა, როგორც ანსამბლის წევრი და, შესაბამისად, დუეტითაც გამოვდიოდით მაყურებლის წინაშე. რეპერტუარიც მრავალფეროვანი გვქონდა, ხალხურსაც ვმღეროდით და საესტრადოსაც. სხვათა შორის, ტრიოც გვქონდა - მე, მანანა და ჩემი ძმა ვმღეროდით.

- რომელია დუეტის რჩეული სიმღერა, სადაც განსაკუთრებულ სულიერ კავშირს გრძნობთ პარტნიორთან, სადაც ყველაზე მეტად ხართ შეხმატკბილებული?

- მოსკოვის „როსიაში“ ვიმღერეთ „ივერიის“ რეპერტუარიდან ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა „ანგელოზად მოხვალ, როცა ღამდება...“ (მღერის). გამოსვლაც ძალიან დასამახსოვრებელი იყო და სიმღერაც განსაკუთრებულად მიყვარს. რეპერტუარში კი ბევრი ლამაზი სიმღერა გვქონდა - „გაზაფხული შემოსულა, ლენ“ და კიდევ მრავალი - სულ სიყვარულზე.

მანანა ხაჩიძე:

- ჩემთვის კი ყველაზე ძვირფასი სწორედ ის სიმღერაა, რომლითაც თქვენ და „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა გაგვიცანით - სოციალურ ქსელში გავრცელებული დუეტი - ალექსანდრე ბასილაიას „ჩემი ოცნების ცაზე დაფრინავ“, თორემ ბასილაიას და სხვა კომპოზიტორების ბევრ სიმღერას ვასრულებდით და ბევრიც მიყვარს, მაგრამ ეს მაინც სულ სხვაა!

ავტორი: ირმა ხარშილაძე