ავტორი:

სკანდალი ქართველ რეჟისორებს შორის: ნინო შაბურიშვილის ინფორმაციით, თინათინ ყაჯრიშვილის წერილის შემდეგ, ბიენალემ ფილმის გადასაღებად გამოყოფილი გრანტი შეუჩერა

სკანდალი ქართველ რეჟისორებს შორის: ნინო შაბურიშვილის ინფორმაციით, თინათინ ყაჯრიშვილის წერილის შემდეგ, ბიენალემ ფილმის გადასაღებად გამოყოფილი გრანტი შეუჩერა

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველმა რეჟისორმა ნინო შაბურიშვილმა ვენეციის ბიენალეს პროექტის Biennale College Cinema-ს დაფინანსება მიიღო ფილმის გადასაღებად. "სიჩუმის ქაოსი" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის პროდიუსერიც თინათინ ყაჯრიშვილი იქნება. თუმცა როგორც აღმოჩნდა ცოტა ხნის წინ ბიენალემ გრანტის გამოყოფა და პროექტის დაფინანსება შეაჩერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით რეჟისორი ნინო შაბურიშვილი ინფორმაციას თავად ავრცელებს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან თინათინ ყაჯრიშვილი დგას, რომელმაც შურისძიების მიზნით პროექტის ჩაშლა მოინდომა.

"ძვირფასო საზოგადოებავ, როგორც იცით ამჟამად ვემზადებოდი ჩემი სადებიუტო ფილმის “სიჩუმის ქაოსის” გადასაღებად, რომლის დაფინანსებაც ვენეციის ბიენალეზე მოვიგე. სამწუხაროდ, ჩემმა უკვე ყოფილმა პროდიუსერმა თინათინ ყაჯრიშვილმა გადაწყვიტა შურისძიების მიზნით პროექტი ჩაეშალა, წერილობით გაუგზავნა ბიენალეს მხარეს პროექტში მონაწილეობაზე უარი და გრანტის შეჩერება მოითხოვა, რაზეც ბიენალეს მხრიდან ჯერ პროექტის გადარჩენის მცდელობები შემდეგ კი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოყვა.

მინდოდა დამშვიდებულზე დამეწერა იმის შესახებ, თუ რა უსამართლობის გადატანა მიწევს უკვე მერამდენე თვეა. დღევანდელი მოცემულობითაც კი თინათინისთვის ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ მიკადრებია, მაშინ როცა მისი მხრიდან შეურაცხყოფას და აგრესიას მიჩვეული ვიყავი, მაგრამ საქმეში უკვე ერთად ვიყავით და მოთმინება მიწევდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის ბიენალეზე თინათინი ყოველ წელს აგზავნიდა სხვადასხვა პროექტს მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ წელს ჩემი სცენარით შეძლო საქართველომ კონკურსში მოხვედრა. ამ ამბავმა ძალიან შეცვალა ეს ადამიანი, თითქოს არ აღმოჩნდა ემოციურად მზად, რომ ყოფილიყო სხვისი პროდიუსერი მაშინ როცა თავად არის რეჟისორი. ჩემთვის ცნობილია, რომ მისი ბოლო ფილმი პრემიერას უკვე დიდი ხანია ელოდება; იმის გათვალისწინებით თუ რამდენი ადამიანი ყავს გადამტერებული როგორც ჩანს არათუ ა კლასის ფესტივალზე, არამედ საკუთარ ქვეყანაშიც ვერ მოახერხა ამ ფილმის ჩვენება.

ვენეციაში ყოფნის დროს თინათინი ისე იქცეოდა, თითქოს მისი პირადი მომსახურე პერსონალი ვიყავი და არა პროექტის ავტორი! ორჯერ მომიწყო აგრესიული თავდასხმა, ერთ-ერთი პიჩინგამდე რამდენიმე წუთით ადრე. მაძალებდა, რომ მომეტყუებინა თითქოს თინათინი იყო ყოფილი აქტივისტი პარლამენტთან მომხდარი ტექნო რევოლუციისა და სურდა ამ კადრების ფილმში გამოყენება, რაზეც უარი ვუთხარი რადგან სხვა რომ არაფერი ვთქვა ეს სცენარის დრამატურგიას მირღვევდა და არ მიმაჩნდა სწორად ამ თემით სპეკულირება და საკუთარ პრე ისტორიად გამოყენება, როცა მას საერთო არაფერი ჰქონდა ამ ამბავთან.

გრანტის მოგების შესახებ ნოემბრის ბოლოს შევიტყვეთ და დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო მოსამზადებელი სამუშაოები. ბიენალეს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო 20 თებერვალს. როგორც აღმოჩნდა თინათინის კომპანიას ანგარიშზე არ აღმოაჩნდა 500 ევროს ოდენობის თანხაც კი, რომ ლოკაციების შერჩევა მაინც დაგვეწყო. თინათინმა მომთხოვა კასტინგის ნაცვლად თეატრებში მეარა სპექტაკლებზე და ისე შემერჩია მსახიობები. ყველაფერი მაშინ გამწვავდა, როდესაც დავიწყე მსახიობების შერჩევა. თინათინი მიკრძალავდა მთავარ როლზე გიორგი ხურცილავას დამტკიცებას, რასაც შევეწინააღმდეგე და აქ დაიწყო თინათინის მხრიდან მუქარები. ამის შემდეგ ის შეგნებულად აჩერებდა მოსამზადებელ სამუშაოებს.

პროექტზე ბლოკავდა ნატალია ჯუღელს, ირაკლი კვირიკაძეს, ანასტასია ჭანტურაიას, გოგა დევდარიანს, ილია ბაკურაძეს. ეს ზღვაში წვეთია! სხვა ნახსენებ ახალგაზრდა კინო პროფესიონალებს მოიხსენიებდა როგორც დორბლიანებს. მას ყველაფერი უნდოდა ეკონტროლებინა, მათ შორის ჩემი როგორც რეჟისორის ხედვა! როგორც ჩანს თინათინს ჩემი გონებრივი მონაცემები და კომუნიკაბელურობა არ ჰქონდა სათანადოდ შეფასებული და ძალიან გაკვირვებული დარჩა, რომ ყველაფერს არ ვიჯერებდი რასაც თავს მახვევდა. მაგალითად თითქოს არტისტის მხრიდან ფილმისთვის მუსიკის ჩუქების შემთხვებაშიც კი კომპანიას 2000 ლარი უნდა გადაეხადა რაღაც ინსტანციისთვის, რათა მუსიკის გამოყენება შეგვძლებოდა!

თინათინი ღიზიანდებოდა ჩემი ბედნიერი მზადებით და წინდახედულობით, ის მარწმუნებდა, რომ აპრილში ფილმის გადასაღებად, საკმარისია მარტის თვე როგორც მოსამზადებელი პერიოდი, დამცინავად მიმეორებდა რომ სამი თვით ადრე ბეტმენისთვის არ ემზადებიანო და ფაქტიურად მიბიძგებდა რომ საქმე არ მეკეთებინა. ის შეგნებულად არ იწყებდა კასტინგს და სკაუტინგს, არ არჩევდა სამუშაო ჯგუფს, ამიტომ თავად მიწევდა ყველაფრის კეთება. სამჯერ გამოვიჭირე ტყუილში რითაც ცდილობდა ბიუჯეტის გაბერვას. ამის შემდეგ მე კორექტულად მივანიშნე, რომ კონტრაქტით მოთხოვნილი გამჭვირვალეობა გაეთვალისწინებინა, როგორც კი გრანტი ჩაირიცხებოდა. როგორც ჩანს ამის მოსმენის შემდეგ თინათინისთვის ეს პროექტი აღარც ფინანსურად აღარ იყო უკვე მიმზიდველი, ამიტომ ბიენალეს წერილობით მიმართა და პროექტი გააჩერა.

საქმე იმაშია, რომ ვენეციის ბიენალეს მიაჩნია, რომ პროექტის გაგრძელება შეუძლებელია თუ გუნდიდან ერთი მხარე უარს ამბობს მონაწილეობაზე. ამიტომ იძულებულები გახდნენ გრანტის გამოყოფა გააჩერონ. თინათინის წერილმა შოკში ჩააგდო ბიენალეს წარმომადგენლობა, რომელიც მადლიერების გამოხატვის ნაცვლად იძულებული გახდა ამ არა პროფესიონალის ძახილის ნიშნებიანი ემოციები წაეკითხა. მათ სცადეს პროექტის გადარჩენა, განგვიმარტეს რომ რომელიმეს მონაწილეობის გამოთიშვის შემთხვევაში პროექტი ჩაიშლებოდა, მეც ვთხოვე თინათინს ლაინ პროდიუსერის ჩარევა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, თინათინმა ბოროტება აირჩია და პროექტი ჩაშალა.

კიდევ ბევრი დეტალია მოსაყოლად მნიშვნელოვანი მაგრამ ძალიან გამიგრძელდება. მინდა ყველამ გაიგოს, თუ როგორ გადაწყვიტა ამ ერთი ადამიანის ეგომ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საკითხი ამ ევროპის ყველაზე კულტურულ ღინისძიებაზე. ნახევარი მილიონი ლარი, რომელიც ქართველ კინო სფეროში მოღვაწე ხალხზე უნდა დახარჯულიყო უარი ვთქვით. ნუთუ ამხელა ფუფუნების უფლება გვაქვს? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, თუ როგორი რთულია დაწყებული ფილმის შუა გზაში მიტოვება. ვენეციის კინო ფესტივალზე მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და მე ეს ოცნება ამიხდა, უბრალოდ ახდენილი ოცნების ჰაერში გაქრობაც შეიძლება თურმე და ეს მხოლოდ ყაჯრიშვილს გამოსდის" - წერს ნინო შაბურიშვილი.