ავტორი:

"ალექსანდრეს ჩემი მოკვლა უნდოდა იმ ქონების გამო, რომლის დატოვებასაც მისი ნახევარძმისთვის ვაპირებდი" - ვრცელდება ქალის ჩვენება, რომლის მკვლელობას შვილიშვილი უკვეთავდა

"ალექსანდრეს ჩემი მოკვლა უნდოდა იმ ქონების გამო, რომლის დატოვებასაც მისი ნახევარძმისთვის ვაპირებდი" - ვრცელდება ქალის ჩვენება, რომლის მკვლელობას შვილიშვილი უკვეთავდა

"რუსთავი 2" ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული საქმის დაზარალებულის ჩვენებას აქვეყნებს. საუბარია ქალზე, რომლის მკვლელობა, გამოძიების ინფორმაციით, შვილიშვილმა დაუკვეთა. პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი მანამდე დააკავა, სანამ საქმეს სისრულეში მოიყვანდა.

ჩვენებით ირკვევა, რომ ალექსანდრე საყვარელიძე ბებიისგან დიდი ოდენობის თანხას სესხულობდა, უკან კი არ აბრუნებდა.

"მარტში, 10 000 აშშ დოლარი ისესხა 1 თვის ვადით, მაგრამ აღარ დაუბრუნებია. მე მის უპასუხისმგებლობაზე და ჩემს მიმართ ასეთ უსამართლო დამოკიდებულებაზე გავბრაზდი და მივწერე, რომ მას ბებია აღარ ჰყავდა. აღნიშნულზე ალექსანდრეს ჩემთვის არც უპასუხია, არც უცდია ბოდიში მოეხადა და არც კონტაქტზე გამოსულა. მე იმდენად გავბრაზდი ალექსანდრეს საქციელზე, მით უმეტეს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ, რომ ჩემს შვილს, ილონას ვუთხარი, რომ როცა გარდავიცვლებოდი, ჩემს ქონებას ანდერძით დავუტოვებდი ვალერიან ჯიქიას და არა ალექსანდრე საყვარელიძეს...

2022 წლის მარტის თვის შემდეგ ალექსანდრეს და მე არანაირი, არც პირადი და არც მიმოწერით კონტაქტი არ გვქონია. ჩემი აზრით, ალექსანდრეს ჩემი მოკვლა უნდოდა იმ ქონების გამო, რომელიც მე მაქვს დაგროვილი და რომლის დატოვებასაც მისი ნახევარძმისთვის ვაპირებდი. ასევე მას ჰქონდა მატერიალური პრობლემები და ალბათ, ფიქრობდა, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ რაიმე ფინანსურ სარგებელს მიიღებდა. მე და ალექსანდრეს გვქონია გარკვეული კონფლიქტები ყოფით ნიადაგზე, თუმცა არა ისეთი, რომ ალექსანდრე ან დამმუქრებოდა ან ეთქვა რაიმე ისეთი, რაც შიშს გამიჩენდა და დისტანციის დაცვას მაფიქრებინებდა," - ნათქვამია ჩვენებაში, რომელსაც ტელეკომპანია ავრცელებს.

  • ცნობისთვის, პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი 28 იანვარს დააკავა. არსებული ინფორმაციით, თანხა, რომელიც შვილიშვილმა მდიდარი ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა. 70 ათასი ლარი 26 წლის კაცმა ოჯახის წევრს რამდენიმე დღის წინ სთხოვა.

შვილიშვილის მიერ დაქირავებული მკვლელი სამიზნე ობიექტს ვაკეში, "აქსისის" მიმდებარე ტერიტორიაზე უთვალთვალებდა (საცხოვრებელ ადგილას). ბეწვზე გადარჩენილი თბილისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი ვალენტინა საყვარელიძეა. შვილიშვილი კი, რომელიც ბებიის მკვლელობის შეკვეთაშია ბრალდებული, ალექსანდრე საყვარელიძეა.