ავტორი:

"დედა ხარ და მიხედე" - ეს სიტყვები ყველა კაცმა უნდა ამოიღოს ლექსიკონიდან" - მამების გაზრდილი როლი შვილების აღზრდაში: როგორია სტატისტიკა თანამედროვე საქართველოში?

"დედა ხარ და მიხედე" - ეს სიტყვები ყველა კაცმა უნდა ამოიღოს ლექსიკონიდან" - მამების გაზრდილი როლი შვილების აღზრდაში: როგორია სტატისტიკა თანამედროვე საქართველოში?

წლებია რაც ფსიქოლოგები ბავშვთა აღზრდაში მამის როლს სწავლობენ. ტარდება სხვადასხვა ტიპის კვლევები, რათა საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამის მონაწილეობა შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბოლო კვლევებით, ბავშვები, რომელთა გაზრდაში მამის წვლილი დიდია, უფრო თავდაჯერებულები და ემოციურად სტაბილურები არიან. ასეთ ბავშვებს სკოლაში აქვთ უკეთესი აკადემიური მოსწრება და სოციალური უნარები.

საქართველოში იშვიათი გამონაკლისის გარდა, მამები ყოველთვის ნაკლებად იყვნენ შვილის აღზრდაში ჩართულები. შვილები დიდწილად დედებს დაჰყავდათ ექიმთან, სკოლაში, წრეებზე... საჭიროების შემთხვევაში საავამდყოფოში მოხვედრილ არასრულწლოვანთან დღემდე დედა რჩება ღამის გასათენებლად. თუმცა ბოლო წლებში ეს მიდგომა ნელ-ნელა იცვლება. დილას სკოლისა და ბაღის სიახლოვეს თუ გაივლით, ნახავთ, რომ უამრავი მამა მოჰყვება მცირეწლოვან შვილებს სასკოლო ჩანთით ხელში. ქვეყანაში შვილის გაზრდაში მამის ჩართულობის წილი რომ გაიზარდა, ამის მაგალითია საიტი mshoblebi.ge, რომელიც წლებია ინტერნეტსივრცეში მშობლებისთვის საინტერესო კონტენტს ქმნის.

საიტის რედაქტორი შორენა ბურდილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საიტზე შემომსვლელ მამაკაცთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 40%-მდე გაიზარდა.

"ეს ზრდა ნახტომისებური არ ყოფილა. მამაკაცთა აუდიტორიის წილი Mshoblebi-ge-ს მკითხველებს შორის თანდათან, წლებთან ერთად გაიზარდა. როცა საიტი შეიქმნა, 2014 წელს, მაშინ მამაკაცთა აუდიტორიის წილი 10 პროცენტს არ აღემატებოდა" - ამბობს შორენა.

  1. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საიტზე მამრობითი სქესის წილის ზრდა 2018 წლიდან დაიწყო და ყველაზე სწრაფი ტემპით პანდემიის პერიოდში გაიზარდა. Mshoblebi.ge საქართველოში პირველი საიტია, რომელმაც მსგავს თემებზე წერა დაიწყო და საბედნიეროდ, მათი აუდიტორიის 40% დღეს უკვე მამაკაცია.

სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის უცხო არ არის დედებისა, ქალებისთვის შექმნილი ჯგუფები, სადაც ათასობით ქალია გაწევრებული. ისინი წერენ ყოველდღიურ პრობლემებზე, რომელიც ბავშვის აღზრდას მოსდევს, ორსულობაზე, ვირუსებზე... ასეთ ჯგუფებში მამაკაცები ჯერჯერობით არ ჩანან. ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ ხშირად ქალები საკმაოდ პირად და სენსიტიურ თემებზეც წერენ. შორენა ამბობს, რომ დედების ჯგუფებში კაცების მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია.

"ბოლო დროს აღარ მიაჩნიათ "გმირობად" მამის მიერ ბავშვის მოვლა, გამოცვლა, ბანაობა, ექიმთან თუ დაბადების დღეზე წაყვანა. თანდათან მეტი მომავალი მამა ესწრება მშობიარობის პროცესს და დეკრეტში გასული მამებიც გვყავს. ბევრ ცნობილ ადამიანს ვხედავთ, რომ ძალიან აქტიურად არის ჩართული შვილის მოვლისა თუ აღზრდის პროცესში. იდეალურ ბალანსამდე ალბათ მაინც ბევრი გვიკლია, რადგან დღესაც ბევრი ოჯახია, სადაც ბავშვების მოვლა-აღზრდა კვლავ მხოლოდ ქალის მოვალეობად ითვლება, თუმცა ფაქტია, ტენდენცია იცვლება და უკვე მამებიც ხშირად ინტერესდებიან იმ თემებით, პროდუქტებითა თუ მომსახურებით, რაც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.“

საიტზე Mshoblebi.ge-ზე დიდი ხანია არსებობს კატეგორია "მამა“, სადაც ბევრ აქტიურ და სამაგალითო მამაზე წერენ. რედაქტორის თქმით, ამ სტატიებს მკითხველიც ბევრი ჰყავს.

გიორგი ლორია საიტ kvirispalitra.ge-ს რედაქტორია. რამდენიმე თვეა, რაც მამა გახდა და ამბობს, რომ ამ როლის მოსარგებად ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე ემზადებოდა. ჩვენი რესპონდენტი მამებისთვის განსაკუთრებულად მძიმე მაინც შვილის ავადობის პერიოდია. ამ დროს ემოციური ფონი იმატებს, რისი გაკონტროლებაც ხშირად შეუძლებელია...

- ჩემი შვილი 9 თვის სრულდება. ვიდრე დაიბადებოდა, მზადება მაშინ დავიწყე. ჩამოვტვირთე რამდენიმე ელ. წიგნი, ვეცნობოდი სხვადასხვა სტატიას. რეალურად, ახალბედა მშობლისთვის, მნიშვნელოვანია, მოემზადო ფსიქოლოგიურად. ვგულისხმობ, იმას, რომ ბავშვის დაბადებისთანავე იწყება უძილო ღამეები, ჩვილი ტირის, ვერ ხვდები რა აწუხებს ან/და სურს... თუ წინასწარ არ ხარ კარგად შემზადებული, მენტალურად გაძლიერებული, ბევრ კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, რაც აჩენს დაბნეულობის, გაურკვევლობის განცდას.

მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, აღზრდის პროცესში უმეტესად ჩვენ ვიყოთ ჩართულები, თუმცა, რა თქმა უნდა, პერიოდულად ბებია-ბაბუებიც გვეხმარებიან. დღისით ბავშვი დედასთანაა, საღამოობით, სამსახურის შემდეგ კი მე ვიბარებ და ვცდილობ, მეუღლე რამდენიმე საათით დავასვენო. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ტელეფონში ჩახედვა და ვატყობ, ბავშვსაც აქვს უკვე სმარტფონის მიმართ ინტერესი, შეძლებისდაგვარად, რამდენიმე საათით, გვერდზე ვდებ ტელეფონს. ძირითადად ვთამაშობთ და სხვადასხვა ახალ, ასაკთან შესაბამის აქტივობებში ვცდილობ, ჩავრთო. ამ თამაშებს თუ აქტივობებს ინტერნეტში ვეცნობი, თანამედროვე გაიდლაინებსა და სახელმღვანელოებს ვკითხულობ, რაც საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს. უქმეებზე ძალიან გვიყვარს პარკში ხეტიალი, ბავშვსაც მოსწონს და ჩვენც.

არის დღეები, როცა ბავშვს ვირუსი აქვს, გაცივდა, ამ დროს, მეუღლისგან განსხვავებით, უფრო ემოციური ვარ, მაგრამ დროსთან ერთად ვსწავლობ თავის უკეთ კონტროლსაც. სიმშვიდე აუცილებელი და გადამდებია, ბავშვისთვისაც უფრო კომფორტულია ასეთი გარემო.

ზოგადად, ჩემ გარშემო, მეგობრები შეძლებისდაგვარად უფრო მეტად მონაწილეობენ შვილების აღზრდის პროცესში, რაც მისასალმებელია, ამით უკეთ ვეცნობით ბავშვსაც და საკუთარ თავსაც.

გიორგი დათაშვილი წლებია რაც "პალიტრა მედიაში" სოციალური მედია მენეჯერია. მისი სამუშაო გრაფიკი მარტივი არ არის, მაგრამ მაინც ახერხებს, რომ მცირეწლოვანი შვილისთვის დრო ყოველთვის დარჩეს. გიორგი ამბობს, რომ შვილის შეძენამდე ერთგვარი "პრაქტიკის" გავლა დისშვილზე მოუწია.

- მარიამი ახლა 2 წლის არის. მანამდეც მქონდა ბავშვთან შეხება, რადგან 4 წლის დისშვილი მყავს, ამიტომ დაახლოებით ვიცოდი რა მელოდა წინ (იღიმის). თუმცა სულ სხვა განცდაა, როცა საკუთარი შვილის მოლოდინში ხარ. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ შვილს ველოდებოდით, თითქმის ყოველდღე მქონდა წარმოდგენაში, როგორი იქნებოდა ის და როგორი მამა ვიქნებოდი მე. ვუყურებდი "იუთუბზე" ვიდეოებს, ვკითხულობდი ინტერნეტში გარკვეულ ინფორმაციას. მინდოდა მარიამის დაბადებამდე რაღაცები მესწავლა. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო პროცესი, როცა უკვე მისთვის ნივთების შესარჩევად, საყიდლებზე სიარული დავიწყეთ. და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობდი 9 თვე ის ყოფილიყო მშვიდ გარემოში, რადგან ვიცი, რომ ეს პერიოდი მის შემდგომ ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენდა.

როგორი დაღლილიც არ უნდა მივიდე შინ, მისი დანახვა თითქოს ყველანაირ სტრესს მიხსნის. თან არ მინდა ბავშვმა მხოლოდ საქმიან გარემოში მნახოს, ამიტომ სულ ვცდილობ, როცა სახლში ვარ, დრო მას დავუთმო. რთული სამუშაო გრაფიკი აქვს ჩემს მეუღლესაც და ესეც რომ არ იყოს, ვთვლი, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებაში ორივე ერთნაირად უნდა ვიყოთ ჩართული, დედაც და მამაც. თუ ადრე მიწევს მისვლა სახლში, ვცდილობ, გავასეირნო. მოგეხსენებათ, როგორია თბილისში "კორპუსის ბავშვების" ცხოვრება, ძირითადად დახურულ სივრცეში უწევთ ყოფნა. სწორედ ამიტომ თითქმის ყოველდღე, თუ არ ცივა, გამყავს სასეირნოდ. ასევე საღამოს ვცდილობ მისთვის სასურველ თამაშებში ჩავერთო, ვესაუბრო, მასთან ერთად ვუყურო ტელევიზორს. აქვე აღვნიშნავ, რომ ტელევიზორთან მაქსიმალურად ცოტა დროს ვატარებინებ, საერთოდ არ ვაკარებთ ტელეფონს. ძალიან უყვარს, როცა რაიმე საბავშვო წიგნს ვუკითხავ ან ერთად ვათვალიერებთ სხვადასხვა ილუსტრირებულ წიგნებს.

რაც შეეხება ბავშვის ავადობით გამოწვეულ პანიკას, ეს თემა ჩემთვის ყველაზე ნაცნობია. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მარიამის დაბადებიდან დამეწყო, მუცელი რომ სტკიოდა და ტიროდა, მაშინაც კი საშინლად ვდარდობდი, ვნერვიულობდი. ვკითხულობდი ათას ინფორმაციას, რა უშველიდა და ზოგადად, როდის მორჩებოდა ეს პერიოდი. ძალიან მიჭირს დაძინება, როცა გაციებულია, სიცხე აქვს... ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, მთელი ღამე ფეხზე ვყოფილვარ, ალბათ 40-ჯერ მაინც დამიხედავს, სუნთქვა ხო არ უჭირდა ან მსგავსი რამ. ეს ალბათ ჩვეულებრივი მოვლენაა. როცა შვილი ჩნდება, იმ დღიდან იწყება ეს ყველაფერი.

რაც შეეხება მამების ჩართულობას შვილის აღზრდაში, საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში ამ მხრივ ძალიან კარგი სიტუაციაა. ხშირად მომისმენია ჩვენი მშობლებისგან და მათი თაობის ხალხისგან, რომ მამაკაცები თითქმის არ იყვნენ ჩართული ბავშვების აღზრდაში და ძირითადი მოვალეობები ქალებს ჰქონდათ. საერთოდ, მშობლების როლების შედარება არასწორად მიმაჩნია. მათ ერთი და იგივე მნიშვნელობა და მოვალეობები აქვთ. გოგოს შემთხვევაში მამა არის პირველი მამაკაცი, რომელსაც ის ამ ქვეყანაზე იცნობს და სწორედ ის ხდება მაგალითი ბევრი რამის. ძალიან მიხარია, რომ დღეს უამრავი ჩემი ახლობელი მაქსიმალურად ჩართულია შვილების აღზრდაში და სტერეოტიპული მიდგომები ამ მხრივ აღარ არსებობს. "დედა ხარ და მიხედე" - ეს სიტყვები საერთოდ უნდა ამოიღოს ყველა კაცმა ლექსიკონიდან.

  • დასასრულ, მამობა ნამდვილად არ არის მარტივი, ეს ჩვენი რესპონდენტების მაგალითზეც კარგად ჩანს. ახალბედა მამებისთვის ისევე როგორც დედებისთვის, ნორმალურია შიშების, არასრულფასოვნების და შფოთვის შეგრძნებები. კარგია, როდესაც მამები გრძნობენ საჭიროებას, რომ ნებისმიერი პრობლემისას მხარი დაუჭირონ პარტნიორს.