ავტორი:

"გამომიცხადა, რომ მე მისი სახით ქრისტეს დავუპირისპირდი და იუდა ვარ. არც ჩემი შვილების წყევლა ითაკილა" - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი ნინო შაბურიშვილის ბრალდებას პასუხობს

"გამომიცხადა, რომ მე მისი სახით ქრისტეს დავუპირისპირდი და იუდა ვარ. არც ჩემი შვილების წყევლა ითაკილა"  - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი ნინო შაბურიშვილის ბრალდებას პასუხობს

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველმა რეჟისორმა ნინო შაბურიშვილმა ვენეციის ბიენალეს პროექტის Biennale College Cinema-ს დაფინანსება მიიღო ფილმის გადასაღებად. "სიჩუმის ქაოსი" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის პროდიუსერიც თინათინ ყაჯრიშვილი იქნება. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ცოტა ხნის წინ ბიენალემ გრანტის გამოყოფა და პროექტის დაფინანსება შეაჩერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით რეჟისორმა ნინო შაბურიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ ყველაფრის უკან თინათინ ყაჯრიშვილი დგას, რომელმაც შურისძიების მიზნით პროექტის ჩაშლა მოინდომა.

ბრალდებას პასუხობს ყაჯრიშვილი. მისი თქმით, ნინო შაბურიშვილი მოვლენებს საღად და რეალურად ვერ აღიქვამს და აღნიშნული ბრალდებაც მისი წარმოსახვის ნაწილია.

"მინდა, კომენტარი გავაკეთო იმ ცილისწამებაზე, რაც ჩემი დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელა ნინო შაბურიშვილმა: სოციალური ქსელი არაერთხელ გამხდარა ცილისწამების ინსტრუმენტი და სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ცალმხრივად გაჟღერებული მოვლენები დასკვნების გაკეთების საბაბად იქცა. მე მხოლოდ ფაქტებს გავაჟღერებ.

ჩემი და ნინოს ურთიერთობა 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნაში დავეხმარე. მოგვიანებით, პანდემიის დროს წერდა და მიგზავნიდა სცენარის "დრაფტებს". ასე ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა "სიჩუმის ქაოსი“. კინოცენტრის კონკურსის წინ მოულოდნელად გამომიცხადა, შენ თვითონ რეჟისორი ხარ და შენს ფილმებზე უფრო იზრუნებ ვიდრე ჩემსაზეო და გადაწყვიტა სხვა პროდიუსერებთან თანამშრომლობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბოდიშებით და თხოვნით ისევ ჩემთან დაბრუნდა. ჩვენ ერთად დავიწყეთ ხანგრძლივი და რთული გზა, საბოლოოდ, ვენეციის ბიენალე კოლეჯის სელექციაში მოვხვდით. დაახლოებით მაგ მომენტიდან დაიწყო ნინოს რიტორიკასა და საქციელში ცვლილებები. ეს შესაჩნევი გახდა ბიენალეს ტუტორებისთვისაც. დავარწმუნე გადაწყვეტილების მიმღები ადამინები, რომ ამ ყველაფერის მიზეზი ის დიდი წნეხია, რაც შეიძლება ოცნების რეალობად გადაქცევამ გამოიწვიოს.

თავიდან ეს მეტწილად სიმართლე იყო. სამწუხაროდ, ჩემი იმედები, რომ ნერვიული ფონი გაივლიდა და ნინო ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა, არ გამართლდა, პირიქით, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ის სიტუაციის მძევლად იქცა, სულ იმაზე ლაპარაკობდა, რომ ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, ამას ემატებოდა საუბრები იმაზე, რომ ფული არ აქვს, მარტოხელა დედაა და სახლი არ აქვს, რომ სახლი უნდა იყიდოს, რომ ამ ფილმის გადაღებით რეჟისორის კარიერა უნდა აიწყოს და ა.შ.

წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მოიქცია თავი. როდესაც ფილმწარმოების მოსამზადებელ პერიოდში შევედით, ჩვენი კომუნიკაცია უკვე მხოლოდ მისი მონოლოგებით შემოიფარგლებოდა. ნებისმიერი რჩევა თუ რისკის გათვალისწინების თხოვნა ნინოს ისტერიებით მთავრდებოდა. თავის პოსტში ის ტყუის, თითქოს ვინმესთან მუშაობას ვუკრძალავდი, სინამდვილეში, ყველაფერზე ვთანხმებოდი, რომ მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო არ გამძაფრებულიყო. მისი ინტერესებიდან გამომდინარე ვთხოვდი, რომ სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისას ალტერნატიული ვარიანტებიც ჰქონოდა. მაგალითად, ნინომ გადაწყვიტა როლზე დაემტკიცებინა 94 წლის მსახიობი. ნებისმიერ გამოცდილ რეჟისორს და პროდიუსერს ესმის ამ გადაწყვეტილების რისკი, ვთხოვე, ალტერნატივაც მოეძებნა. ამან მასში კატასტროფული რეაქცია გამოიწვია, დამადანაშაულა, რომ რისკის ხსენების გამო კოსმოსური ენერგიები და ღმერთი განსაცდელს გამოგვიგზავნიდა... მერწმუნეთ, რთულია ასეთ რეალობაში მუშაობა. შემდეგი ეტაპი უკვე იყო პარანოია და მის წინააღმდეგ შეთქმულების შიში.

სიტუაცია საგანგაშო გახდა, როდესაც ნინომ ბიენალეს კურატორი დაადანაშაულა ჩემთან შეთქმულებაში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამ ადამიანმა იგივე უთხრა, რასაც მე ვეუბნებოდი. დაფინანსების გაცემის გადაწყვეტილების მიმღები კურატორი დამიკავშირდა და მკითხა, თუ რამდენად არის ნინო მენტალურად მზად ფილმის გადაღებებისთვისო. ბევრი ახსნა განმარტების და ჩემი მხრიდან პირადი გარანტიების გაცემის შემდეგ, როგორც იქნა, დაფინანსებას მწვანე შუქი აუნთეს. ნინომ ეს წარმატება მთლიანად ზეციურ ძალებს მიაწერა, ხოლო მე გამომიცხადა, რომ ეშმაკი შემიჩნდა და ბნელ ძალად გადამაქცია. ნინოს საქციელთან დაკავშივრებით პროექტის კურატორის რეპორტმა ბიენალეს ხელმძღვანელობამდე მიაღწია. მათ დამატებითი შეხვედრა მოგვიწყეს, სადაც ნინოს კიდევ ერთხელ განუმარტეს ბიენალეს სასწავლო კურსის პრიორიტეტი - ერთობლივი მუშაობა.

კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, მე მივეცი ნინოს თავისუფლება ყველა გადაწყვეტილება თვითონ მიეღო. აეყვანა ჯგუფი, წასულიყო სკაუტინგზე, მხოლოდ მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მიღებით შემოვიფარგლებოდი. წინასაწარმოო პროცესები მძიმედ დაიწყო, რამდენიმე დეპარტამენტის წარმომადგენელმა მალევე უარი განაცხადა ნინოსთან მუშაობაზე. პროექტის გადარჩენის მიზნით, დიდი რისკის მიუხედავად, მე მაინც მოვაწერე ხელი ბიენალესთან დაფინანსების მიღების ხელშეკრულებას, რომელიც ფილმის დაუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსურ სანქციებს პროდიუსერს აკისრებს. თვალი დავხუჭე გაუთავებელ შეურაცხყოფაზე და დამცირებაზე, იმის იმედად, რომ ნინო ადრე თუ გვიან გონს მოეგებოდა. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ, ნინოს არაადეკვატურობა უფრო გამძაფრდა.

მან ბიუჯეტი თავისი შეხედულებით და ცოდნით გადააკეთა. თავიდანვე მოთხოვნილ 20.000 ევროს (ჰონორარი) დაუმატა ახალი ფინანსური მოთხოვნები: ქეშ რიბეითის თანხიდან წილი და ლაინ პროდიუსერის ჰონორარი. ნინომ გადაწყვიტა მიემართა კულტურის სამინისტროსთვის დამატებითი დაფინანსებისათვის. კულტურის სამინისტრო თუ დაუკმაყოფილებდა მოთხოვნას, თანხა სხვა ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო, რომელსაც ის განკარგავდა. მალევე ნინოსგან მივიღე ახალი მოთხოვნა, რომ 10.000 ევროს სანაცვლოდ ფილმის წარმოებასთან არანაირი შეხება არ მქონდეს. ის დაუკავშირდა ჩვენს საერთო მეგობარს, ფრანგ პროდიუსერს, რომელსაც შესთავაზა ფილმის პროდიუსერობა. ეს მოლაპარაკება ნინომ ჩემს ზურგს უკან წარმართა. ჩემ და ფრანგ პროდიუსერს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, სადაც მე მას დავუდასტურე, რომ თანახმა ვარ ის გახდეს ფილმის პროდიუსერი და სანაცვლად არაფერს ვითხოვ. როდესაც ბიენალესთან პროექტის გადაცემის საკითხის გარკვევა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ დაფინანსებას აძლევენ მხოლოდ იმ გუნდს, რომელიც შეარჩიეს და ნებისმიერი ცვლილება, რეჟისორის თუ პროდიუსერის, დაუშვებელია. ნინომ ამ სიტუაციიდან გამოსავლად ის მოიფიქრა რომ მე უნდა მომეტყუებია ბიენალე, თითქოს მე ვიყავი პროდიუსერი და ფილმს ის სხვა პროდიუსერთან ერთად გადაიღებდა.

დამატებით გამოჩნდა კიდევ ერთი სირთულე, ხელშეკრულების თანახმად თანხა ჩემი კომპანიის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნინომ მოითხოვა, რომ ბიენალეს მოტყუების გარდა მისთვის ჩემი კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლებაც უნდა მიმეცა. ასეთ მოთხოვნებს მე უკვე ვეღარ დავაკმაყოფილებდი. ვერც ბიენალეს მოვატყუებდი და ვერც ჩემი კომპანიის ანგარიშებს ვერ გადავცემდი სხვას...იმედია ხვდებით აშლილობის რა მასშტაბამდე მივიდა ეს ყველაფერი...მივწერე ბიენალეს წერილი, რომ პროექტი პირდაპირ ნინო შაბურიშვილისთვის გადაეცათ, რადგან მე აღარ შემეძლო ამ ფილმის პროდიუსერობა, ვთხოვე გამოსავალი შემოეთავაზებინათ. ბიენალეს პასუხი იყო, რომ დაფინანსება გაცემულია გუნდზე და თუ მისი რომელიმე მონაწილე აღარ არის გუნდის წევრი, ის ანულირდება. ამან ნინოს მორიგი ისტერია გამოიწვია.

გამომიცხადა, რომ მე მისი სახით ქრისტეს დავუპირისპირდი და იუდა ვარ. არც ჩემი შვილების წყევლა ითაკილა. დამემუქრა, რომ საჯაროდ ჩემს რეპუტაციას შელახავდა და პერმანენტულ შეურაცხყოფებს შანტაჟიც დაუმატა. და ბოლოს, მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც აიტაცეთ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და საშინელი კომენტარები გააკეთეთ ჩემი მისამართით. ეჭვი მეპარება ჩემს ადგილზე, ამ მოცემულობაში, ამდენი გეწვალათ. 3 თვის განმავლობაში ძალისხმევა არ დამიშურებია პროექტის გადასარჩენად და ყველა შესაძლო ვარიანტზე თანახმა ვიყავი. მინდა იცოდეს რომ, მიუხედავად ამ საშინელი საქციელისა, ამ მომენტისთვისაც კი არ შემიჩერებია მცდელობები ბიენალესთან კომუნიკაციის, რათა როგორმე ეს პროექტი შედგეს და ის პირდაპირ ნინოს გადაეცეს. ვნახოთ რა გამოვა, ბოლო წერილზე, რომელიც 16 თებერვალს დილით გავაგზავნე, მიპასუხეს, რომ რამდენიმე დღე მოგვეცით, ვნახავთ რისი გაკეთება შეიძლებაო. ნინო შაბურიშვილს კი სულიერ სიმშვიდეს ვუსურევბ, მასზე ყველაზე ნაკლებად ვარ გაბრაზებული, რადგანაც მესმის, რა არის რეალურად ამ საქციელის მიზეზი," - წერს ყაჯრიშვილი.

ასევე იხილეთ: