ავტორი:

რატომ ჩავიდა ალსან ბჟანია პუტინთან - რა მოლოდინებია აფხაზეთში: "რუსეთი რეგიონში ახალი ნაბიჯებისთვის ემზადება"

რატომ ჩავიდა ალსან ბჟანია პუტინთან - რა მოლოდინებია აფხაზეთში: "რუსეთი რეგიონში ახალი ნაბიჯებისთვის ემზადება"

21 თებერვალს, შესაძლოა, პუტინმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთთან შეერთების მოთხოვნით, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გამოაცხადოს. ამის შესახებ ცნობები, რუსულ მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა. ამის გარშემო საუბრობდნენ რუსი ინტერნეტმომხმარებლები, რომელთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, სანქციების პირობებში ისედაც დასუსტებულ რუსეთს, კიდევ დამატებით ორი, ღარიბი რეგიონების "გამობმა" სასიკეთოს ვერაფერს მოუტანს.

რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობები განსხვავებულად მიიღეს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ოსები და მათი ლიდერი, რამდენიმე თვის წინ, თავად ითხოვდნენ რუსეთთან შეერთებას, რაზეც კრემლის ადმინისტრაციამ უარყოფითი პასუხი გასცა. აფხაზების თქმით კი, მათ არაერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პასუხი, რომელშიც თავიანთი პოზიცია მკაფიოდ გამოხატეს - აფხაზეთი რუსეთს აღიქვამს როგორც პარტნიორს და მასთან შეერთებას არ განიხილავს, არც არასდროს განიხილავდა...

აფხაზების ნაწილი შიშობს, რომ სწორედ ამას ემსახურება ასლან ბჟანიას, სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გამგზავრება. მოსახლეობაში გავრცელდა ვერსიები, რომ რუსეთი, მათივე ხელმძღვანელობასთან ერთად, რეგიონში ახალი ნაბიჯებისთვის ემზადება.

  • აფხაზი პოლიტიკოსის თქმით, შესაძლოა, მიმდინარეობს მოსახლეობის შემზადება აფხაზეთის რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, აფხაზეთის მოსახლეობის პოზიცია უცვლელია - მათ რუსეთთან შეერთება არ სურთ...

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამაც.

"რამდენჯერმე გამომიგზავნეს რაღაც განცხადებები გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით. სიმართლე გითხრათ, აქამდე ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა ახლა ვგრძნობ, რაღაც პასუხი მაინც საჭიროა. ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ამას რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. მსგავსი საკითხები ასე არ წყდება, წავიდა პრეზიდენტი, ჩამოვიდა და რუსეთის შემადგენლობაში ვართ?.. ის იქ სამუშაო ვიზიტით იმყოფება. უშიშროების საბჭოში ჰქონდა შეხვედრა. მსგავსი შეხვედრა მეც მაქვს დაგეგმილი, რადგან ღონისძიებების ერთობლივ გეგმას ვამზადებთ. ერთადერთი, რაზეც ვერ წავალთ, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის განხილვა" - აცხადებს შამბა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, შესაძლოა, ექსპერტების დონეზე განიხილებოდეს ახალი ევრაზიული კავშირის საკითხები, რაც არ ნიშნავს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვას. თუმცა, რუსეთის მხრიდან კონკრეტული ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა...

აფხაზების უარყოფის მიუხედავად, რუსულ მედიაში, ინტენსიურად ვრცელდება სხვადასხვა პოლიტიკოსების განცხადებები "ისტორიულ გადაწყვეტილებასთან" დაკავშირებით.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, არსებობს სახელმწიფო დუმის დეპუტატის პარტია "სამართლიანი რუსეთის" წევრის, დმიტრი კუზნეცოვის კომენტარი, სადაც ის იმედოვნებს, რომ "ძალიან მალე გადაწყდება რუსეთისთვის ბელარუსის შეერთების, ასევე რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხი..."

ეკატერინბურგის საინფორმაციო სააგენტო URA.RU-ს მიერ მომზადებულ სტატიაში, ავტორი ანტონ არტემოვი წერს, რომ პუტინის გზავნილებში სამი ქვეყნის გაერთიანებას ელოდებიან...

არტემოვი ირწმუნება, რომ პოლიტიკური ანალიტიკოსები ამ შეხვედრის შედეგად ელოდებიან, რომ ყველაფერი ამ სამი ქვეყნის რუსეთთან მიერთებით დასრულდება... განიხილება, რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, ახალი საბჭოთა კავშირის დაარსება. სხვა პოლიტიკური მიმომხილველების თქმით, დაწყებულია მზადება სამმხრივი კავშირის შესახებ, რომელშიც იგულისხმება, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი...

აფხაზი პოლიტიკოსის, თენგიზ ჯოპუას თქმით, აფხაზეთის ნებისმიერ, მსხვილ გაერთიანებაში შესვლის შემთხვევაში, აფხაზურ ეთნოსს აღრევა ემუქრება.

"ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიმართულება დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს... პირადად მე, წინააღმდეგი ვარ, აფხაზეთის სადმე შესვლის. საკმარისად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და არავითარი აუცილებლობა არ დგას მოკავშირე სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდეთ" - ამბობს ჯოპუა.

პოლიტიკური პარტია სახალხო ერთიანობის ფორუმის ლიდერის ასლან ბარციცის თქმით, აფხაზეთის კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებში არის პუნქტი სახელმწიფო სისტემის ხელშეუხებლობის შესახებ.

"ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება ამ სისტემის დარღვევის ან შეცვლისკენ, არის სისხლის სამართლის დანაშაული. აფხაზეთმა გააკეთა არჩევანი და ამის შეცვლა არ შეიძლება" - აცხადებს ბარციცი.