ავტორი:

რუსების აგენტი საელჩოში - რა არის ცნობილი პუტინის მხარდამჭერი ბრიტანელი კაცის საქმეზე: "სმიტს ორი აგენტი მიუგზავნეს, მათ შორის იყო "ირინა"

რუსების აგენტი საელჩოში - რა არის ცნობილი პუტინის მხარდამჭერი ბრიტანელი კაცის საქმეზე: "სმიტს ორი აგენტი მიუგზავნეს, მათ შორის იყო "ირინა"

გერმანიაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილი თანამშრომელი დევიდ სმიტი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და 13 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ლონდონის ცენტრალურმა სისხლის სამართლის სასამართლომ მიიღო.

განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ სმიტს სასჯელი ერთი წლით შეუმცირა, მიზეზი პატიმრის სანიმუშო ქცევა გახდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სმიტს შეუძლია სასჯელი გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთში მოიხადოს.

"მის მიერ ჩადენილი დანაშაულები იყო თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე და ემუქრებოდა ეროვნულ უსაფრთხოებას,” - განაცხადა მოსამართლემ და დასძინა, რომ სმიტის ქმედებები მოტივირებული იყო არა მხოლოდ ფულით და სიხარბით.

"მან არაერთხელ გამოხატა ზიზღი დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მიმართ. ის სიმპატიით არის განწყობილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ. მისი შეხედულებები შეიძლებოდა კიდევ უფრო საზიანო ყოფილიყო, თუ სმიტი არ აღმოჩნდებოდა გისოსებს მიღმა", - ამბობს პროკურორი ნიკ პრაისი.

სმიტი, რომელიც ახლა 58 წლისაა, 2021 წლის აგვისტოში დააკავეს. მან ბრალი აღიარა ბრალდების რვა პუნქტში, თუმცა უარყო დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივები.

დაკავება

სმიტი, სამეფო საჰაერო ძალების ყოფილი თანამშრომელია, ის ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ბერლინში ბრიტანეთის საელჩოში დაცვის თანამშრომლად. მამაკაცი საიდუმლო დოკუმენტებს 2018 წლიდან აგროვებდა. მოსამართლემ დაადგინა, რომ ის მოტივირებული იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისადმი მხარდაჭერისა და დიდი ბრიტანეთისადმი სიძულვილით.

გამოძიებას ხელში ჩაუვარდა სმიტის მიერ რუსი გენერლისადმი გაგზავნილი წერილი, რის შემდეგაც ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო, რაშიც გერმანელი სამართალდამცავები ჩაერთნენ.

სმიტის მიერ რუსეთის წარმომადგენლებისთვის გადაცემულ მასალებს შორის იყო ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების მაგიდებზე არსებული ფოტოები და დოკუმენტები, ასევე საელჩოში გადაღებული ვიდეოები და საელჩოს კორესპონდენცია მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. გარდა ამისა, მან გადასცა რუსეთის ოფიციალურ პირებს საელჩოს პერსონალის სახელები, ფოტოები და პირადი ინფორმაცია.

იმ მონაცემებს შორის, რომლებიც სმიტმა რუსებს მისცა, მოსამართლის თქმით, არ არსებობდა უმაღლესი დონის სამხედრო საიდუმლოებები ან დეტალები ბრიტანული იარაღის შესახებ. "ამრიგად, რუსეთის დახმარების მთავარი მოტივი იყო ბრიტანეთის ინტერესების დაზიანება და ეს საქმიანობა ფასიანი იყო" - დასძინა მოსამართლემ.

გამოძიების ფარგლებში სმიტს ორი აგენტი მიუგზავნეს, მათ შორის იყო „ირინა,“ რომელიც მას ტრამვაის გაჩერებაზე GRU-ს ოფიცერად გაეცნო, რომელიც სპეციალურად მოსკოვიდან გაგზავნეს მასთან შესახვედრად. სმიტი ქალს შეხვედრაზე დათანხმდა.

მოსამართლის თქმით, სმიტმა ბრიტანელ გადასახადის გადამხდელებს 820 ათასი ფუნტის (ანუ დაახლოებით მილიონი აშშ დოლარი) ზიანი მიაყენა. მას შემდეგ, რაც მისი დანაშაულები გამოაშკარავდა, საიდუმლო სამსახურებმა საელჩოს ყველა თანამშრომელი შეამოწმეს. საელჩოს უსაფრთხოების უფროსი ბჰარატ ჯოში ამბობს, რომ სმიტმა ასევე დააზარალა დიპლომატიური პერსონალი...

2021 წელს ბერლინში დაკავების დღეს, დევიდ სმიტმა სამსახური ადრე დატოვა, მისი თქმით, თავს კარგად არ გრძნობდა, მაგრამ გერმანიის პოლიცია მას საკუთარ სახლში დახვდა.

პროკურორების თქმით, სმიტის სახლში აღმოაჩინეს 800 ევრო ნაღდი ფული. პოლიციამ მისი საბანკო ანგარიშიც შეისწავლა და დაადგინა, რომ ხელფასი არასოდეს გამოუტანია ანგარიშიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლის სხვა წყარო ჰქონდა. თუმცა, რა რაოდენობის თანხები მიიღო რუსეთის სპეცსამსახურებიდან, უცნობია.

მის ბინაში იპოვეს რუსეთის ფედერაციის დროშა, საბჭოთა სამხედრო ქუდი, ძველი მოდელის Lada სათამაშო მანქანა და როტვეილერის ძაღლი სამხედრო ქუდით.

მისი სამუშაო კომპიუტერიდან ამოღებულ კომიქსში ჩანს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც კისრით უჭირავს გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი. ეს უკანასკნელი ნაცისტურ ფორმაშია გადაღებული.

სმიტმა აგენტ "ირინას" უთხრა, რომ მას სჯეროდა, გერმანიას ნაცისტები მართავდნენ.

სასამართლო პროცესის დროს სმიტმა აღიარა, რომ დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლის დალევა დაიწყო, როდესაც მისი მეუღლე გერმანიიდან უკრაინაში დაბრუნდა. მან ასევე თქვა, რომ დაინტერესებულია შეთქმულების თეორიებით, მათ შორის ალექს ჯონსისა და დევიდ აიკის მიერ გავრცელებული. ამავდროულად სმიტმა უარყო პრორუსული ან ულტრამემარჯვენე შეხედულებები.

თუმცა, პროკურორებმა აღნიშნეს, რომ ის აგროვებდა რუსულ სამხედრო სიმბოლოებს და წარსულში მხარს უჭერდა პრორუს სეპარატისტებს უკრაინაში.

საქმის მასალების მიხედვით, დევიდ სმიტმა მუშაობა საელჩოს დაცვის თანამშრომლად 2016 წელს დაიწყო. მისი ქცევა 2018 წელს შეიცვალა მას შემდეგ, რაც მისი უკრაინელი ცოლი მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდა. დაახლოებით იმავე პერიოდში მან დაიწყო ინფორმაციის შეგროვება რუსეთის საელჩოსთვის და მისი შენახვა "ფლეშკაზე".

სმიტი ღიად უჭერს მხარს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. მან ასევე შეაგროვა მეორე მსოფლიო ომის გერმანული ფორმები. არის ფოტოები, რომლებშიც ის ომის დროს დაღუპულთა საბჭოთა ძეგლების გვერდით პოზირებს, ასევე არის ფოტოები, სადაც ტანსაცმელზე ე.წ. „ნოვოროსიას“ დროშის ლაქები აქვს.