ავტორი:

საიდუმლო ოთახი, რომელმაც 7 წლის დოლი გადაარჩინა და მრავალ მილიონად შეფასებული ნახატი, რომელიც ერთი ოჯახის ტრაგედიის და ბრძოლის ისტორიას ინახავს

საიდუმლო ოთახი, რომელმაც 7 წლის დოლი გადაარჩინა და მრავალ მილიონად შეფასებული ნახატი, რომელიც ერთი ოჯახის ტრაგედიის და ბრძოლის ისტორიას ინახავს

სულ რამდენიმე კვირაში, რუსი მხატვრის, ვასილი კანდინსკის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნამუშევარი ლონდონის აუქციონზე გაიყიდება. ფერწერული ტილო ინახავს ერთი ოჯახის ტრაგედიისა და გმირობის ისტორიას, რომელიც ჯერ გამოუქვეყნებელ მემუარებშია მოთხრობილი...

ისტორია პატარა გოგონას ამბით იწყება. 7 წლის დოლი საიდუმლო ოთახში იმალება. მას ძიძა ეუბნება, რომ ჩუმად უნდა იყოს, თორემ გერმანელები მათაც, გოგონას დედასაც და ბებიასაც მოკლავენ... პატარამ ჯერ არ იცის, რომ ის დედას, მამას და იმ სახლსაც, რომლის საიდუმლო ოთახი მის გადამრჩენად იქცა, იმ დღის შემდეგ ვეღარადროს ნახავს... ასეთი იყო დოლის რეალობა 1943 წელს, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ამსტერდამში.

დოლის მშობლები

დოლის ისტორია ანა ფრანკისას გვახსენებს... და მართლაც, მათი სახლები ერთმანეთისგან 3 კილომეტრის მოშორებით იყო, თუმცა ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ანა და მისი ოჯახი 1944 წლის აგვისტოში დაიჭირეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. მათი ბედი ერგო დოლის დედას, მამას და ბებიას, იმ გამონაკლისით, რომ დოლი გადარჩა.

ანა ფრანკის ჩანაწერები ჰოლოკოსტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად მიიჩნევა. რაც შეეხება დოლის ისტორიას, ის მან მემუარებში მოგვითხრო, თუმცა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ მისი ჩანაწერები ხელოვნების ნიმუშს უკავშირდება. ის უკავშირდება კანდინსკის ინოვაციურ მოდერნისტულ შედევრს და დოლის შთამომავლებს საშუალებას აძლევს, დაამტკიცონ, რომ ის მათ ეკუთვნოდათ და ომის დროს დაკარგეს. ფერწერული ტილო ლონდონის აუქციონზე რამდენიმე კვირაში გავა და ელიან, რომ 42$ მილიონზე მეტი იქნება მისი ფასი, რაც კანდინსკისთვის რეკორდულია.

შტერნების ვილა

ეს სურათი დოლის ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. Murnau mit Kirche II კანდინსკიმ 1910 წელს დახატა. ის ერთ დროს დოლის ბებია-ბაბუის ვილაში ეკიდა, რომელიც ბერლინთან ახლოს, პოტსდამში მდებარეობდა. ძველი ოჯახური ფოტო გვიჩვენებს, რომ კანდინსკის ნამუშევარს საამაყო ადგილი ეკავა ზიგბერტ და იოჰანა მარგარეტ შტერნების სასადილო ოთახში. 100 წლის წინ მათ ტექსტილის ბიზნესი ჰქონდათ და ისეთ გავლენიან მწერლებსა და მეცნიერებთან ჰქონდათ საქმე, როგორებიც იყვნენ: თომას მანი, ფრანც კაფკა და ალბერტ აინშტაინი.

წყვილს ძალიან უყვარდა ხელოვნება და მრავალფეროვანი გემოვნებით გამოირჩეოდა. მათი კოლექცია მოიცავდა რენუარის, მუნკისა და კანდინსკის ნამუშევრებს. ზიგბერტის ანდერძი 100-ზე მეტ ფერწერულ ნამუშევარს ასახელებს. შტერნები ებრაულ საზოგადოებაშიც აქტიურობდნენ. 1916 წელს მათ ორგანიზაციის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპიდან გერმანიაში გაქცეულ სიღარიბეში მცხოვრებ ებრაელებს ეხმარებოდა.

ნაცისტების აღზევებასთან ერთად, შტერნები და მათნაირი ოჯახები დასჯის სამიზნეებად იქცნენ. 1935 წელს, ზიგბერტის გარდაცვალების შემდეგ, დოლის ოჯახს ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულდა. შტერნებიც, სხვა ებრაული ოჯახების მსგავსად, ძვირფასი ხელოვნების ნიმუშების გაყიდვით ცდილობდნენ თავის გატანას. დოლის ბებია, იოჰანა მარგარეტი იმალებოდა, თუმცა ის 1943 წელს. დოლის მშობლებთან ერთად დააკავეს.

დოლი თავის მემუარებში იხსენებს, როგორ ჩააბარეს მისი თავი მშობლებმა ძიძას, რათა იმ საშინელებისგან დაეცვათ, რაც მაშინ ხდებოდა.

"გვიანი ღამე იყო, უკვე ღრმად მეძინა, როცა დედამ და მამამ გამაღვიძა.. ისინი ჩემს საწოლზე ჩამოსხდნენ და მითხრეს, რომ ორი კვირით უნდა წასულიყვნენ, მაგრამ დაბრუნდებოდნენ... ზარმა დარეკა და სამი ოფიცერი ხმაურით შემოვიდა. ბრძანებებს ღრიალით იძლეოდნენ და ყველას აჩქარებდნენ, - სწრაფად, სწრაფად, თორემ ვისვრითო..."

ოფიცრებმა დოლის მშობლები წაიყვანეს, მას შემდეგ ისინი აღარ უნახავს. მეორე დღეს ის ანამ თავის სახლში წაიყვანა, რომელიც ქალაქის მეორე ბოლოში იყო. ნაცისტები ებრაელებს ყვითელი ვარსკვლავის ტარებას აიძულებდნენ, თუმცა ანამ ის დოლის ტანსაცმლიდან მოარღვია და უთხრა, რომ ამ დღიდან დაწყებული, მისთვის დეიდა უნდა დაეძახა. დოლი თავისი ძიძის სახლში 30 თვის განმავლობაში ცხოვრობდა...

ანა და დოლი მუდმივ ტერორში ცხოვრობდნენ. როცა ნაცისტები შემოწმებაზე მიდიოდნენ, დოლის ძიძა იატაკის ქვეშ ან ონკანის ნიჟარის ქვეშ, კარადაში მალავდა. როდესაც 1945 წელს ამსტერდამი გაათავისუფლეს, დოლი სამალავიდან გამოვიდა...

ჯერ კიდევ დოლის სიცოცხლეში, მისი ოჯახის ახალგაზრდა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ შტერნების ნახატების დაკარგული კოლექცია მოეძებნათ. 2013 წელს მათ აღმოაჩინეს, რომ კანდინსკის ნამუშევარი ეინდჰოვენის მუზეუმში იყო, სადაც 1951 წლიდან იყო გამოფენილი. ისინი დაეჭვდნენ ნახატი პოტსდამის ვილიდან ხომ არ იყო. კურატორებმა ახალი თვალით შეხედეს ნამუშევარს და ფერწერული ტილოს გადასაჭიმ ხეზე ამოკაწრული წარწერა "პეიზაჟი" ნახეს. ეს იგივე სიტყვაა, რომელსაც ზიგბერტ შტერნი კანდინსკის ნამუშევრის საკუთარ ანდერძში ჩასაწერად იყენებდა, ამავე დროს, ხელწერაც მისი მსგავსი იყო.

შტერნების ვილა, სასადილო

დოლი მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე გაიგებდა, რომ კანდინსკის ძვირფასი ნამუშევარი მათ ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ იცოდა, რომ მისი შთამომავლები დაკარგული შედევრის პოვნის გზას ადგნენ. ხანგრძლივი კამპანიის შემდეგ, ის შტერნების ოჯახს გადაეცა და ახლა "სოტბის" აუქციონზე გაიყიდება.

შემოსავლის დიდი ნაწილი შტერნების 13 შთამომავალს გადაეცემა, დანარჩენი კი დაკარგული ფერწერული ტილოების მოძებნას მოხმარდება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა