ავტორი:

"ჩემი მთავარი გეგმაა, რომ საქართველოში ჩემი შვილი არასოდეს არც ერთ კონკურსზე არ გამოვიდეს" - დათო ფორჩხიძე "ვოისის" სკანდალზე და "შეთქმულების თეორიაზე"

"ჩემი მთავარი გეგმაა, რომ საქართველოში ჩემი შვილი არასოდეს არც ერთ კონკურსზე არ გამოვიდეს" - დათო ფორჩხიძე "ვოისის" სკანდალზე და "შეთქმულების თეორიაზე"

წლევანდელი მუსიკალური კონკურსის - "ვოისის" შედეგმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია: ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ ირუ ხეჩანოვმა უსამართლოდ გაიმარჯვა. "ვოისის" გამარჯვებული საქართველოს სახელით "ევროვიზიის" მუსიკალურ კონკურსზე გაემგზავრება...

  • აღნიშნულ თემაზე ჟურნალ "გზას" დათო ფორჩხიძე ესაუბრა. სწორედ მისი გუნდის წევრი იყო "ვოისში" გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

დათო ფორჩხიძე:

- რა თქმა უნდა, ჩემი გუნდის წევრის გამარჯვება მიხარია, რადგან კონკურსანტის წარმატებაში მწვრთნელიც გარკვეულ როლს თამაშობს - ჩემი შრომაც ოდნავ დაფასდა, მაგრამ მთავარი მაინც კონკურსანტია - ის იმარჯვებს, პრიზს იღებს... ჩემი მთავარი გამარჯვება ის არის, რომ "ვოისში" უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გავიცანი და მათ შორის, არა მარტო ჩემი გუნდის წევრებს ვგულისხმობ. ვგრძნობ, მათთან დავმეგობრდი და ბევრთან მომავალი მუსიკალური ურთიერთობის კონტურებიც მოვხაზე... ამ კონკურსს ის დანიშნულება აქვს, რომ მე, როგორც მუსიკოსმა, ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობა გავიცნო, მათთან ვიმეგობრო და ვითანამშრომლო.

- საქართველოში ჩატარებულა "ვოისი", რომელშიც თქვენი გუნდის წევრმა ვერ გაიმარჯვა?

- სამწუხაროდ - არა. საერთოდ, მწვრთნელობა უმადურ სამსახურად მიმაჩნია. ამ საქმეში დიდ შრომას "ვდებ", ვიღლები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ყველას ჰგონია, რომ უსამართლობა ხდება, "შეთქმულების თეორია" მოქმედებს... მივხვდი, რომ ჩემთვის "ვოისში" მწვრთნელობა სასარგებლოც აღარ არის, რა: სხვა ბავშვებისთვის ვწვალობ, როცა სახლში ძალიან მაგარი მომღერალი გოგო მიზის, ვინც ჩემს დნმ-ს ატარებს - ჩემი შვილი. "ვოისში" სხვის შვილებს თან ვყვები, ამ საქმეში არცთუ მაღალ ხელფასს ვიღებ, სხვა მწვრთნელების მსგავსად. ეს ენთუზიაზმია! არც ერთი მწვრთნელი პრიზით არ ჯილდოვდება, არც სადმე დასასვენებლად მიდის, არც თუნდაც 5 თეთრით მეტ ხელფასს იღებს (იცინის)... რთულია, როცა ისეთ გარემოში ცხოვრობ, სადაც გამარჯვებაც არ გსიამოვნებს - ნეგატიურ დამოკიდებულებას იღებ. კონკურსზე მწვრთნელს რაც შეუძლია, ისაა, რომ რინგისას 4 მონაწილე მომდევნო ტურში გადაიყვანოს, შემდეგ ტურში კი - 1-2 მონაწილე პროექტიდან "გავარდნას" გადაარჩინოს. ამის იქით მწვრთნელს შანსი არა აქვს, რომ კონკურსანტს ხელი შეუწყოს ან პირიქით - შეუშალოს. ყველაფერი ხალხის მხარდაჭერაზე, მაყურებლებისგან შემოსულ ზარებზეა დამოკიდებული.

- თქვენ და თქვენს გოგონას რა გეგმები გაქვთ?

- ჩემი მთავარი გეგმა ის არის, რომ საქართველოში ჩემი შვილი არასოდეს არც ერთ კონკურსზე არ გამოვიდეს - ამას შევასრულებ. თუ კონკურსში მონაწილეობა უნდა, უცხოეთში წავიდეს... საზოგადოების ნაწილისგან ნეგატური დამოკიდებულება ახლაც ძალიან მწყინს, თუმცა ვერ მოვიტყუები, ისე ძლიერ განვიცდი, როგორც - იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ირუს ადგილას ჩემი შვილი იქნებოდა-მეთქი. ჩემი შვილის მიმართ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება ჯერ მხოლოდ იმიტომ ექნებოდა, რომ ჩემი შვილია. როგორ შეიძლება, თუ ბავშვს ცნობილი მამა ჰყავს, მან თავისი ნიჭიერებით გაიმარჯვოს?!. ხალხის აზრით, ის აუცილებლად მამამ "გაიყვანა". ეს უკვე ჩვენი ერის კრედოა. ბევრჯერ მინახავს, რომ ცნობილი ადამიანების შვილები იჩაგრებიან. მაგალითად, წლების წინ, ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის 15 წლის შვილმა, რომელიც მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდა, 3 000-მდე შეტყობინება მაჩვენა, რომელშიც მას აგინებდნენ. ბავშვმა მაშინ სოციალურ ქსელებში თავისი "პროფილები" გააუქმა. მოვეფერე, ვანუგეშე... წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

ნახეთ ასევე:

"არ მოუსმინო და არც კი წაიკითხო ამდენი ბოროტი და არშემდგარი ადამიანის ნაჯღაპნი" - რას წერს ირუ ხეჩანოვის დედა

სკანდალი "ვოისის" გამარჯვებულის გარშემო: ვინ არის ირუ ხეჩანოვი და რატომ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი - "საკმაოდ გამომწვევი ადამიანი ვარ, არ ვარ მორიდებული"