ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას ხვალ თბილისსა და ბათუმში გამართავს

"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას ხვალ თბილისსა და ბათუმში გამართავს

20 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია ბათუმში და ასევე, მსოფლიოს 20 ქვეყანაში გაიმართება.

"მსოფლიოს 20 ქალაქში ჩატარდება აქციები ერთადერთი მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იქნეს გადაყვანილი. მიხეილ სააკაშვილი არის მოწამლული. მიშას კლავენ, მიშა მოწამლეს, რაც დადასტურებულია ამერიკულ ლაბორატორიაში ამერიკელი ექსპერტების მიერ და არავის მსოფლიოში ეჭვი არ ეპარება ამ ლაბორატორიის დასკვნაში, გარდა "ქართული ოცნებისა“.

აქციები ჩატარდება მათ შორის, ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზში, სტოკჰოლმში, ათენში, დუბლინში, ვარშავაში, კიევში და ა.შ. აქციებში მონაწილეობას მიიღებს ქართული და უკრაინული დიასპორა და რა თქმა უნდა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება ამ აქციებს თბილისში და ბათუმში.

მე მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვისაც უნდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ვისაც უნდა, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ვისაც უნდა, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება, როგორიც მათ ეკადრება - მიიღოთ მონაწილეობა ამ აქციებში“, - განაცხადა შაშკინმა.