ავტორი:

"ის მარტივად არ დათმობს პოზიციებს" - დაპირისპირება კადიროვსა და პრიგოჟინს შორის? - რის გამო ვერ თანხმდებიან ჩეჩნეთის ლიდერი და "პუტინის მზარეული"

"ის მარტივად არ დათმობს პოზიციებს" - დაპირისპირება კადიროვსა და პრიგოჟინს შორის? - რის გამო ვერ თანხმდებიან ჩეჩნეთის ლიდერი და "პუტინის მზარეული"

ISW -ს (ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი) მიხედვით, რამდენიმეთვიანი თანამოკავშირეობის შემდეგ, კადიროვსა და პრიგოჟინს შორის განხეთქილებაა. როგორც ჩანს, გარკვეული მოსაზრებების გამო, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, კერძო სამხედრო ჯგუფ "ვაგნერის" დამფუძნებელთან ერთად წამოწყებული რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და გენერალიტეტის კრიტიკა შეწყვიტა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოთხივე სამხედრო ოლქის სარდლის შეცვლა იგეგმება, რასაც კადიროვი დადებითად გამოეხმაურა. მისი თქმით, "თავდაცვის სამინისტროსთან მას კოორდინირებული ურთიერთობა აქვს."

  • ამის პარალელურად, ევგენი პრიგოჟინი აძლიერებს რუსეთის თავდაცვის კრიტიკას. მისი თქმით, რომ არა ფრონტის ხაზზე "ვაგნერის" აქტიური მოქმედება, "სიტუაცია საგანგაშო იქნებოდა."

სიტუაციის გაანალიზებისას ამერიკული კვლევის კომპანია საყურადღებოდ მიიჩნევს პრიგოჟინის პრესსამსახურის განცხადებას იმის შესახებ, რომ "ვაგნერი“ კერძო არმიაა, რომელსაც შეიარაღებულ ძალებთან საერთო არაფერი აქვს.

"რადიო თავისუფლების" მიერ მომზადებული სტატიის თანახმად, ISW-ის ანალიტიკოსების მოსაზრებთ, "როგორც ჩანს, პრიგოჟინი აძლიერებს საინფორმაციო კამპანიას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“.

“თუმცა, ამჯერად, კადიროვმა, სავარაუდოდ, უარი თქვა პრიგოჟინის მიერ წამოწყებულ მორიგ საინფორმაციო თავდასხმაზე, რადგან კადიროვისთვის უფრო ხელსაყრელია მისი ფორმალური კავშირები კრემლთან და მდგომარეობა ხელისუფლებაში, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ურთიერთობა პრიგოჟინთან, - ნათქვამია ანგარიშში, რომლის ავტორთა აზრით, კრემლთან დაკავშირებულებმა სხვა პირებმაც შესაძლოა, ზურგი შეაქციონ პრიგოჟინს, რათა შეინარჩუნონ თავიანთი პოზიციები", წერს გამოცემა.

სოციალური ქსელების ჩეჩნეთში მცხოვრები მომხმარებლების თქმით, "სინამდვილეში, კადიროვი არც ისეთი ბრიყვია, როგორი წარმოდგენაც მასზე ბევრს აქვს. მას ძალიან კარგი ადაპატაციის უნარი აქვს. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ამდენ ხანს ვერ დარჩებოდა ამ პოსტზე და ვერც თავის კეთილდღეობას შესწირავდა ამდენ ადამიანს. უფლებადამცველი ორგანიზაციების ხმაურს თუ არ ჩავთლით, რომელიც მას მაინცდამაინც არ უქმნის დისკომფორტს, მისი პატარა დიქტუტურა, "ადაპტაციის უნარის" წყალობით, მშვენივრად ერგება პუტინის რუსეთის მასშტაბურ დიქტატურას."

  • Kavkazr.com-ის მიერ მომზადებულ სტატიაში, საუბარია იმაზე, თუ რა გახდა "პუტინის მზრეული" პრიგოჟინისა და კადიროვის დამეგობრების საფუძველი თავდაპირველად.

"2022 წლის პირველ ნახევარში, რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა, პრიგოჟინისა და კადიროვის კრიტიკული კომენტარები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართ. ცხოვრებისეულ გზაზე მათ საერთო არაფერი ჰქონიათ. პრიგოჟინი კადიროვზე 15 წლით უფროსია. "პუტინის მზარეული" პეტერბურგში გაიზარდა, კადიროვი კი ჩეჩნეთის სოფელში. პრიგოჟინს ახალგაზრდობა საბჭოთა ციხეში აქვს გატარებული. 18 წლისამ ქურდობისთვის 13-წლიანი სასჯელი მიიღო. მაშინ კადიროვი 3 წლის იყო, ჩეჩნეთში პირველი ომი მიმდინარეობდა, მამამისი კი, იჩქერიის იმამი იყო...

პრიგოჟინს, სახელმწიფოს სტრუქტურებში ოფიციალურად არასდროს უმუშავია. მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სარესტორნო ბიზნესი დაიწყო. კადიროვის მთელი კარიერა კი, პუტინის სამსახურში ყოფნა იყო. თუ შეიძლება ასე ითქვას, მათ ერთი შეხედვით, მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ", - წერს გამოცემა.

Kavkazr.com-ის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის გავლენა პუტინს ჩრდილოეთ კავკასიაში სჭირდება და არა მოსკოვში, მაგრამ, ხანდახან კადიროვი, მშვენივრად ითავსებს "ადგილობრივი რუხი კარდინალის როლსაც".

პრიგოჟინისა და კადიროვის "საჯარო მეგობრობა" 2021 წელს დაიწყო. კადიროვმა ვითომ სარკასტული იუმორით განაცხადა, რომ მას გროზნოში სტუმრად უნდა ეწვიოს პრიგოჟინი და ამიტომაც სურდა, "მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის პრემიის სახით მიეღო 250 ათასი დოლარი, ოღონდ მხოლოდ ნაღდი ფული". ამის შემდეგ, ის პრიგოჟინს "ძვირფას ძმად" მოიხსენიებდა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მათი გზები ხერსონში გადაიკვეთა, რის შემდეგაც ორივე ერთად აკრიტიკებდა გენერალ სერგეი სუროვკინს. პარალელურად, ანტისამთავრობო რუსული მედია წერდა, რომ "პრიგოჟინი და კადიროვი, ყველაზე ბინძურ საქმეებში ერთიანდებოდნენ. ერთმა, თავისი მეომრებით, რუსეთში შიში დანერგა, რათა მოსახლეობას ჰქონოდა განცდა, რომ პუტინის, კადიროვისა და ზოგადად, რუსული რეჟიმისთვის არასასურველი პერსონები უსაფრთხოდ არსად იქნებოდნენ. მეორე კი, იგივეს გაკეთებას ცდილობდა ფრონტზე. ორივე მათგანისთვის ტრაგედიაა ის, რომ პუტინის ოლიგარქები - ტიმჩენკო, კოვალჩუკი, როტენბერგი და მსგავსი პირები, მათ "თავისიანებად" არასდროს მიიჩნევენ და "თავიანთ დონედ" არ აღიქვამენ, უბრალოდ იყენებენ მათ შავი საქმეების შესასრულებლად.

ადგილობრივების ნაწილი თვლის, რომ ორივე ცდილობს, პუტინის ნდობა სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ "კადიროვს, როგორც ჩანს, ჰყოფნის ჭკუა რეალობა აღიქვას და დინების საწინააღმდეგოდ არ წავიდეს, რადგან პუტინი და მისი გარემოცვა მაინც გენერალიტეტს ეყრდნობა და არა პრიგოჟინის კერძო სამხედრო დაჯგუფებას, რომლის რაოდენობაც ბოლოს დროს პატიმრების ხარჯზე სულ უფრო იზრდება.

პრიგოჟინი კი, როგორც ჩანს, ეიფორიაშია, რის გამოც, შესაძლოა, თავის შესაძლებლობებზე ზედმეტი წარმოდგენაც ჰქონდეს. კადიროვის ბოლოდროინდელ განცხადებებში "სხვა ტონი გაჩნდა". საინტერესოა, გაგრძელება როგორი იქნება. პრიგოჟინსაც საკმარისზე მეტი "დამსახურება" აქვს პუტინის წინაშე და მარტივად არ დათმობს პოზიციებს", - მიაჩნია აქტივისტ იულია სავკინას.