ავტორი:

"ჩვენი სურვილია, სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას უნდა, რაც შეიძლება ცუდად იყოს..." - რატი ბრეგაძე "ნაცმოძრაობას" სარკეში საკუთარ თვალებში ჩახედვისკენ მოუწოდებს

"ჩვენი სურვილია, სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას უნდა, რაც შეიძლება ცუდად იყოს..." - რატი ბრეგაძე "ნაცმოძრაობას" სარკეში საკუთარ თვალებში ჩახედვისკენ მოუწოდებს

ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას უნდა, რომ რაც შეიძლება ცუდად იყოს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მიზანი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის "ხელოვნურად დაზიანებით“ პენიტენციური დაწესებულების დატოვებაა.

"თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინფორმაციას. ყველამ იცის, მთელმა საქართველომ და მართლა, მთელმა მსოფლიომ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, რომ ის კერძო კლინიკაში იმყოფება. სჭირდება მკურნალობა? - სახელმწიფო მას ამის შესაძლებლობას აძლევს, ის იმყოფება საავადმყოფოში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მაგრამ რა არის მთავარი პრობლემა - ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია. მას უნდა, რომ ის იყოს რაც შეიძლება ცუდად იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად დაზიანებით შეძლოს და დატოვოს პენიტენციური დაწესებულება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ "იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, დროა, ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი...

როგორც რატი ბრეგაძე განმარტავს, "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რასაც თვითონ "წარმატებით“ აკეთებდნენ.

"დროა, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ - ეს არის ფაქტებით დადასტურებული და როგორც სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი, ისე უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურადაც.

მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯერობით არ გასულა და შესაბამისად, ნუ დაავიწყდებათ ის, რომ მათ ამ ყველაფრისთვის სათანადო წესით უნდა აგონ პასუხი. და რა იგულისხმება ამაში? - ჩახედონ სარკეში საკუთარ თვალებს. ასევე, შეხედონ ადამიანებს და მოუხადონ მათ ბოდიში. ნაცვლად ამისა, დღემდე ცდილობენ საზოგადოების რაც შეიძლება უფრო მეტად დამუნათებას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ რასაც თვითონ "წარმატებით“ აკეთებდნენ, სხვას დააბრალონ. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, დრო არის, რომ თავიანთი პასუხისმგებლობა გაიაზრონ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდგომ მათთან მიმართებით პოლიტიკურ ვერდიქტს ქართველი ხალხი მიიღებს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ "იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, 2012 წლიდან სახელმწიფომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყო და არაერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა შეძლეს და სამართალი იპოვეს როგორც ადგილობრივ, ისე სტრასბურგის სასამართლოში.

"შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ დანაშაულზეც, აქ გამოკვეთილი უნდა იყოს ყველა დამნაშავე პირი და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის შესაბამისად უნდა მოხდეს მათი გასამართლება. არის არაერთი შემთხვევა და სტრასბურგის სასამართლოს ეს ბოლო გადაწყვეტილება, მთელი ამ პერიოდის შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა იმისთვის, რომ საზოგადოებამაც და ყველამ იცოდეს, თუ რა ხდებოდა რეალობაში. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად მრცხვენია იმისა, რომ ამ პერიოდში ასეთი არაადამიანური მოპყრობა არსებობდა ციხეში ადამიანების მიმართ. ეს ნამდვილად სამარცხვინოა და როგორც გითხარით, ის კომპენსაცია, რომელიც ამ ადამიანს უნდა გადავუხადოთ, ის უნდა გადაიხადონ დღევანდელმა სახელმწიფომ და იმ ადამიანებმა, რომელთაც პიროვნულად არავითარი ბრალი არ მიუძღვით იმ დანაშაულში, მაგრამ სახელმწიფო არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. შესაბამისად, ყველანი პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ეს ისტორიის მძიმე ფურცელი ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავამუშაოთ და შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ არათუ მსგავსი, არამედ ასეთი სისტემური დანაშაულის მცირე ანასხლეტიც კი, არასდროს იხილოს ქართველმა საზოგადოებამ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.