ავტორი:

ომისა და გმირობის თემატიკაზე შექმნილი 5 წიგნი, რომელიც ცნობილი ეკრანიზაციების შთაგონება გახდა

ომისა და გმირობის თემატიკაზე შექმნილი 5 წიგნი, რომელიც ცნობილი ეკრანიზაციების შთაგონება გახდა

არსებობს ისტორიები, რომლებიც თაობებს შთააგონებენ და რომელთა მთავარი გმირების სახელებიც ლიტერატურამ და კინემატოგრაფიამ უკვე უკვდავყო. მათმა ქმედებებმა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და ისინი ყოველთვის დარჩებიან თავდადების მაგალითებად.

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ასეთ ისტორიებზე შექმნილი ლიტერატურა ერთი თემატიკის ქვეშ მოაქცია და რადგანაც ომის პერიოდში ან შემდგომ რეალური პიროვნებების თავს გადახდენილ მოვლენებს ეხება, „ომებსა და ადამიანებზე“ უწოდა. აღნიშნული სერიის წიგნებიდან გამოვარჩიეთ 5, რომელთა ეკრანიზაციაც მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

შინდლერის სია

ავსტრალიელი მწერლის თომას კენილის „შინდლერის სია“ და მისი 1993 წელს გამოსული ადაპტაცია, რომელიც სტივენ სპილბერგს ეკუთვნის, 1938-1945 წლებში არსებულ სასტიკ რეალობას გვიჩვენებს. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ადგილობრივ ებრაელებს გეტოებში უწევთ ცხოვრება, სადაც არაადამიანური პირობებია. გერმანელი მეწარმე და ნაცისტური პარტიის წევრი ჩეხოსლოვაკიიდან, ოსკარ შინდლერი ქალაქში ჩადის და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვას იწყებს. ჰოლოკოსტის პერიოდში მან 1000 ებრაელი იხსნა სიკვდილისგან.

ოსკარ შინდლერი წარმოუდგენელი რისკის ფასად ახერხებს მათი სიცოცხლის შენარჩუნებას და დღემდე სიმამაცისა და ჰუმანურობის ერთ-ერთ სიმბოლოდ რჩება. ამბის ეკრანიზაცია კი იმდენად შთამაგონებელია, რომ შეუძლებელია, ერთხელ ნახო და ოდესმე დაგავიწყდეს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია გოგონა წითელი პალტოთი, რომელსაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს: თავად ოსკარ შინდლერისთვის იგი წარმოადგენს უდანაშაულო ებრაელი ხალხის დაღვრილ სისხლს. ასევე, მისი პალტო არის „წითელი დროშის“ გამოხატულება, რომელსაც ებრაელები მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეების დასანახად აფრიალებდნენ და ამ ფორმით ითხოვდნენ დახმარებას. გარდა ამისა, ფაქტი, რომ გოგონას მის გარშემო ხოცვა-ჟლეტაზე რეაქცია არ აქვს, ასახავს მოკავშირეთა უმოქმედობას, რომლებიც ებრაელ ხალხს არ დაეხმარნენ.

ემოციურია ფილმის ბოლო სცენაც, როცა შინდლერის გადარჩენილი რეალური ადამიანები მის საფლავს პატივს მიაგებენ.

პიანისტი

ეს არის დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ისტორია ჰოლოკოსტს გადარჩენილი კიდევ ერთი ებრაელისა, რომელსაც სიცოცხლე გერმანელმა ოფიცერმა შეუნარჩუნა. ისტორიის მთავარმა გმირმა ებრაული წარმოშობის პოლონელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ვლადისლავ შპილმანმა ჰუმანურობის ეს ამაღელვებელი ამბავი თავის მემუარებში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღწერა, თუმცა მისი წიგნი საბჭოთა ცენზურამ აკრძალა, რადგან ავტორის მიერ მოთხრობილი მოვლენები საბჭოთა მთავრობის მიერ ინტერპრეტირებულს არ ემთხვეოდა.

შიმშილისა და სიცივისგან დაუძლურებული შპილმანი 1944 წლის ნოემბერში თავს ნახევრად დანგრეულ სახლს აფარებს, სადაც მოულოდნელად გერმანელ ოფიცერს ვილჰელმ ჰოზენფილდს წააწყდება. ოფიცერი შეშინებულ შპილმანს სთხოვს, ფორტეპიანოზე დაუკრას, მას შემდეგ, რაც მისი პროფესიის შესახებ შეიტყობს. პიანისტი მისთვის ფრედერიკ შოპენის ნოქტიურნს C# მინორს ასრულებს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამის შემდეგ ოფიცერი მას რეგულარულად აწვდიდა საკვებს და ასე შეუნარჩუნა სიცოცხლე, თავად კი წითელი არმიის ტყვეობაში დაიღუპა.

ვლადისლავ შპილმანი 1988 წლის ასაკში გარდაიცვალა, მის მიერ გამოვლილი უმძიმესი წლები და გერმანელი ოფიცრის ჰუმანურობის ამბავი კი სამუდამოდ შემორჩა ისტორიას. შპილმანის მემუარების მიხედვით ასევე ჰოლოკოსტსგადარჩენილმა რეჟისორმა რომან პოლანსკიმ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო კინოსურათი „პიანისტი“ გადაიღო, რომელიც ეკრანებზე 2002 წელს გამოვიდა.

გეიშას მემუარები

ართურ გოლდენის „გეიშას მემუარები“ ასევე მე-2 მსოფლიო ომის პერიოდში მომხდარ ისტორიას მოგვითხრობს. მისი გმირები ავტორმა შექმნა. ეს ისტორიული მხატვრული ნოველა მთელი სიმძაფრით აღწერს ახალგაზრდა გოგონას გზას, რომელსაც იგი გეიშობამდე მიჰყავს. მოვლენები ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ვითარდება.

1920-იან წლებში 9 წლის ბავშვს გეიშას სახლს მიჰყიდიან. გოგონა წლების განმავლობაში მსახურობს ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს იღებს, სანამ სახლის იერარქები არ გადაწყვეტენ, რომ საკმარისად კარგია მამაკაცი კლიენტებისთვის მომსახურების გასაწევად: სასაუბროდ, სიმღერისა და ცეკვისთვის. წლების შემდეგ ის საოცარი სილამაზისა და გავლენების მქონე გეიშა ხდება, მისი ცხოვრება მშვიდად მიმდინარეობს მანამ, სანამ მე-2 მსოფლიო ომი მის ცხოვრებასაც არ დაანგრევს.

წიგნის ადაპტაცია, რომელიც რობ მარშალმა გადაიღო, ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა და ომის თემატიკაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად არის მიჩნეული.

ბულბული

„ბულბული“ მე-2 მსოფლიო ომის თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, რომლის ეკრანიზაციაც 2022 წელს გამოვიდა.

მისი ავტორი კრისტინ ჰანა მოგვითხრობს 1939 წლის საფრანგეთში მცხოვრები ორი პარიზელი დის შესახებ, რომელთაც ქვეყანაში ნაცისტური გერმანიის შეჭრის შემდეგ შიმშილი, დამცირება და ტანჯვა ელით, თუმცა სამშობლოს სიყვარული და ადამიანური ურთიერთობები ბოროტებას ამარცხებს. დები თავდაპირველად გაუცხოებულები არიან, თუმცა ერთმანეთს პოულობენ და მათი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება.

მელანი ლორანის ისტორიული დრამა მალევე გახდა პოპულარული და ომის თემატიკაზე სანახავ ახალ ფილმებს შორის ერთ-ერთი საინტერესო სურათია.

ამერიკელი სნაიპერი

„ამერიკელი სნაიპერი“ კრის კაილის ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელიც 1999-2009 წლებში ავტორის სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს. მის მიხედვით რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა გადაიღო ისტორიული ბიოგრაფიული დრამა, რომელიც ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა. მასში ნაჩვენებია სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრ კრის კაილის ისტორია, რომელიც განმსჭვალულია პატრიოტიზმითა და თავდადებით. სნაიპერმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა. მას თანამებრძოლებმა, ვის სიცოცხლესაც ერაყში იცავდა, „ლეგენდა“ შეარქვეს, მტრებმა კი - „ალ-შაითანი“ ანუ ეშმაკი და მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესეს. კრის კაილს მძიმე დაღი დაასვა მეგობრების სიკვდილმა და ეს მოვლენები მის ცხოვრებას მუდმივად თან სდევდა.