ავტორი:

"შეგიძლიათ, გაიღიმოთ" - ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის უცნობი დეტალები, მთავარი გზავნილი პუტინს, ისტორიული კადრები და კრემლის ჩაშლილი გეგმა

"შეგიძლიათ, გაიღიმოთ" - ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის უცნობი დეტალები, მთავარი გზავნილი პუტინს, ისტორიული კადრები და კრემლის ჩაშლილი გეგმა

დღეს, 20 თებერვალს კიევში დილიდან "მთავარ პარტნიორს" ელოდნენ, თუმცა მედიისთვის უცნობი იყო თუ ვინ ეწვეოდა უკრაინის დედაქალაქს. ჯო ბაიდენის ვიზიტი სიურპრიზი და მოულოდნელობა აღმოჩნდა.

კიევში უკრაინის მთავარი მოკავშირე ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩავიდა. მაშინ, როცა რუსები ერთი წლის წინ კიევის აღებას გეგმავდნენ, კრემლში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევის ქუჩებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისეირნებდა.

კრემლის გეგმა, რომ საბედნიეროდ, ყოველთვის არ სრულდება, ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტითაც ნათლად დადასტურდა, აშშ-ის პრეზიდენტი კიევის საკათედრო ტაძარს ესტუმრა, შეხვდა უკრაინის პრეზიდენტსა და პირველ ლედის და მკაფიო განცხადებებიც გააკეთა.

  • რა თქვა ბაიდენმა?

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დამპყრობელი სასტიკად მარცხდება. მისი თქმით, თითქმის ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას იმედი ჰქონდა, რომ მსოფლიო ერთიანობას ვერ შეინარჩუნებდა, მაგრამ შეცდა.

"ერთი წლის შემდეგ, მტკიცებულება სწორედ აქ არის, ამ ოთახში. ჩვენ აქ ერთად ვდგავართ. უკრაინა დგას. დემოკრატია დგას. ამერიკელები თქვენ გვერდით დგანან, მსოფლიო თქვენ გვერდით დგას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან უკრაინას ხანგრძლივი მხარდაჭერა აღუთქვა და განაცადა, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია.

"მისთვის ღირს ბრძოლა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭიროა და ჩვენც ვიქნებით თქვენს გვერდით იმდენხანს, რამდენხანსაც საჭიროა. ყველა უთანხმოების მიუხედავად, რომელიც კონგრესში გვაქვს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე, ეს არ ეხება მხოლოდ თავისუფლებას უკრაინაში, ეს ეხება ზოგადად დემოკრატიის თავისუფლებას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ომში უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ ეჭვი არ არსებობდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიევში მისი ჩასვლა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის დედაქალაქში მერვედ იმყოფება და ამჯერად მისი ვიზიტის მიზანია, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცეს, რომ "შეერთებული შტატები აქაა იმისთვის, რომ დარჩეს, ჩვენ არ დაგტოვებთ“.

  • რა თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბურ პაკეტს ელოდება.

"დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ შორ მანძილზე მოქმედების იარაღისა და იმ იარაღის საკითხი, რომელიც უკრაინას აქამდე არ მიუღია და შესაძლოა, მომავალში მიეწოდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ დაანონსებული დახმარების ახალი პაკეტი არის იმის ნიშანი, რომ რუსეთს რევანშის შანსი არ ექნება.

"ასეთი მნიშვნელოვანი პაკეტი არის ცალსახა სიგნალი, რომ რუსეთის რევანშის მცდელობებს შანსი არ ექნება. ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენს ქალაქებს, ჩვენს ხალხს რუსული ტერორისგან და გავაძლიერებთ ჩვენი გამარჯვების იმპულსს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი ჯო ბაიდენთან ერთად
  • მკაფიო შეტყობინება ვლადიმერ პუტინს

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი ანალიტიკოსი, პატრიკ ბერი აცხადებს, რომ ბაიდენის კიევში ვიზიტის მთავარი მიზანია, ნატო-მ აჩვენოს რუსეთის პრეზიდენტს, რომ ისინი "საქმეში არიან გრძელვადიან პერსპექტივაშიც."

"ისინი ამით უგზავნიან მესიჯს ვლადიმერ პუტნს - ჩვენ ვართ ამ საქმეში და არ ვაპირებთ უკან დახევას. სავარაუდოდ, ეს ვიზიტი დაიგეგმა კარგა ხნით ადრე. რა თქმა უნდა, მსგავსი ვიზიტები მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს და გეგმას და ალბათ, ეს განიხილეს დეკემბერში მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია“, - აცხადებს ექსპერტი BBC-სთან.

  • ისტორიული დღე

კიევში მცხოვრები ადვოკატი როქსოლინა გერა ამბობს, რომ ის საოცრად გაკვირვებული იყო, როცა ქუჩა გადაკვეთა და იქ ჯო ბაიდენი დაინახა. "მადლიერი ვარ მისი მხარდაჭერის გამო, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვაფასებ მის გამბედაობას. მიიღო გამოწვევა და მხარდაჭერა გამოხატა. ეს ისტორიული დღეა", - ამბობს ადგილობრივი.

  • "მამაო, შეგიძლია, გაიღიმო"

ჯო ბაიდენი კიევის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. მიტროპოლიტი ლავრენტი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მშვენიერ ხასიათზე იყო. "მამაო, შეგიძლია, გაიღიმო", - მითხრა მან. ალბათ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული სახით ვიყავი“, - იხსენებს მიტროპოლიტი.

სასულიერო პირი ამბობს, რომ მას უთხრეს, მაღალი დონის უცხოური დელეგაციის ვიზიტის შესახებ, მაგრამ არ იცოდნენ, თუ ვინ ესტუმრებოდა. მისივე თქმით, ბაიდენს ტაძრის ისტორია უამბო. პრეზიდენტმა ეკლესია დაათვალიერა, თქვა, რომ ეკლესიასთან ახლოსაა, რომ მორწმუნეა და რელიგიური განათლებაც აქვს მიღებული.

იხილეთ ასევე: