ავტორი:

"არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს ან ამერიკული, ან რუსული კანონი, ან "ხალხის ძალის“ კანონპროექტი" - ირაკლი კობახიძე

"არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს ან ამერიკული, ან რუსული კანონი, ან "ხალხის ძალის“ კანონპროექტი" - ირაკლი კობახიძე

"მე არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს, ან ამერიკული, ან რუსული კანონი, ან ეს კანონპროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ აქვს წაკითხული და ასე ემოციურ ფონზე გააკეთა ეს განცხადება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც "ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უპასუხა.

  • მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოცხადება იმ კანონპროექტზე, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, ღიმილისმომგვრელია.

"მე არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს, ან ამერიკული, ან რუსული კანონი, ან ეს კანონპროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ აქვს წაკითხული და ასე გააკეთა ემოციურ ფონზე ეს განცხადება. ეს მისი უფლებაა. ამაში ჩვენ ვერ შევალთ. არაერთხელ უცდია პრეზიდენტს, რომ მასთან კინკლაობაში შეგვიყვანოს, თუმცა ჩვენ მას კინკლაობაში, რა თქმა უნდა, არ ავყვებით. ეს არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა.

ჯერ საერთოდ არ არის კანონპროექტის განხილვა დაწყებული და უკვე ვეტოს აცხადებს პრეზიდენტი, ისე რომ შინაარსი არ იცის. რა იქნება მიღებული არ იცის და წინასწარ აცხადებს ვეტოს. ეს ღიმილისმომგვრელია. თვითონ აცხადებდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი და ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში "ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს. განცხადების თანახმად, ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.