ავტორი:

"როგორ მოგმართოთ ბატონო შალვა - ბატონო სპიკერო, თუ ბატონო აგენტო?!" - ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილს

"როგორ მოგმართოთ ბატონო შალვა - ბატონო სპიკერო, თუ ბატონო აგენტო?!" - ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილს

"როგორ მოგმართოთ ბატონო შალვა - ბატონო სპიკერო, თუ ბატონო აგენტო?! ყოფილი დამსახურებული აგენტი, მე ასე მოგმართავთ, რადგან თქვენც იმ წიაღიდან მოდიხართ, რომელსაც ახლა აგენტად გამოცხადებას უპირებთ. ბატონო შალვა, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელის და გვარის დაფიქსირება მოგიწევთ ამ კანონის ქვეშ, რითაც გადახაზავთ საკუთარ წარსულს, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე "ქართულ ოცნებაში“ გადმობარგების შემდეგ აკეთებთ", - ასე მიმართა "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა "ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე.

ნაცვლიშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას აუქმებს.

"მე ვერ მოვისმინე თქვენი მხრიდან დამაჯერებელი პასუხი, თუ რატომ არ არის საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იქ, სადაც უნდა იყოს ახლა, კიევში, სადაც გლობალური ლიდერები იკრიბებიან ახალი უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ჩვენ უკვე ვიყავით იქ და ეს იყო სწორი ნაბიჯი. გუშინ თქვენ არ გქონდათ არანაირი ახსნა-განმარტება, რატომ თქვით უარი მოწვევაზე ისე, რომ არც კი განგიხილავთ არავისთან და ნიშანდობლივია, რომ დღევანდელ სხდომაზე არ იმყოფება "მეგობრობის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, ბატონი თალაკვაძე. არ აქვს არაფერი სათქმელი იმასთან დაკავშირებით, რატომ ვერ ჩავიდა კიევში?! ძალიან ცუდი, ეს უკვე პასუხია მისი მხრიდან.

რაც შეეხება ამ კანონს, აქ ოჩიგავას საქმეზე რომ ლაპარაკობდით, შემთხვევით, ხომ არ მოგიკითხავთ, ეს საქმე ვინ მოიგო, ვინ მუშაობდა ამ საქმეზე ისევე, როგორც ნაწამები პატიმრების და დაჩაგრული ადამიანების საქმეებზე წლების განმავლობაში? - ზუსტად ის ხალხი მუშაობდა, რომელსაც თქვენ ახლა უპირებთ უცხო ქვეყნის აგენტები დაარქვათ და შემდეგ ქუჩებში მიუქსიოთ თქვენი "ტიტუშკები“ - აი, ეს არის სცენარი. თქვენ, ბატონო შალვა, ძალიან კარგად იცით, რომ თითოეული თეთრი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, აქტივისტთა ჯგუფები და მოქალაქეები იღებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომლისგანაც თქვენ, ბიუჯეტში იღებთ მილიონობით თანხას და იგივე პარტნიორები აფინანსებენ ჩვენს თავდაცვას, ჯანდაცვას, განათლებას, გელათის რეაბილიტაციას და ა.შ. აი, ის თანხები იხარჯება გამჭვირვალედ და როგორც დონორები, ისევე სახელმწიფო სრულ ინფორმაციას ფლობს, ვისგან მოდის ეს თანხები და შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჰგონია, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ქვეყანა აგენტურულ ქსელს აბამს და იმას ელოდება, რომ აგენტი მივა და დაწერს აგენტი ვარო. ეს შეურაცხყოფაა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებისთვის. თუ ასეთი რამე ხდება, თუ გავლენების ქსელია გაბმული და უსაფრთხოების სამსახური ელოდება, ვინ როდის გამოიცხადებს თავს აგენტად, სირცხვილია ეს.

თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს გამჭვირვალობის კანონი არ არის, ეს არის კანონი, რომელიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოებას ამ ქვეყანაში. ჩვენ არ გვჭირდება გამოცნობა და თეორიული ექსპერიმენტი. ჩვენ ვნახეთ რუსეთში ამ კანონის შედეგები. ბატონო შალვა, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელის და გვარის დაფიქსირება მოგიწევთ ამ კანონის ქვეშ, რითაც გადახაზავთ საკუთარ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე "ქართულ ოცნებაში“ გადმობარგების შემდეგ აკეთებთ. ამაზე იფიქრეთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.