ავტორი:

ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების დაკავებულ წევრებს შორის 5 ქალია: "ისინი ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ" - რას წერს ესპანური მედია?

ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების დაკავებულ წევრებს შორის 5 ქალია: "ისინი ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ" - რას წერს ესპანური მედია?

20 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ, მადრიდში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სამკაულები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი და აქსესუარები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა ნივთები.

მედიის ინფორმაციით კი, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ "ორგანიზაციას ჰქონდა ძალიან მძლავრი დანაშაულებრივი სტრუქტურა".

"ორგანიზაციაში იერარქია იყო მყარი და დაყოფილი იყო ნაწილებად, რაც "რკინის კოდექსით" იყო გამაგრებული. მის მიზანს წარმოადგენდა ლიდერის დაცვაც. ეს დაყოფა მას აქცევდა პოლიციისთვის მიუწვდომლად - იმ შემთხვევაში, თუ მის რომელიმე წევრს დააკავებდნენ, ორგანიზაციის ის ნაწილი, რომელსაც ის წარმოადგენდა, მომენტალურად გადაჯგუფდებოდა. ძარცვისთვის ისინი იყვნენ დაყოფილი ოპერატიულ ჯგუფებად, რომლებიც 2-5 ადამიანისგან შედგებოდა", - წერს ესპანური მედია.

ქართველი "კანონიერი ქურდების’’ დაკავება - ამ სათაურით აქვეყნებს ერთ-ერთი ესპანური გამოცემა სტატიას, რომელშიც ვკითხულობთ:

"დანაშაულებრივი დაჯგუფება რამდენიმე ათეული წევრისგან შედგებოდა. გამოძიება შარშან 2022 წლის ბოლოს დაიწყო. ეროვნულმა პოლიციამ რამდენიმე ქურდობა ერთმანეთს დაუკავშირა და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, 25 პირი დააპატიმრა. მათ შორის 5 ქალია, რომლებიც ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ. ისინი მძარცველებს სამიზნე ობიექტებზე ინფორმაციას აწვდიდნენ".

როგორც ირკვევა, სპეცოპერაციის ფარგლებში, ჩხრეკა შვიდ მისამართზე ჩატარდა. როგორც პოლიცია განმარტავს, დაკავებულებს ბრალი ედებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მინიმუმ 15 სახლის გაძარცვაში. მათი დაკავება მოხდა მადრიდში, სადაც კრიმინალური ორგანიზაცია იყო დაფუძნებული მძარცველთა პატარ-პატარა ჯგუფები წინასწარ ნიშნავდნენ სამიზნე სახლს, მას მერე, რაც იღებდნენ ინფორმაციას, რომ შინ არავინ იყო, ტეხავდნენ კარს და შედიოდნენ გასაძარცვად.

გაძარცვული სახლების ნაწილი დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში - ალკობენდასში მდებარეობს.

ესპანეთში დაკავებული პირები ქვეყანაში არალეგალურად, ყალბი საბუთებით იმყოფებიან.

კრიმინალურ დაჯგუფებას ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ხელმძღვანელობდა. პოლიცია, მის ვინაობას, ჯერჯერობით, არ ამხელს.

სამართალდამცავთა თქმით, გამოძიება გრძელდება, არ არის გამორიცხული კრიმინალური დაჯგუფების დანარჩენი წევრების დაკავებაც მოხდეს.

  • მოამზადა გვანცა ახვერდაშვილმა