ავტორი:

ვინ იყო მასწავლებელი, რომელიც ცაგერში მეწყერს ემსხვერპლა?

ვინ იყო მასწავლებელი, რომელიც ცაგერში მეწყერს ემსხვერპლა?

ცაგერში მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამ წუთებში ამოიყვანეს. ის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის დროს იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც ჩამოშლილმა მასამ ქვეშ მოიყოლა. გარდაცვლილია გელა ლიპარტელიანი, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი.

შემთხვევა სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ლიპარტელიანი მიდიოდა სოფელ ჩქუმში, სადაც დღეს გაკვეთილები უნდა ჩაეტარებინა. ის სოფელ ისუნდერში ცხოვრობდა. ჩქუმის სკოლაში ლიპარტელიანი ინგლისურ ენას ასწავლიდა.

"ჩქუმის საჯარო სკოლაში ასწავლიდა. საკუთარი სოფლიდან მოდიოდა ჩქუმში, სადაც დღეს გაკვეთილები ჰქონდა ჩასატარებელი... საღამოს 8 საათისთვის არის ჩამოწოლილი ქვის მასა. ცოტა ხნის წინ ამოვიყვანეთ ცხედარი და გადავასვენეთ ოჯახში. ძალიან კარგი ადამიანი იყო", - გვიყვება ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი.

გელა ლიპარტელიანი 43 წლის იყო, დასაოჯახებელი. მისი სამძებრო სამუშაოები 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩქუმისა და ქულბაქის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო სოფლების 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს მოწყვეტილია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება. ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი გუშინ ჩამოწვა.