ავტორი:

გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს - რას წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს - რას წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მხარდაჭერისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს.

"მე, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოგმართავთ მხარდაჭერისთვის, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში. ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა - მათ აირჩიეს ევროკავშირი, როგორც მათი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი. დღეს, ჩვენ ამ მიზნის მიღწევასთან ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს. დღეს ეს შესაძლებლობა გააჩინა უკრაინელი ხალხის გმირობამ და მიზანდასახულობამ და ამ შესაძლებლობის გამოყენებისთვის გვჭირდება თქვენი დახმარება.

რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ შექმნა ცივი ომის შემდგომ ისტორიაში გარდამტეხი მომენტი და ჩვენი გეოპოლიტიკური ინტერესები დააახლოვა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ორივე მხარისთვის იქნება სარგებლის მომტანი. ევროპაში აღარ დარჩა სივრცე გაურკვევლობისთვის. იმპერიების ნგრევის და მათი გავლენის სფეროების შემცირების გარეშე არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება. მე ღრმად მწამს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაეხმარება საქართველოს, მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები და გავაღრმავოთ თანამშრომლობა, რათა სათანადოდ ვუპასუხოთ გამოწვევებს.

გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ უნდა იქნას მიღებული, დიდწილად განსაზღვრავს საქართველოს მომავალ განვითარებას და დემოკრატიის ბედს. ბევრი თქვენგანი დღეს შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მდგომარეობით. ევროინტეგრაციის პროცესს შეუძლია ეს მდგომარეობა შეცვალოს. ამის საპირისპიროდ, უარი ევროინტეგრაციაზე შექმნის ვითარებას, რაც საქართველოს მიიყვანს ავტორიტარულ მმართველობამდე. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არა მხოლოდ მოახდენს ევროკავშირის მხარდაჭერის დემოსტრირებას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისადმი, არამედ ხელს შეუწყობს მთლიან რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

წინასწარ მადლობას მოგახსენებთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - ნათქვამია გახარიას მიმართვაში.