ავტორი:

"პუტინი უნდა დარწმუნდეს, რომ ვერ გაიმარჯვებს" - როდის შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები და კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი: რას ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში?

"პუტინი უნდა დარწმუნდეს, რომ ვერ გაიმარჯვებს" - როდის შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები და კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი: რას ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში?
  • ფოტოზე: პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და იმჟამად რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი. 2020 წლის თებერვალი

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა BBC-სთან ისაუბრა იმაზე, რამდენად შესაძლებელია კრემლთან მოლაპარაკება.

ამერიკელი დიპლომატი მოსკოვში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მუშაობდა. როგორც ამბობს, ის ესაუბრებოდა რუს ოფიციალურ პირებს ომის თავიდან აცილების შესაძლებლობაზე, თუმცა მათი მხრიდან ამ საკითხისადმი ინტერესი არ ყოფილა.

"ისინი მოითხოვდნენ რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიებს მაშინ, როდესაც უკრაინის უსაფრთხოებაზე არაფერს ამბობდნენ. როგორი აბსურდი და უბრალოდ, ფასადია ამგვარი "კომპრომატით" მთავარი თემისთვის თავის არიდება’’, - ამბობს სალივანი.

როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, უნდა იმუშაოს თუ არა კვლავაც შეერთებულმა შტატებმა და გააგრძელოს მოლაპარაკებები კონფლიქტის დასასრულებლად, ელჩმა უპასუხა, რომ: "პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომამდე არ იყო დაინტერესებული მოლაპარაკებებით. მას რაიმე სახის კომპრომისზე წასვლა ჯერ კიდევ არ სურს".

მოგეხსენებათ, ამის საპასუხოდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ყურადღება გაამახვილა უკრაინის შეიარაღებისთვის გლობალური მხარდაჭერის მოპოვებაზე, მილიარდობით დოლარის იარაღი იგზავნება ქვეყანაში, რუსეთს კი უმძიმეს სანქციებს პერმანენტულად უწესებენ.

21 თებერვალს, სიტყვით გამოსვლისას პუტინმა გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ ომი დასავლეთმა დაიწყო. რომ ის იყენებს უკრაინას და მოსკოვის "სტრატეგიულად დამარცხებას’’ ცდილობს.

სალივანი ამბობს, რომ მოსკოვის მიერ გამოცხადებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" წარუმატებლობის მიუხედავად, კრემლის მიერ თავდაპირველად გამოცხადებული მიზნები იგივე რჩება - უკრაინის "დენაციფიკაცია’’ და "დემილიტარიზაცია’’. ამ სიტყვებში იგულისხმება, როგორც კიევის ხელისუფლების დამხობა, ასევე უკრაინელი ხალხის დამორჩილება. ეს არის პრეზიდენტ პუტინის იმ ხედვის ნაწილი, რაც მისი უმთავრესი მიზანია - შექმნას დაშლილი საბჭოთა კავშირის მსგავსი "დიდი სახელმწიფო".

"ის არასოდეს იქნება კმაყოფილი, ვიდრე ზელენსკი და მისი მთავრობა იარსებებენ. პუტინის რეჟიმს რუსეთისთვის და მისი ხედვისთვის დიდ საფრთხედ მიაჩნია უკრაინის ნებისმიერი წინსვლა.

  • რა დასჭირდება პუტინს ომის შესაჩერებლად?

"ის უნდა დარწმუნდეს, რომ ვერ გაიმარჯვებს’’, - ამბობს სალივანი და დასძენს: "ჩემი აზრით, ბრძოლის ველზე რუსული ჯარის წარუმატებლობები დიდად მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს პუტინისთვის. ის ჯერჯერობით ადვილად არ დანებდება".

"უკრაინელი ხალხი არაფრის პატიებას და დავიწყებას არ აპირებს... პრეზიდენტ ზელენსკის ომის დამთავრების მიზნით, ტერიტორიებიც რომ დაეთმო რუსეთისთვის, უკრაინელი ხალხი ამას ვერასდროს შეეგუებოდა’’, - ამბობს ყოფილი ელჩი.

ასეთი მასშტაბის სამხედრო, პოლიტიკური და იდეოლოგიური დაპირისპირების გათვალისწინებით, აშშ მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ომისთვის.

სალივანი ვარაუდობს, რომ ომი წელს არ დასრულდება და აქვე იმასაც დასძენს, რომ რუსეთი ამ ომში ვერასდროს მოიპოვებს გამარჯვებას.

  • მოამზადა გვანცა ახვერდაშვილმა