ავტორი:

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა - ხელისუფლება კი დასავლეთის სასურსათო დახმარებას "მოწამლულ კანფეტს" უწოდებს და ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებს

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა -  ხელისუფლება კი დასავლეთის სასურსათო დახმარებას  "მოწამლულ კანფეტს" უწოდებს და ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებს

სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის უამრავ პროვინციაში, მოსახლეობის შიმშილისგან სიკვდილის შემთხვევები იზრდება. მიუხედავად ამისა, კიმ ჩენ ინის რეჟიმი წინააღმდეგია, რომ სხვა ქვეყნებისგან დახმარება მიიღოს. ჩრდილოეთ კორეის მთავარი სახელმწიფო გაზეთის, Rodong Sinmun-ის თქმით, სურსათის დეფიციტთან გასამკლავებლად გარედან შემოსული დახმარების მიღება "მოწამლული კანფეტის“ ჭამას ჰგავს.

ჩრდილოეთ კორეა სურსათის ნაკლებობის პრობლემას უკვე რამდენიმე წელია ებრძვის. ეს ბუნებრივი კატასტროფებით, საერთაშორისო სანქციებით, ჩინეთთან ვაჭრობის მკვეთრი შეფერხებით, საზღვრების ჩაკეტვით და კორონავირუსის "ლოკდაუნებითაა“ გამოწვეული.

Rodong Sinmun-მა მკითხველს ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და "იმპერიალისტებისგან“ დახმარების მიღების შესახებ გაფრთხილა. მათი თქმით, ეს მახეა: მათ სურთ გამოიმწყვდიონ პრობლემის წინაშე მდგომი ქვეყნები, რათა გაძარცვონ ისინი და დაიმორჩილონ, შემდეგ კი მათ შიდა პოლიტიკაში ჩაერიონ: "შეცდომა იქნება, თუ ეკონომიკის გაუმჯობესებას მოწამლული კანფეტის მიღებაზე თანხმობით შევეცდებით“,- ნათქვამია მუშათა პარტიის გაზეთის კომენტარში.

გაეროს სააგენტოების უმეტესობამ და დასავლურმა დახმარების ორგანიზაციებმა ჩრდილოეთ კორეა მიატოვეს, შედეგად, ქვეყნისთვის სურსათის მიღების ერთ-ერთ მთავარ რესურსად ჩინეთი რჩება.

"სურსათის წარმოება წინა წელთან შედარებით შემცირდა და საკვების მიწოდების და განაწილების პოლიტიკის ცვლილების გამო, დისტრიბუციის პრობლემებმა იჩინა თავი“, - განუცხადა ჟურნალისტებს სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს წარმომადგენელმა. მინისტრმა, კვონ იანგ-სემ განაცხადა, რომ ფხენიანმა გაეროს სურსათის სააგენტოს მხარდაჭერა სთხოვა, მაგრამ მონიტორინგის საკითხზე უთანხმოების გამო, პროგრესი არ ყოფილა.

38North.org-ის ანალიზის თანახმად, ქვეყანაში საკვების ხელმისაწვდომობა ასეთი არამდგრადი 1990-იანი წლების ჩრდილოეთ კორეის შიმშილობის შემდეგ აღარ ყოფილა. ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.

2022 წელს, მსოფლიოს სასურსათო პროგრამის გამოთვლით, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 40%-ზე მეტი, დაახლოებით 10.7 მილიონი ადამიანი, არასაკმარისად იკვებებოდა და ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებდა. ექსპერტების თქმით, გასულ წელთან შედარებით, ეს რიცხვი გაიზრდება. კლიმატთან დაკავშირებულმა კატასტროფებმა, როგორიცაა გვალვა, წყალდიდობა, ტაიფუნი და სიცხის ტალღები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას აფერხებენ, კიდევ უფრო გააუარესა ჩრდილოეთ კორეის სურსათის ნაკლებობის პრობლემა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა