ავტორი:

"რეალურად, ბჟანიამ ლუკაშენკოს ვალი დაუბრუნა..." - რა მოლოდინები აქვთ აფხაზებს ე.წ. პრეზიდენტის ბელარუსში ჩასვლის შემდეგ?

"რეალურად, ბჟანიამ ლუკაშენკოს ვალი დაუბრუნა..." - რა მოლოდინები აქვთ აფხაზებს ე.წ. პრეზიდენტის ბელარუსში ჩასვლის შემდეგ?

ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მინსკში ჩავიდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აფხაზეთის ლიდერი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.

თავად ლუკაშენკო სოხუმს 2022 წლის სექტემბერში ეწვია, რის შემდეგაც, ის ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. მაშინ აფხაზეთში გაჩნდა მოლოდინი, რომ ბელარუსი აფხაზეთის აღიარებისთვის წინაპირობებს ამზადებდა, თუმცა ამ მხრივ იმედი გაუცრუვდათ.

ბჟანიას მინსკში ჩასვლიდან რამდენიმე საათში, აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ.

ამასთან, ბელარუსში აფხაზური დელეგაციის ვიზიტის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას თანამშრომლობის გეგმების შესახებ, რომელზეც სოხუმი და მინსკი შეთანხმდნენ.

  • ინალ არძინბას "უწყების" ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბელარუსსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდება, კერძოდ, ბელარუსში შეიტანენ გასაყიდად აფხაზურ პროდუქციას, აფხაზეთში კი – ბელარუსის.

გარდა ამისა, აფხაზური მხარის ცნობითვე, მიღწეულია შეთანხმება, რომ აფხაზი IT სფეროს სპეციალისტები ბელარუსში გადამზადდებიან.

ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის ცნობით, არძინბასა და ბჟანიას ბელარუსში ჩასვლამდე, ადგილობრივ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში იგეგმებოდა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან აფხაზეთის ინტეგრაციის საკითხებზე მსჯელობა. თუმცა, ამის შესახებ, მოსკოვსა და მინსკში არც ბჟანიას ლუკაშენკოსთან სტუმრობამდე და არც შემდეგ, არაფერი თქმულა.

"როგორც იქნა, მინსკამდე ჩამოაღწიეთ" – უთხრა ლუკაშენკომ ბჟანიას. ბელარუსი დიქტატორის თქმით, არ ესმის თბილისის მწვავე რეაქციის, როდესაც აფხაზებს ხვდება, რადგან ბელარუს ხალხს აფხაზებთან მეგობრული ურთიერთობები სურს...

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა, თუმცა აფხაზების თქმით, ლუკაშენკოს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობასთან დაახლოების ფონზე, საგარეო პოლიტიკური მიმართულების მხრივ, ჯერაც არაფერი შეუცვლია, რაც მათ პოზიტიურ მოლოდინს არ უტოვებს...

აფხაზი ჟურნალისტი, ადგილობრივი გამოცემა Чегемская правда-ს მთავარი რედაქტორის, ინალ ხაშიგის მოსაზრებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში ასლან ბჟანიასთან შეხვედრის შემდეგ, ბელარუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში ახალი თამასა აწია.

აფხაზი ჟურნალისტის თქმით, რუსი ექსპერტები გასული კვირის განმავლობაში, აქტიურად წინასწარმეტყველებდნენ ახალი ეტაპის დაწყებას საკავშირო სახელმწიფო პროექტზე, თუმცა ამ პროექტზე პუტინს თავის ბოლო გამოსვლაში არაფერი უთქვამს.

"ბჟანიამ ლუკაშენკოს ვალი დაუბრუნა – შარშან ხომ ბელარუსის ლიდერი, მოულოდნელად ეწვია აფხაზეთს, ახლა კი ასლან ბჟანიას მოუწია ჩასვლა.

ლუკაშენკომ ამ მოკლე გამოსვლით, როგორც ჩანს, არა ასლან ბჟანიას, არამედ რეალურად სრულიად სხვა მოთამაშეებს მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში კვლავ ყველაზე მოქნილი დიპლომატია" - მიაჩნია ხაშიგს.

თუმცა, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს სულაც არ მიაჩნია სახარბიელოდ ბელარუსთან ასეთი დაახლოება.

"ჯერ ერთი, მსოფლიოში ცნობილია, რომ ლუკაშენკო დიქტატორია, ის ადამიანის უფლებებს არაფრად დაგიდევთ, არ ცნობს დემოკრატიას, არჩევნების შედეგებს, ციხეში ჰყავს ათასობით ოპოზიციონერი და აქტივისტი და მასზე ვაკეთებთ სწორებას, რატომ, რა "სიკეთეებისთვის"? პუტინის ფავორიტია, უკრაინის ომის შემდეგ, მას ლუკაშენკოს გარდა არავინ ელაპარაკება. კარგად დავფიქრდეთ, საით ვიღებთ გეზს" - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.