ავტორი:

"მანქანაში ჩასვეს, სცემეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ" - პროკურატურამ სამ პირს ბრალი წადუგინა

"მანქანაში ჩასვეს, სცემეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ" - პროკურატურამ სამ პირს ბრალი წადუგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის, ძალადობისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს გამოვლენილი დანაშაულის ფარგლებში, ბრალდება კიდევ ერთ პირს - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის დასაწყისში, ბრალდებულები დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ. 9 თებერვალს დანაშაულში მონაწილე პირებმა ეს უკანასკნელი ჩასვეს ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, რა დროსაც სცემეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის პირველი (პრიმა) ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ერთ პირს - 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოვლენილი დანაშაულის შედეგად, ბრალდება წარედგინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირს საქართველოს სსკ-ის 273-ე (პრიმა) მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.