ავტორი:

პირის ღრუს დაავადებები და პროფილაქტიკა - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი მაია სოსებაშვილი

პირის ღრუს დაავადებები და პროფილაქტიკა - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი მაია სოსებაშვილი

რა იწვევს პირის ღრუს დაავადებებს?

ადამიანის პირის ღრუში არის უამრავი სახეობის მიკროორგანიზმი. ისინი სწრაფად მრავლდებიან და წარმოქმნიან მიკრობულ ბიოაპკს, რომელიც მჭიდროდ მაგრდება კბილის და ღრძილების ზედაპირზე და იწვევენ პირის ღრუს დაავადებებს. კბილების გამოხეხვის დროს ხდება მიკრობული ბიოაპკის რღვევა და მისი მექანიკური ჩამოშორება კბილის ზედაპირიდან, მაგრამ რამოდენიმე საათში ბიოაპკი ისევ აღდგება, რადგან ბაქტერიები საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან. პირის ღრუში არის ძალიან კარგი პირობები ბაქტერიების გამრავლებისთვის. პირის ღრუს ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებები, რომელთა განვითარებასაც იწვევენ მიკროორგანიზმები გახლავთ კარიესი და პაროდონტიტი.

რა არის საჭირო პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკისათვის?

პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკის ოქროს სტანდარტი გახლავთ პირის ღრუს სწორი და რეგულარი ჰიგიენა. ჰიგიენაში ვგულისხმობთ სწორად შერჩეულ ჯაგრისს, კბილის პასტას, პირის ღრუს სავლებს და სხვა საშუალებებს. კბილების გამოხეხვა საჭიროა დღეში ორჯერ სპეციალურად თქვენთვის შერჩეული კბილის ჯაგრისებით და პასტებით. ასევე არსებობს მრავალი სახეობის პირის ღრუს სავლები სამკურნალო თუ პროფილაქტიკური დანიშნულების, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების წარმოქმნას, იწვევენ მინანქრის ზედაპირის მინერალიზებას და უზრუნველყოფენ ზოგადგამაჯანსაღებელ მდგომარეობას. ხშირად პაციენტები თავად ირჩევენ ჯაგრისს, კბილის პასტას ან სავლებს, რაც არასწორია. მაგალითად: დაუშვებელია ქლორჰექსიდინის შემცველი სავლების ხმარება ყოველდღიურ რეჟიმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ასევე ძალიან საფრთხილოა მათეთრებელი კბილის პასტების ხმარება ან შავი ფერის მაღალ აბრაზიული კბილის პასტების თვითნებური ხმარება. ბავშვებში ვარჩევთ კბილის პასტაში ფტორის შემცველობას, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ა.შ.

პროფილაქტიკური საშუალებით არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ კარიესი?

ზოგადად არსებობს უამრავი მიზეზი კარიესის წარმოსაქმნელად, სწორედ ამიტომ ჩვენ კარიესს მულტიფაქტორულ დაავადებას ვუწოდებთ. მნიშვნელოვანია: გენეტიკური განწყობა, კუჭნაწლავის დავადებები, დაბალი იმუნიტეტი, შაქრიანი დიაბეტი, მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტი, კვების ხასიათი. ნახშირწყლების სიჭარბე რაციონში, გარემო პირობები, ნერწყვის შემადგენლობა და ა.შ, მაგრამ რა თქმა უნდა გადამწყვეტია კარიესის გამომწვევი ბაქტერიები, რომელთა გარეშეც კარიესი არ განვითარდება, ამიტომ ისეთი პროფილაქტიკური ჩარევა როგორიცაა პირის ღრუს წმენდა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი უმნიშვნელოვანესია. წელიწადში ორჯერ ექიმთან ვიზიტი და პროფესიული წმენდის ჩატარება გახლავთ აუცილებელი პროცედურა ნებისმიერი ადამიანის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. .ასევე, კარიესის თავიდან ასაცილებლად ბავშვთა ასაკში საკმაოდ ეფექტურია ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიება, როგორიცაა ფისურების ჰერმეტიზაცია.

რა არის ფისურების ჰერმეტიზაცია?

კბილების ზედაპირის ანატომიური თავისებურებებიდან და რთული რელიეფიდან გამომდინარე, მათი ჯაგრისით სრული წმენდა ვერ ხერხდება. ეს ძირითადად ეხება უკანა კბილებს (მოლარებს). ფისურები პირის ღრუს ბაქტერიებისათვის იდეალური საცხოვრებელი ადგილია. აღნიშნული ბაქტერიების ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოიქმნება მჟავეები, რომლებიც იწყებენ კბილის მინანქრის დაშლას. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, სტომატოლოგი აკეთებს ფისურების ამოვსებას ანუ ჰერმეტიზაციას. ეს ხდება სპეციალური დენადი, ფტორირებული კომპოზიტით სილანტით, რის შედეგადაც ბაქტერიები ვეღარ აღწევენ კბილის ფისურებში და ვერ განაპირობებენ კარიესის ინიციაციას. ამგვარად, უდავოა, რომ მარტივი პროფილაქტიკური ღონისძიებებით სრულიად შესაძლებელია ავირიდოთ კარიესი. ჩემი რეკომენდაცია პაციენტებისთვის იქნებოდა : მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს პროფილაქტიკური ვიზიტების ჩასატარებლად, შესაბამისად თქვენი მომართვის მიზეზი არასოდეს იქნება კბილის ტკივილი.

NS