ავტორი:

"დალეწეს ყველაფერი, ოჯახის წევრები დასისხლიანებულები გამოიყვანეს... მათ წასასვლელი არსად აქვთ" - 8-სულიანი ოჯახში, რომელიც დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლეს, 2 არასრულწლოვანი, 2 კი ხანდაზმულია

"დალეწეს ყველაფერი, ოჯახის წევრები დასისხლიანებულები გამოიყვანეს... მათ წასასვლელი არსად აქვთ" - 8-სულიანი ოჯახში, რომელიც დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლეს, 2 არასრულწლოვანი, 2 კი ხანდაზმულია

დღეს, 23 თებერვალს, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელებმა თბილისში, არდაზიანის ქუჩაზე კერძო სახლში მცხოვრები გიგაურების ოჯახი იძულების წესით გამოასახლეს. ძალოვნებმა სახლის კარი უროთი შეამტვრიეს და 4 ადამიანი დააკავეს. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ლაშა გიგაურის თქმით, სახლში რვა სული ცხოვრობდა, მათგან ორი არასრულწლოვანია, ორი კი - ხანდაზმული.

გიგაურების ოჯახის ადვოკატის ნანო ცხადაიას ინფორმაციით, გამოსახლების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღსრულების გადავადების მოთხოვნა. მისივე თქმით, გამოსახლების შეჩერების საფუძველი არსებობდა, ვინაიდან პროკურატურაში იპოთეკარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ქონებას ყადაღა ადევს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ იპოთეკარ ლ.წ. - ს, რომელთანაც ოჯახს ჰქონდა ურთიერთობა, უძრავი ქონება დანაშაულებრივი გზით აქვს მოპოვებული.

ნანო ცხადაია, გიგაურების ადვოკატი:

"2016 წელს იპოთეკარსა და გიგაურს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით და ოჯახი იპოთეკარ დედა-შვილს პროცენტს უხდიდა. გიგაური მზად იყო, ნასესხები 20 ათასის ნაცვლად, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ზედმეტად 22 ათასიც გადაეხადა. ეს ურთიერთობა 6 თვით გაფორმდა და 4 თვის თავზე ლაშა გიგაური მევახშეს მთლიანი თანხის დაფარვას სთავაზობდა, რაზეც მან განაცხადა უარი და აღარ გამოჩნდა. როგორც კი ხელშეკრულების ვადა გავიდა, მევახშე წავიდა საჯარო რეესტრში და ეს ბინა ერთპიროვნულად მის სახელზე გადაიფორმა. ბოლო ერთი წელია ჩავერთეთ ამ საქმეში, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა და ეს ადამიანი თანხის დაბრუნებას არც განიხილავდა, პირდაპირ ამბობდა, უძრავი ქონება მაინტერესებს, მილიონიც რომ შემომთავაზოთ, ფულს უკან არ დავაბრუნებო. ხელშეკრულების ვადა 6 თვე იყო და ამ ადამიანმა ის ხელოვნურად გააჭიანურა, გიგაურებს ემალებოდა, არც ტელეფონს პასუხობდა, არც ჩნდებოდა..

მეორეც, ამ საქმეზე იპოთეკარის მიმართ თაღლითობის მუხლით სს საქმეა აღძრული ( სს კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილი). ასევე, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება სასამართლოს განჩინებით დაყადაღდა, რაც იმას მოიცავს, რომ დანაშაულია მომხდარი, ამ ქალს ეს ქონება დანაშაულის გზით აქვს მოპოვებული. ასეთი ქეისი აღსრულებასაც არ ჰქონია, უპრეცედენტოა, ზოგადად, სტანდარტულად მიჰყვებიან ხოლმე გამოსახლების პროცესს.

არსებობს კანონი "სააღსრულებლო წარმოების შესახებ“ (36-ე მუხლი), სადაც თეთრზე შავით წერია, რომ პროკურატურის ყადაღა და სს გამოძიება აჩერებს გამოსახლებას, მაგრამ სამწუხაროდ, აღსრულება გვეუბნება, რომ ეს კრედიტორის სასარგებლოდ არის და არა მოვალისო. მოვალე ამ შემთხვევაში ლაშა გიგაურია. ჩვენ დამატებით პრევენციის მიზნით გუშინწინ მივმართეთ სასამართლოს, თან დავურთეთ სისხლის სამართლის მასალები და განჩინება და მოვთხოვეთ გამოსახლების გადავადება. სასამართლოს აქვს გამოსახლების ერთჯერადად გადავადების უფლება, მაგრამ გვითხრეს, გადადების სამართლებრივი საფუძვლები არ არისო. მეტიც, ეს საქმე ერთ მოსამართლეს ეწერა და 1 საათში მეორეთი ჩაგვინაცვლეს. დღეს დადასტურდა, რომ რაღაც სქემა მუშაობს და ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვურად არის დაკავშირებული - გამოიკვეთა აღსრულების დიდი ინტერესი, არც პროკურატურას აინტერესებს ის, რომ იმ მევახშის მიმართ სს საქმე მიმდინარეობს..

გამოსახლების ფორმაც საშინელი იყო - დალეწეს ყველაფერი და ოჯახის წევრები დასისხლიანებულები გამოიყვანეს. მერე ლაშა გიგაურის შვილი დააკავეს, თითქოსდა, აღსრულების ხელშეშლისთვის. დაკავების საფუძველი ის გახდა, რომ ეს ადამიანი ტელეფონით იღებდა ამ პროცესის მიმდინარეობას. გიგაურების 8 - სულიან ოჯახს სხვა ბინა, წასასვლელი არ აქვთ, მათ უძრავი ქონება დაუზიანეს და დალეწილი ნივთები გარეთ გამოუყარეს.

მინდა ხაზი იმასაც გავუსვა, რომ ამ ყადაღის განჩინებაში წერია მეორე პუნქტი - ქონებას ყადაღა იმიტომ დაედო, რომ არაფერი დაზიანებულიყო. დაზიანებული კი არა, ქონება განადგურებულია.

ოჯახის წევრებს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ჩვენი მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ, კარი იყო დაკეტილი და, რატომღაც, ეს აღიქვეს წინააღმდეგობად. აუცილებლად გვექნება სამართლებრივი რეაგირება, საქმეს გავასაჩივრებთ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც იწყებს გამოძიებას აღსრულების თანამშრომლების მიმართ, ვინც ძალადობდა და ასე ვანდალურად ექცეოდა ოჯახს. ლაშას მამა - გივი გიგაური ომის ვეტერანია (ამჟამად შშმ პირია), ის აფხაზეთის ომში იბრძოდა და იცავდა სახელმწიფოს, რომელიც, სამწუხაროდ, ასე ვანდალურად მოექცა მის ოჯახს“, - გვეუბნება ადვოკატი.