ავტორი:

რიკოთზე მთელი ღამე მუშაობდნენ პოლიციელები და მაშველები - უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა (ფოტოები)

რიკოთზე მთელი ღამე მუშაობდნენ პოლიციელები და მაშველები - უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა (ფოტოები)

რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ პოლიციელები და მაშველები. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

სამუშაო პროცესს ადგილზე ამ დრომდე ხელმძღვანელობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში - ზვიად შალამბერიძე. ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს. ამ დროისთვის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ მათ რამდენიმე საათიან საცობში უწევდათ ყოფნა და გზა ორივე მიმართულებით ჩახერგილია.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ერთმანეთს 2 სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ასევე ტერიტორიაზე ჩამოწვა მეწყერი, რამაც საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაათვალიერეთ ფოტოები