ავტორი:

ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს სამყაროს წარსულის გამოსაკვლევად - მათ ძალიან მოულოდნელი რამ აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს სამყაროს წარსულის გამოსაკვლევად - მათ ძალიან მოულოდნელი რამ აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს წარსულის გამოსაკვლევად, ლაპარაკია სამყაროს არსებობის ადრეულ პერიოდზე და მათ ძალიან მოულოდნელი რამ აღმოაჩინეს.

კოსმოსურმა ობსერვატორიამ გამოავლინა 6 მასიური გალაქტიკა, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ 500 -700 მილიონ წლებში უნდა გაჩენილიყო. აფეთქებიდან ასეთ მოკლე პერიოდში, ამგვარი ზომის გალაქტიკების არსებობა დღემდე წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ეს აღმოჩენა მთლიანად არღვევს არსებულ თეორიებს გალაქტიკების წარმოშობის შესახებ. ამან შესაძლოა, დედამიწელების წარმოდგენა შეცვალოს იმაზე, თუ როგორ განიცადა ევოლუცია კოსმოსმა ადრეულ პერიოდში და როგორი იყო ის მილიარდობით წლის წინ.

"ეს ობიექტები ბევრად უფრო მასიურია, ვიდრე ამას მოველოდით. ამ მომენტისთვის ჩვენ მხოლოდ პატარა, ახალგაზრდა გალაქტიკების პოვნით ვიყავით დაკავებული, მაგრამ აღმოვაჩინეთ ჩვენი გალაქტიკის მსგავსი, ჩამოყალიბებული სხვა გალაქტიკები, სწორედ ისინი, რომლებიც სამყაროს დაბადების გარიჟრაჟზე წარმოიქმნენ’’, - ამბობს თავის განცხადებაში კვლევის თანაავტორი, ასტროფიზიკის პროფესორი ჯოელ ლეჯა.

სამყაროს შესწავლა ყოველდღიურად უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება. ერთ-ერთი უახლესი სამეცნიერო მიღწევა სწორედ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია. იგი მუშაობს ხილული, ახლო ინფრაწითელი და შუა ინფრაწითელი სინათლის სპექტრში. მას აქვს 6,6 მეტრი დიამეტრის სარკე და შედგება თვრამეტი ექვსკუთხა მონაკვეთისგან. ტელესკოპი ოპტიმიზებულია, როგორც ინფრაწითელი ობსერვატორია. იგი კოსმოსში ყველაზე დიდი ოპტიკური ტელესკოპია, რომლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინფრაწითელი გარჩევადობა და მგრძნობელობა საშუალებას აძლევს მას, დაინახოს ისეთი სუსტი სინათლის მქონე, ძველი ან შორეული ობიექტები, რომლებიც რთული დასანახია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისთვის.

მას შეუძლია აღმოაჩინოს ძველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ყველაზე სუსტი შუქიც კი.

ამჟამინდელი თეორიის მიხედვით, გალაქტიკები შეიცავს გაზს, მტვერს. თავიდან, ისინი პატარა ღრუბელს ჰგავს, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება. ასტრონომები ცდილობენ სპექტრული ინფორმაცია მოიპოვონ აღმოჩენილ გალაქტიკებზე და დაადგინონ მათი ქიმიური შემცველობა.

თუმცა ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ვების მონაცემებით იდენტიფიცირებული გალაქტიკები, რეალურად სულ სხვა რამ იყოს.

  • მოამზადა გვანცა ახვერდაშვილმა