ავტორი:

"როცა მამაკაცების სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიდეო გამოვაქვეყნე, მათი რიცხვი ჩემს გამომწერებში გაიზარდა" - ქართველი ექიმი, რომელიც ტაბუდადებული თემებით "ტიკ-ტოკზე" გამოჩნდა

"როცა მამაკაცების სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიდეო გამოვაქვეყნე, მათი რიცხვი ჩემს გამომწერებში გაიზარდა" - ქართველი ექიმი, რომელიც ტაბუდადებული თემებით "ტიკ-ტოკზე" გამოჩნდა

რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი ერთ-ერთი პირველია ქართველ ექიმებს შორის, რომელიც "ტიკ-ტოკის" პლატფორმაზე გამოჩნდა. ექიმი ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ იდეა კოვიდპანდემიის დროს გაუჩნდა, როდესაც თავადაც ვირუსს ებრძოდა და სახლიდან გასვლა არ შეეძლო.

სამედიცინო-საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა გამოუვიდა, რადგან საუბარი დაიწყო ისეთ ტაბუირებულ თემებზე, როგორიცაა სქესობრივი განათლება და მისი "ტიკ-ტოკის" პროფილი ამჟამად 148 ათასზე მეტ გამომწერს ითვლის... პოსტებზე კი მილიონზე მეტი მოწონება აქვს...

- ქალბატონო მანანა, თქვენ ერთ-ერთი პირველი ქართველი ექიმი იყავით, რომელიც "ტიკ-ტოკის" პლატფორმაზე გამოჩნდით, გაგიჭირდათ თავიდან გადაწყვეტილების მიღება, მაინც თინეიჯერულ კონტენტად აღიქმებოდა...

- როდესაც პანდემიის დროს კოვიდი დამემართა, გადადების რისკის გამო, მეც სახლში მომიწია თითქმის ორი კვირის გატარება. სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე "ტიკ-ტოკი", სოციალური პლატფორმა, რომლის მომხმარებლებიც ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. ბავშვობიდან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მიყვარს ვიდეოების გადაღება, არ მაქვს კამერის კომპლექსი, ამიტომ მაშინვე დავრეგისტრირდი და საცდელად ერთი ვიდეო გადავიღე და გამოვაქვეყნე. მაშინვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მივხვდი, რომ რეპროდუქციული და სქესობრივი განათლების კუთხით, რეალურად ახალგაზრდებში მართლაც მწირი ინფორმაცია იყო. ძირითადად მსგავს თემებზე დავიწყე ვიდეოების გადაღება. ასევე ძალიან დამეხმარა მათი კითხვები, ამით ვხვდებოდი რა აინტერესებდათ.

- როგორ შეხვდნენ თქვენს გამოჩენას ახალ სოციალურ არხზე, თუნდაც კოლეგები, ახლობლები, პაციენტები...

- თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ. იყო ასეთი აზრიც, რომ თითქოს ექიმს ასეთი რამ არ შემეფერებოდა, იყო აგრესიული კომენტარებიც. მწერდნენ, რომ კაბინეტში უნდა მესწავლებინა პაციენტებისთვის მსგავსი რაღაცები და არა საჯაროდ. თავიდან ამის გამო მაინც ვნერვიულობდი, მაგრამ იმდენი დადებითი კომენტარები იყო ამის საპირწონედ, რომ მივხვდი რეალურად უფრო მეტ ადამიანებს ვეხმარებოდი. ამიტომ ნეგატიურ კომენტარებს აღარ ვაქცევდი ყურადღებას.

- მანამდე ფეისბუქზეც რთავდით ხოლმე ლაივებს". შეგიძლიათ გვითხრათ, რით განსხვავდება ამ ორი სოციალური არხის მაყურებელი?

- საერთოდ "ტიკ-ტოკზე" 3 წუთზე მეტ ვიდეოს ვერ ჩაწერ და რაც უფრო პატარაა ვიდეო, მით უფრო მეტი ხალხი ნახულობს. ძირითადად ერთწუთიან ვიდეოებს ვაკეთებ. წარმოიდგინეთ, რამხელა შრომაა, ამ ერთ წუთში უნდა ჩაატიო ის სათქმელი, რაც მაყურებლისთვის გაქვს. აქვე ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურები, რაზე საუბრობ. უნდა იყო ის რაც ხარ, ბუნებრივი და პოზიტიური განწყობა უმთავრესია მაყურებელთან ნდობის მოსაპოვებლად. რაც შეეხება ფეისბუქს, პირველი ვიყავი, რომელმაც კლინიკის გვერდიდან ფეისბუქ-ლაივები დავიწყე. მაშინაც იყო კომენტარები, რომ - რა უნდოდა ექიმს ფეისბუქზე, თან პირდაპირ ეთერში. ეს უარყოფითი დამოკიდებულებაც გადავლახე და ჩემი საქმე გავაკეთე, რადგან მჯეროდა, რომ პაციენტებისთვის სასარგებლო რამეს ვაკეთებდი. "ტიკ-ტოკზე" უფრო ახალგაზრდები არიან, ფეისბუქზე უფრო უფროსი თაობაა. ასევე ჩემი "ლაივები" აღმოჩნდა ემიგრანტებისთვისაც საინტერესო. ისინი ხშირად მწერდნენ და მათ ონლაინ კონსულტაციებსაც ვუტარებდი.

- თქვენი "ტიკ-ტოკის" კონტენტი ხშირად თამამია, საუბრობთ ისეთ თემებზე, რაზეც აქამდე საჯაროდ იშვიათად საუბრობდნენ გინეკოლოგები, ამას თუ შეუქმნია გარკვეული უხერხულობა...

- როგორც დასაწყისში გითხარით, ინფორმაცია სქესობრივი განათლების კუთხით საზოგადოებაში მწირია, რადგან წლების მანძილზე ეს თემები ტაბუირებული იყო. ახლა ბევრ ინფორმაციას იღებენ იგივე სოციალური ქსელებიდან, მაგრამ აქაც რთულია გაარჩიო, რომელია ყალბი და რეალური კონტენტი. ელემენტარულად სასქესო ორგანოების აგებულება და ფიზიოლოგია, პოპულარულ დონეზე ყველამ უნდა იცოდეს.

- ალბათ, ბევრი უცნაური კითხვა შემოდის, გწერენ პირადშიც...

- დიახ, ხანდახან ისიც მიფიქრია, სერიოზულად მეკითხება მომხმარებელი თუ ხუმრობს. შემდეგ იგივე კითხვა შეიძლება იმდენმა ადამიანმა დასვას, რომ ვხვდები, მართლა არ იციან. მაგალითად, უკითხავთ, შესაძლებელია თუ არა სპერმის სხეულზე, თუნდაც ხელზე მოხვედრით დაორსულდეს ადამიანი. მსგავს უცნაურ კითხვებს ორივე სქესის მაყურებლები სვამენ.

- საინტერესოა ისიც, რომ "ტიკ-ტოკზე" თქვენს პლატფორმაზე მამაკაცებიც აქტიურობენ, რაც ნაკლებია ფეისბუქზე, ამას როგორ ახსნით?

- საერთოდ, მამაკაცები უფრო დაჩაგრულები არიან, რადგან ქალების ჯანმრთელობაზე უფრო მეტი ინფორმაცია შეიძლება მოიძიო ქართულად ინტერნეტში. თავდაპირველად, როდესაც მამაკაცების სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიდეო გამოვაქვეყნე, მათი რიცხვი ჩემ გამომწერებში გაიზარდა. საერთოდ, ქალები უფრო გახსნილები არიან, თუმცა ბოლო დროს მამაკაცებიც ხშირად მისვამენ კითხვებს.

- წეღან უცნაური კითხვები ვახსენეთ და მამაკაცებისგან დასმული ყველაზე უცნაური კითხვა რა გახსენდებათ ან მათ ძირითადად რა აინტერესებთ?

- სხვათა შორის, კაცებზე, როგორც მოგახსენეთ, თავიდან კითხვების დასმა უჭირდათ. ახლა ჩემს პლატფორმაზე 40%-მდე მამაკაცები არიან. მათ კითხვები ძირითადად სწრაფ ეაკულაციას ეხება. ასევე მცდარი წარმოდგენა აქვთ უშვილობაზე, ძირითადად ჰგონიათ, რომ ვენეროლოგიური პრობლემები ყველა შემთხვევაში უშვილობას იწვევს. ხშირია, როდესაც ეუხერხულებათ სპეციალისტთან მისვლა და პრობლემის მოგვარებას თვითმკურნალობით ცდილობენ, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. კაცებიც ძალიან მადლიერები არიან, სულ მადლობას მეუბნებიან ასეთი თემების გაჟღერებისთვის.

- ხშირად საუბრობენ, რომ სკოლებში აუცილებელია სექსუალური განათლების გაკვეთილის სახით სწავლება. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

- რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ეს უნდა იყოს სპეციალური პროგრამა, სადაც განსაზღვრული იქნება, რა ასაკში რა დოზით უნდა მიაწოდო ინფორმაცია. აუცილებელია ფსიქოლოგების ჩართულობაც. ჩემთვის უთქვამთ, რომ ბიოლოგიის მასწავლებელი ადამიანის ანატომიას რომ გადიოდა, იმდენად სწრაფად ატარებდა იმ გაკვეთილს, ვერაფერს იგებდნენ, თან სირცხვილისგან წითლდებოდა.

- "ტიკ-ტოკმა" ალბათ თქვენი პოპულარობაც გაზარდა...

- დიახ, ტიკ-ტოკის დამსახურებაა, რომ ქუჩაში რომ გავდივარ, ტაქსიში, მეტროში, კაფეში, პოლიციელებიც კი, ბევრი ადამიანი მცნობს. ზოგი ამას პირადად აღნიშნავს, ზოგი უბრალოდ, მიყურებს და ერიდებათ რამის თქმა. ზოგიერთი მეუბნება, თქვენი ყველა ვიდეო მაქვს ნანახი და დიდი მადლობა, რომ მსგავს ინფორმაციას გვაწვდითო. ამით უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვხვდები, რომ ბევრი ადამიანი მიყურებს და მენდობა.