ავტორი:

"მიწისძვრით გაჩენილმა ხახიეთის ტბამ მეც მომიკლა მამა... მაშინ 9 წლის ვიყავი" - გმირი, რომელმაც მთელი სოფელი გადაარჩინა: რას ჰყვება მისი შვილი წლების წინ მომხდარ ამბავზე?

"მიწისძვრით გაჩენილმა ხახიეთის ტბამ მეც მომიკლა მამა... მაშინ 9 წლის ვიყავი" - გმირი, რომელმაც მთელი სოფელი გადაარჩინა: რას ჰყვება მისი შვილი წლების წინ მომხდარ ამბავზე?

დიდი ტრაგედიების ექო დიდხანს რჩება ადამიანის ფსიქიკაში. ასე მოხდება თურქეთის 2023 წლის 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგაც. ჩვენც ჩვენი მიწისძვრის მოუშუშებელი ექო გვაქვს: 1991 წლის რაჭის 9-ბალიანი მიწისძვრა, შთანთქმული 45-კაციანი სოფელი ხახიეთი და სოფლის ადგილას წარმოქმნილი უძირო ხახიეთის ტბა. დიდ ტრაგედიებს ჰყავს თავისი გმირებიც: ხახიეთის ტრაგედიიდან თითქმის ერთი თვის თავზე გადარჩენილი კიდევ ერთი სოფელი პერევი და მისი გადამრჩენელი 37 წლის ვახტანგ ბეკოშვილი. გმირი, რომელსაც 4 შვილი დარჩა - მათგან ყველაზე დიდი 10 წლის, ყველაზე პატარა კი 4-ის.

გმირი, რომელიც, ალბათ, კვლავ უსახელოდ დარჩებოდა, რომ არა მისი ქალიშვილი თინათინი, რომელმაც ხახიეთის დრამაზე დაწერილ ჩემს წერილს სოციალურ ქსელში ასეთი კომენტარი გაუკეთა:

"მიწისძვრით გაჩენილმა ხახიეთის ტბამ მეც მომიკლა მამა. ამ ტბიდან გადმოხეთქილმა ნიაღვარმა მამაჩემი, ვახტანგ ბეკოშვილი წაიღო თავისი ტრაქტორით. სწორედ მაშინ გამომტაცა ხელიდან, როდესაც ყველაზე ძალიან მჭირდებოდა. მე მაშინ 9 წლის ვიყავი. მამაჩემი ამ მომენტში მთელ სოფელში დადიოდა ტრაქტორით და ყველას აფრთხილებდა, ხალხო, ტბიდან წყალი დაიძრა და თავს უშველეთო. ამიტომ ყველა გადარჩა, თვითონ მამაჩემი კი ადიდებულმა ტალღამ შთანთქა. ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ".

თინათინთან ინტერვიუ "კვირის პალიტრამ" ჩაწერა:

- ხახიეთის ტრაგედიაზე იმდენად ცოტამ იცის, არც სჯერათ, თუ ეს მოხდა და ვმწარდები. ამ დროს ვწერ ხოლმე, მამაც ამ ტრაგედიამ წამართვა-მეთქი. მისმა სიკვდილმა 4 შვილი ობლად დაგვტოვა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ტკივილში უნდა გავზრდილიყავით, როდესაც ლუკმაპურიც კი არ გვქონდა საკმარისი. მაგრამ გავიზარდეთ და დიდობაში მივხვდით, რომ გმირი მამა გვყავდა. ისე მოკვდა, დარწმუნებული ვარ, წამიც არ უფიქრია, ჯობს მე და ჩემი ოჯახი გავეცალოთ საფრთხეს, ყველამ თავად იზრუნოს გადარჩენაზე, სხვას რატომ უნდა შევეწიროო. ასეთი იყო - პასუხისმგებლიანი და თავდადებული. რთული დრო იყო, გაჭირდა ოჯახის რჩენა, ამიტომ მამა რაჭაში დადიოდა სამუშაოდ, თუ არ ვცდები, ბარიტის მაღაროებში.

ჩვენს სანახავად კი პერევში ხშირად გადმოდიოდა. მიწისძვრის დღესაც, 1991 წლის 29 აპრილს, შინ იყო. ამ დროს ირგვლივ ყველაფერმა ზანზარი დაიწყო, მთებიდან მტვერი ავარდა და საშინელი ხმაური ატყდა. იმ დღეს სოფელში ყველა სახლი დაიბზარა, ზოგი ჩამოინგრა. საბედნიეროდ, ჩვენ გადავრჩით. იმ წუთებში აზრადაც არ მოგვსვლია, რა საშინელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენი სოფლის თავზე, სოფელ ხახიეთში - მიწა გაიხსნა, მთელი სოფელი ჩაიტანა, მერე კი იმ ღრმულში წყალი შეიჭრა. ნელ-ნელა ავსებდა ღრმულს და ტბად იქცეოდა. ეს ყველაფერი მოგვიანებით გავიგეთ, როდესაც ხალხი მოვიდა გონზე. იმ დღიდან მამაჩემი სახლიდან არ გასულა. ყველას გვეჩვენებოდა, რომ უბედურება ისევ განმეორდებოდა. ერთ დღეს ჩვენთან მამაჩემის მეგობრები შეიკრიბნენ და ყოფილ სოფელ ხახიეთის მახლობლად, წმინდა გიორგის სალოცავში ასვლა გადაწყვიტეს. სალოცავი მიწისძვრას გადაურჩა. მამას ტრაქტორი ჰყავდა, რაც მისწრება იყო სამუშაოდაც და ძნელ გზაზე სასიარულოდაც. ამიტომ ზედ დასხდნენ და გზას გაუდგნენ.

ეს იყო 26 მაისი - დაახლოებით 3 კვირა იყო გასული მიწისძვრიდან. და იმ დღეს შინიდან წასული მამა აღარ დაბრუნებულა. მიმავლებს ერთი ჩვენი სოფლელი შემოხვედრიათ ყვირილით, რომელიც ხახიეთის ტბის ახლო ადგილებიდან ბრუნდებოდა, ჩქარა უკან გაბრუნდით, ტბიდან მალე წყალი მოვარდება, შეიძლება მთელი პერევი ამოახრჩოს, ხალხი გააფრთხილეთ, შემაღლებულ ადგილებში გაიქცნენო...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: