ავტორი:

უკრაინელებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 70-მდე შეტევა მოიგერიეს - რომელ რეგიონში მიმდინარეობს ყველაზე მძიმე ბრძოლები და სად აქვთ უპირატესობა რუსებს?

უკრაინელებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 70-მდე შეტევა მოიგერიეს - რომელ რეგიონში მიმდინარეობს ყველაზე მძიმე ბრძოლები და სად აქვთ უპირატესობა რუსებს?

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის 70-მდე შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ რუსული ჯარები ამ რაიონებში კონცენტრირებულები არიან თავდასხმითი ოპერაციების ჩასატარებლად.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 75-ჯერ გახსნეს.

"ოკუპანტების ამ მნიშვნელოვანი დანაშაულების შედეგად დაზარალდნენ მშვიდობიანი ქალაქები, სოფლები და მშვიდობიანი მოსახლეობა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გენერალური შტაბი ასევე ხაზს უსვამს, რომ მტრის სარაკეტო დარტყმის საფრთხის დონე უკრაინის მასშტაბით კვლავ მაღალია.

  • ამ ეტაპზე შეტევა გრძელდება დონეცკის რაიონში ბახმუტის მიმართულებით, რუსების მტკიცებით საოკუპაციო ჯარი სოფელ ბერხივკაში შევიდა. როგორც GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე წერს, რუსების წინსვლა ამ მიმართულებით მოსალოდნელი იყო.

"დღეს კიევზე და სხვა დიდ ქალაქებზე მოსალოდნელი რუსული სარაკეტო თავდასხმა არ შედგა. ერთი წლის განმავლობაში რუსეთი იმდენად წინდაუხედავად, პოლიტიკური ნიშნით ხარჯავდა თავის სარაკეტო არსენალს, რომ არა მხოლოდ უზარმაზარი, პრაქტიკულად გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიიღო, არამედ სარაკეტო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი უშედეგოდ გახარჯა კიდეც. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით უკრაინელთა წინააღმდეგ ფსიქოლოგიური დარტყმის ნაცვლად კონსოლიდირებული საზოგადოება მიიღო, რომელსაც ბევრად მეტი მოტივაცია აქვს დაიცვას სამშობლო, ვიდრე ერთი წლის განმავლობაში გამოფიტულ რუსულ სამხედრო ნაწილებს.

- რუსული არმია, "ვაგნერი", სადესანტო ძალები, სეპარატისტები და გრუს სპეცრაზმი აგრძელებენ შეტევას დონეცკის რაიონში ბახმუტის მიმართულებით. ქალაქის ჩრდილოეთით, სლავიანსკისაკენ მიმავალი გზის გასწვრივ რუსების მტკიცებით საოკუპაციო ჯარი სოფელ ბერხივკაში შევიდა. რთული სათქმელია შეძლეს თუ არა მათ მთლიანი დასახლების დაკავება თუ კვლავ გრძელდება ბრძოლა, მაგრამ რუსების წინსვლა ამ მიმართულებით მოსალოდნელი იყო - გზიდან უკან გადანაცვლებული უკრაინელების პოზიციები პირდაპირ ხვდებოდა რუსული ცეცხლის ქვეშ.

ბერხივკა უშალოდ არ ემიჯნება ბახმუტს, თუმცა იქვეა უფრო მნიშვნელოვანი სოფელი იაჰიდნე, რომელიც ბახმუტს აკრავს ჩრდილოეთიდან. საბრძოლო მოქმედებებმა უკვე მიაღწია კიდეც ამ დასახლებამდე, სადაც უკრაინელების პოზიციებია განლაგებული. იაჰიდნეს ნაწილში რუსებმა შეღწევა მოახერხეს, მაგრამ უკრაინელებმა მალევე დაიბრუნეს სრული კონტროლი მასზე. თუმცა ასეთი დასახლებების შენარჩუნება გაჭირდება - იმდენადაა დაბომბილი იაჰიდნე, რომ მყარი პოზიციის მოწყობა რურალური ტიპის დასახლებაში შედარებით რთული იქნება. აშკარაა, რომ უკრაინელები მაქსიმალურად ცდილობენ რუსების გამოფიტვას მანამ, სანამ უშალოდ ბახმუტის ტერიტორიაზე გადავა საბრძოლო მოქმედებები ამ მიმართულებიდან. ქალაქი ძალიან კარგადაა ფორტიფიცირებული და თუკი რუსები ქალაქის ირგვლივ არსებული ძალებით ბახმუტში შესვლას შეეცდებიან უკრაინელებმა ისინი იმდენად უნდა გამოიფიტონ, რომ შემდგომი შეტევის განხორციელება ვეღარ შეძლონ.

მეორეს მხრივ რუსებმა შესაძლოა ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობები გააგრძელონ და უშუალოდ ქალაქზე არსებული ძალების გამოყენებით მაქსიმალური დაწოლა არ განახორციელონ. მაგრამ სათქმელად ადვილია, აღსასრულებლად კი რთული - არ არის ადვილი მთელი ქალაქის სრულ ალყაში მოქცევა. უკრაინელები ლოკალურ კონტრშეტევებს ახორციელებენ და როგორც სამხრეთით დაახევინეს უკან რუსულ ნაწილებს ასევე შეიძლება მოხდეს ჩრდილოეთითაც. ასევე რუსებსა და სეპარატისტებს ის გამოცდილება, ის მოტივაცია და ის შეიარაღება, რაც მარიუპოლის ალყისას ჰქონდათ ბახმუტის მიმართულებით საერთოდ არ აქვთ. ამიტომ ალყის მცდელობა და მისი მყარი შენარჩუნება რთული ამოცანა იქნება რუსეთისათვის" - წერს კობერიძე გასული დღე-ღამის განმავლობაში არსებული ვითარების შეფასებისას.