ავტორი:

"კადიროვმა იფიქრა და მოიფიქრა, მოსწავლეებს ავტობუსის მძღოლები დღიურს შეუმოწმებენ და..." - რამზანის საგანმანათლებლო "რეფორმის" დეტალები

"კადიროვმა იფიქრა და მოიფიქრა, მოსწავლეებს ავტობუსის მძღოლები დღიურს შეუმოწმებენ და..." - რამზანის საგანმანათლებლო "რეფორმის" დეტალები

"დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, კადიროვმა იფიქრა და მოიფიქრა - მისი ინიციატივით, ავტობუსის მძღოლები სკოლის მოსწავლეებს დღიურებს შეუმოწმებენ, ფრიადოსანი ბავშვები კი, უფასოდ იმგზავრებენ. ჩეჩნეთის მეთაურის მოსაზრებით, მოზარდებს ასეთი მეთოდი სწავლის მოტივაციას გაუზარდის", - წერს გამოცემა kavkaz-uzel.eu.

როგორც გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, ახალი კანონი, რომლითაც ეს საკითხი დარეგულირდება, ჩეჩნეთში 22 თებერვლიდან ამოქმედდა და მისი აღსრულება ტრანსპორტის სამინისტროს კომპენტენციაა. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ზაურ ციცაევის თქმით, ახალი კანონი ჩეჩნეთის მასშტაბით, ყველა მოსწავლეს შეეხება.

  • "იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე მძღოლს აჩვენებს დღიურში რომელიმე საგანში "ხუთიანს", ის უფასოდ იმგზავრებს. თუმცა, უპირატესობა ექნებათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უმაღლესი შეფასება ჩეჩნურ ენაში აქვთ - თუ მოზარდი ჩეჩნურ ენაში მიღებულ ფრიადს აჩვენებს მძღოლს, ის საზოგადოებრივი ტრასნპორტით უფასოდ ორჯერ იმგზავრებს. ამით მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის გაზრდა გვსურს", - აცხადებს ციცაევი.

რუსული მედიის ცნობით, კადიროვი, ჩეჩნეთში დამკვიდრებული "სიახლეებით" აჩვენებს, რომ რუსეთის კანონმდებლებლობას არ ემორჩილება. "ჩეჩნეთიდან ყოველ დღე ერთმანეთზე უფრო გასაოცარი სიახლეები მოდის. საით მიდის დღევანდელი ჩეჩნეთი, ამის პროგნოზი ძნელია", - წერს რუსული მედია.

გამოცემა newtimes.ru-ს ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის "თავისებური გადაწყვეტილებების" მიზეზი ის არის, რომ კადიროვი ცდილობს, კრემლში, მისი გავლენებით გაძლიერებით აღშფოთებულ პირებს დაანახოს, რომ "თუნდაც წვრილმანებში, მაგრამ რაღაც საკითხებში თავად იღებს გადაწყვეტილებას."

ამ ყველაფერს ის ემატება, რომ ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ჩნდება მედიაში ინფორმაცია პუტინის გარემოცვაში არსებული ბზარის შესახებ.

  • რამდენიმე დღის წინ, კრემლში პუტინის მოწვევით "ფედერალური სხდომა" გაიმართა, რომელსაც არ ესწრებოდნენ რამზან კადიროვი და "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი.

სხდომას ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ლეონიდ სლუცკი, ექიმი ლეო ბოკერია და დმიტრი მედვედევი. პუტინმა სოციალურ მიმართულებებზე, უკრაინულ რეგიონებზე, სტანდარტულად, დასავლეთიდან მომავალ "ანტირუსულ" განწყობებზე და დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთის ეკონომიკის წარმატებებზე ისაუბრა. სხდომათა დარბაზში, რამდენიმე ცარიელი ადგილი იყო. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი და მისი მოადგილე სერგეი სუროვიკინი, ასევე მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.

როგორც ცნობილია, კადიროვის პირადი თვითმფრინავი 17 თებერვალს აბუ-დაბიში გაფრინდა. პრიგოჟინმა კი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა.

  • kavkaz-uzel.eu-ს კორესპონდენტის ცნობით, ჩეჩნეთში, ქალები და გოგონები, თავსაფრით დადიან სახლშიც კი, ისე, როგორც ირანში, არაბეთში. არადა, ეს რესპუბლიკა რუსეთს ეკუთვნის, მაგრამ მაინც "მკაცრი მუსლიმური ტრადიციებით" ცხოვრობენ.

"ერთი ხელით ჩვენს კაცებს (და როგორც ირკვევა, უკვე ქალებსაც) გზავნის უკრაინის ფრონტის ხაზზე, ამ ბავშვებს მშობლებს უხოცავს, მეორე ხელით, კი, ჩვენი მოზარდების განათლებაზე "ზრუნავს." უკვე საზღვარი არ აქვს მის ავადმყოფურ იდეებს. ოღონდ პუტინს დაუმტკიცოს ერთგულება და ყველაფერზე მიდის, თავის თავს გმირის წოდებას ანიჭებს, "ჩეჩნეთის მამის" სტატუსს იღებს, ადამიანი შეშლილია, მაგრამ ძალაუფლება აქვს და დაგვცინის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლით, ჩვენი ბავშვების მომავლით თამაშობს.

მას მხოლოდ ის სურს, რომ აჩვენოს პუტინს, რომ თუ რაზეა წამსვლელი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის", - წერს ერთ-ერთი ბლოგერი.

"რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სტატისტიკა, რომლის თანახმად. უკრაინაში დაღუპული ჩრდილო-კავკასიელი მეომრების რაოდენობა ბოლო 11 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ვითარებაში დაღუპულთა რაოდენობას ბევრად აღემატება.

მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში 1000-მდე პოლიციელი და სამხედრო პირია დაღუპული, ეს მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, ჩეჩნეთის ორივე ომში, ძალოვანის უწყების 480 წარმომადგენელი დაიღუპა. "მოხალისე-მეომრების" შესახებ, არც კი ვრცელდება ცნობები, რადგან მოზარდების განათლებაზე მზრუნველი კადიროვი, ლამის ყოველ კვირას გზავნის "მოხალისეთა" ახალ-ახალ ჯგუფებს უკრაინაში... მთლიანობაში, ოთხგზის გმირია - რუსეთის, დონეცკის, ლუგანსკის, ახლა უკვე ჩეჩნეთის. თუ ვერ ხვდებით, ფსიქიატრიულ კლინიკაში ცხოვროვს და ჩვენც გვაცხოვრებს", - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი.