ავტორი:

ევრიპიდე: ქალთმოძულე თუ ფემინისტი?

ევრიპიდე: ქალთმოძულე თუ ფემინისტი?

ევრიპიდე ესქილესა და სოფოკლესთან ერთად კლასიკური ათენის უდიდეს ტრაგიკოსთაგან ერთ-ერთია, რომლის მნიშვნელოვანი პიესები დღემდე შემოგვრჩა. არისტოტელე მას "პოეტთა შორის ყველაზე ტრაგიკულს“ უწოდებდა, რადგან პირველი იყო, ვინც ყურადღება თავისი პერსონაჟების შინაგან მდგომარეობასა და მოტივებზე გაამახვილა. ეს განსაკუთრებით იმ სიმპათიას ეხებოდა, რომელსაც ევრიპიდე მაშინდელი საზოგადოების ყველაზე ჩაგრული წევრების, ქალების მიმართ ავლენდა. ალბათ ამიტომაა, რომ მისი ტრაგედიების მთავარ პერსონაჟად ხშირად ქალი გვევლინება.

მისი დამოკიდებულება საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ დღემდე დისკუსიის საგანია. ზოგი მას ქალთმოძულეს უწოდებს, ზოგი კი ფემინისტად მოიხსენიებს.

ევრიპიდეს ქალების მიმართ დამოკიდებულება ალბათ მის პირად ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ. ცნობილია, რომ მისი პირველი ცოლი ქლოირინა იყო, რომელთან თანაცხოვრებაშიც სამი ვაჟი შეეძინა. თუმცა, მას შემდეგ რაც მეუღლის ღალატის ამბავი შეიტყო, განქორწინდა. ევრიპიდეს მეორე ცოლი მელიტა გახდა, რომელიც მეუღლისგან განსხვავებით, ქარაფშუტა და არასერიოზული ხასიათის მქონე ქალი აღმოჩნდა და ევრიპიდეს მეორე ქორწინებაც წარუმატებლად დასრულდა. ბიოგრაფების აზრით, სწორედ ამის შემდეგ ჩამოუყალიბდა „სუსტი სქესის“ წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებულად მტრული დამოკიდებულება. კომედიის მამად წოდებული არისტოფანე მას „ქალთმოძულეს“ უწოდებდა, რადგან გაბედა და ერთ-ერთ ნამუშევარში ქალი სამყარო „უდიდეს უბედურებად“ მიიჩნია.

ევრიპიდეს პერსონაჟთა შორის ალბათ ყველაზე გამორჩეული და არაერთგვაროვანი ქალია მედეა. პიესა ყურადღებას ამავე სახელწოდების გმირზე ამახვილებს და ასახავს მის გააზრებულ სურვილს: შურისძიება მოღალატე ქმრის მიმართ, რასაც საბოლოოდ შვილების მოკვლით აგვირგვინებს. ბევრისთვის ევრიპიდეს ქალთმოძულედ შერაცხვის მიზეზი სწორედ მედეა გახდა. ტრაგიკოსმა სამშობლოს მოღალატე ქალის ცოდვა კიდევ უფრო დაამძიმა და შვილების მკვლელად აქცია - თითქოს ცდილობს, რომ მკითხველს მედიას მიმართ თანაგრძნობა მთლიანად გაუქროს.

ბევრისთვის კი „მედეა“ არსებითად ფემინისტური ნაწარმოებია, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს პატრიარქალური სამყაროს მსხვერპლი ქალის ბედს. მედეამ, რომელმაც იასონისთვის ყველაფერი გაიღო, ოჯახისა და სამშობლოს მოღალატე ქალად იქცა, საბოლოოდ ქმრისგან მხოლოდ ღალატი მიღო.

მედეას მიერ შვილების მოკვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას საჭირო ფაქტია, რადგან ამის გარეშე ნაწარმოები, როგორც ტრაგედია, არ შედგებოდა. მედეას მხოლოდ იასონის ახალი საცოლე და მამამისი რომ მოეკლა, ეს ”უბრალოდ” მიტოვებული, გამწარებული ქალის შურისძიებას დაემსგავსებოდა. მკვლელობა კი აჯანყებაა იასონის წინააღმდეგ, საკუთარი თავის წინააღმდეგ, მათი კავშირის წინააღმდეგ და შესაბამისად, ამ კავშირის განადგურების ერთადერთ გზას შვილების მკვლელობაში ხედავს.

სოფოკლესგან განსხვავებით, ევრიპიდე ქალებს არა მოწამეებად, არამედ საინტერესო, ძლევამოსილ და სამართლიანობაზე ორიენტირებულ ადამიანებად წარმოგვიდგენს. მიუხედავად იმისა, რომ მას დღემდე ბევრი უწოდებს ქალთმოძულეს, ფაქტია, რომ ევრიპიდემ სრულიად ახლებურად და რევოლუციურად გაიაზრა ქალის ემოციების სირთულე. გმირი თუ ანტიგმირი, მსხვერპლი თუ ბოროტმოქმედი? - ეს შეკითხვები დღემდე აქტუალურია და თან სდევს ევრიპიდეს შემოქმედებას.

გამომცემლობა “პალიტრა L” ევრიპიდეს ორტომეულს გამოსცემს. პირველი ტომი, უკვე გამოვიდა, ხოლო მეორე ტომი 27 თებერვალს გამოვა და 1 კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად - 16 ლარად გაიყიდება. წიგნის შეძენას შეძლებთ „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში და ონლაინ.