ავტორი:

"თავი ვერ შევიკავე, ავტირდი..." - რას გვიყვება ვლადიმერ ბოისა საკალათბურთო ნაკრების ტრიუმფსა და მის "უპირველეს სიყვარულზე"

"თავი ვერ შევიკავე, ავტირდი..." - რას გვიყვება ვლადიმერ ბოისა საკალათბურთო ნაკრების ტრიუმფსა და მის "უპირველეს სიყვარულზე"

ქართველმა კალათბურთელებმა მართლაც ისტორია დაწერეს - ქვეყნის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრა ჩვენმა სპორტსმენებმა "თბილისი არენაზე" ისლანდიასთან გამართეს და მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 80-ით 77 დამარცხდნენ, თუმცა 3-ქულიანი სხვაობით მარცხის მიუხედავად, საქართველო შემდეგ ეტაპზე გავიდა. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა შეხვედრის ბოლო წამები, რა დროსაც ქართველმა კალათბურთელებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშეს. შეხვედრა დასრულდა და "თბილისი არენაზე" ზეიმი დაიწყო.

"ჩემს საკალათბურთო კარიერაში ეს ყველაზე ბედნიერი დღეა. ჩვენ ისტორია შევქმენით და ეს დავიმსახურეთ. ამ ფანჯრის წინ ვამბობდი, რომ მიზნის მისაღწევად 2 თამაშის მოგება გვჭირდებოდა. ისლანდიასთან თამაში კი წავაგეთ, თუმცა, მაინც ბედნიერები ვართ, რადგანაც საგზური მოვიპოვეთ", - განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა.

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პლანეტის 31 საუკეთესო გუნდთან ერთად იასპარეზებს. ტურნირი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, აზიის სამ ქვეყანაში - ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ერთ დროს სახელოვანი კალათბურთელი ვლადიმერ (ვოვა ) ბოისა ambebi.ge-ს საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მიღებულ ემოციებზე ესაუბრა:

- რა თქმა უნდა, წარმატებას ველოდით. შესარჩევი ტურნირი რომ დავიწყეთ, ჩვენი ოცნება იყო მსოფლიო ჩემპიონატზე გვეთამაშა. ბოლო ორი თამაში - ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან რეალურ შანსს იძლეოდა, რომ ბოლომდე გავსულიყავით. ყველამ, ვინც გუნდშია - ბიჭებმა, ექიმებმა, მენეჯერებმა, რა თქმა უნდა, ფედერაციამაც, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბიჭები სამაგალითოდ გამოსულიყვნენ. ტურნირისთვის კარგად მოვემზადეთ, დიდი შრომა ჩავდეთ და მართლაც შევქმენით ისტორია - პირველად ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე. დამიჯერეთ, ძალიან ძნელია იქ მოხვედრა და ეს დიდი შრომის ფასად მოვიპოვეთ. ის უფრო მახარებს, რომ ზოგადად კალათბურთისთვის გავაკეთეთ დიდი საქმე - ახალგაზრდები, ბავშვები ავავსეთ დიდი მოტივაციით. წარმოიდგინეთ, ამერიკელებს უნდა ვეთამაშოთ, ეს ხომ ყველას - დიდის, თუ პატარას ოცნებაა, ნახოს როგორ ვთამაშობთ NBA-ს წინააღმდეგ. ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე დიდი წარმატება.

- მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა სიხარულით ატირებული ვოვა ბოისა...

- დიახ, თავი ვერ შევიკავე, ავტირდი, ძნელი იყო ამ გამარჯვებას ემოციების გარეშე ჩაევლო. დღეს დილას რომ გამეღვიძა, უფრო გავაცნობიერე, რა დიდი საქმე გავაკეთეთ, გუშინ მაინც ეიფორიასა და ემოციებში ვიყავი. რომ არ მოგატყუოთ ის უფრო მახარებდა, იქ მყოფი ბავშვები და გულშემატკივრები რომ ტიროდნენ. რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა, მაგრამ გვირჩევნია წავაგოთ და მსოფლიოზე ვიყოთ, ვიდრე მოვიგოთ და არ გავიდეთ.

- მეტოქე ისლანდიელთა გუნდის შესაძლებლობებს როგორ შეაფასებდით?

- ზოგადად, ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ სხვა გუნდებსა და მათ შესაძლებლობებს. ყველას გვეგონა, ნიდერლანდები მოგების გარეშე არიან, ისლანდიას როგორ არ უნდა მოვუგოთ და ა.შ. მათ დაგვანახეს, რომ მაგარი გუნდებია და ყველამ იცის კალათბურთის თამაში. ნიდერლანდები და ისლანდიაც ისეთი ქვეყნებია, ვისაც დარბაზებით დაწყებული, თამაშის მეტი საშუალება აქვთ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, უფრო მდიდარი ქვეყნები არიან და მეტი საშუალება აქვთ, ვიდრე ჩვენ, მაგრამ მაინც შევძელით და ორივე გუნდს მოვუგეთ. ეს ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით.

- წინ რთული გზაა - მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან პაექრობა მოგიწევთ. ჩვენი გუნდის შანსებზე რას იტყვით?

- მსოფლიოზე ვართ და ახლა მთავარია, შესაბამისად მოვემზადოთ. არ ვიცი, იქ რა იქნება, უნდა ვეცადოთ და რაც უფრო შორს გავალთ, მით უკეთესი. უნდა გვიხაროდეს, რომ მსოფლიოზე ვითამაშებთ და მთელი ზაფხული აქტიურობის და მომზადების ეტაპი იქნება, მოდუნების საშუალება არ გვაქვს. შეიძლება ვინმე ახალგაზრდა მოთამაშეც გამოჩნდეს, არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ. ნაკრების შემადგენლობა მწვრთნელებზე და მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ, მთავარია, ბიჭებმა დიდი საქმე გააკეთეს.

კალათბურთით 11 წლის ასაკიდან "დავვირუსდი“. რუსთავის "აზოტიდან“ დავიწყე, 17 წლის სლოვენიაში წავედი და მას მერე ევროპის სხვადასხვა გუნდებში ვითამაშე. 2013 წლიდან ფედერაციაში ვარ, მაქვს სხვა საქმეებიც, ჩემი ბიზნესი - ღვინოს და კონიაკს ვუშვებ ჩემი სახელით, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც კალათბურთია და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ეს სპორტი ჩემი უპირველესი და უალტერნატივო სიყვარულია.

იხილეთ ასევე: