ავტორი:

64 მედიაორგანიზაცია უარს ამბობს "უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე და აცხადებს, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს

64 მედიაორგანიზაცია უარს ამბობს "უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე და აცხადებს, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს

64 მედიაორგანიზაცია უარს ამბობს "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე, არ აპირებს ამ იარლიყით მუშაობას და აცხადებს, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს. მედიასაშუალებების ერთობლივი განცხადება პარლამენტში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელმა მარიამ გოგოსაშვილმა გაახმოვანა.

"პირველ რიგში, აღვნიშნავ იმ პრობლემების შესახებ, რაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეექმნათ პარლამენტში შემოსვლის დროს - სრულად ყველას არ მიეცა საშუალება გაეპროტესტებინა ეს კანონი.

64- მა მედიასაშუალებამ მოაწერა ხელი განცხადებას, რომელსაც გაგაცნობთ ახლა.

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები - დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას,"- აღნიშნა მარიამ გოგოსაშვილმა.