ავტორი:

ჯეისონ არდაის დაუჯერებელი ისტორია - ბიჭი, რომელსაც 18 წლამდე წერა-კითხვა არ შეეძლო, ახლა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია

ჯეისონ არდაის დაუჯერებელი ისტორია - ბიჭი, რომელსაც 18 წლამდე წერა-კითხვა არ შეეძლო, ახლა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია

ჯეისონ არდაიმ, ბიჭმა, რომელსაც 18 წლამდე წერა-კითხვა არ შეეძლო, წარმოუდგენელი ოცნება აისრულა და ახლა კემბრიჯის პრესტიჟული უნივერსიტეტის პროფესორია. ის რასის, უთანასწორობის და განათლების მკვლევარია. განსაკუთრებით დაინტერესებულია განათლების სფეროში ფერადკანიანი, აზიელი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის გაუმჯობესებით.

ჯეისონს 3 წლის ასაკში განვითარების შეფერხების და აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. მას 11 წლამდე ლაპარაკი არ შეეძლო, წერა-კითხვა კი 18 წლის ასაკში ისწავლა.

ჯეისონს თერაპევტებმა უთხრეს, რომ მთელი ცხოვრება დამხმარესთან ერთად უნდა ეცხოვრა, თუმცა ბიჭი არ დანებდა. არდაიმ დედამისის საძინებლის კედელზე სამომავლო მიზნები ჩამოწერა, რომელთაგან ერთ-ერთის მიხედვით, მას ოქსფორდის ან კემბრიჯის უნივერსიტეტში უნდა ემუშავა.

მიუხედავად დაუნდობელი წინაღობებისა, 37 წლის არდაის ახლა მსოფლიოს რიგით მეორე საუკეთესო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობა უკავია. ამავდროულად, ის უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა ფერადკანიანი პროფესორია.

არდაი, ადრეული დიაგნოზის შემდეგ, საკომუნიკაციოდ, ჟესტების ენას იყენებდა. ამის მიუხედავად, მან განათლების სფეროში ასპირანტურის სერთიფიკატთან ერთად, ორი სამაგისტრო კვალიფიკაცია და ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის დოქტორის წოდება მოიპოვა. მოგვიანებით, მისმა მეგობარმა და მენტორმა, სანდრო სანდიმ ურჩია, რომ აკადემიური კარიერა წამოეწყო: "მგონია, რომ შენ ამას შეძლებ. ვფიქრობ, შეგვიძლია მსოფლიოს შევებრძოლოთ და გავიმარჯვოთ.“

"ბევრი აკადემიკოსი ამბობს, რომ ისინი ამ სფეროში "შემთხვევით" მოხვდნენ, მაგრამ მე იმ კონკრეტული მომენტიდან დავისახე მიზნად ეს საქმიანობა. ეს ის იყო, რისი გაკეთებაც მინდოდა“, - ამბობს არდაი The Times-თან ინტერვიუში.

"მიუხედავად ჩემი ოპტიმისტური ხასიათისა, ბოლომდე ბევრი რამ ვერ წარმომედგინა. როცა აკადემიური ნაშრომების წერა დავიწყე, წარმოდგენა არ მქონდა, რას ვაკეთებდი. მენტორი არ მყოლია და არავის უსწავლებია, როგორ უნდა დამეწერა. ყველაფერი, რაც წარვადგინე, მტკიცედ უარყვეს. თანატოლთა შეფასების პროცესი იმდენად სასტიკი იყო, რომ თითქმის სასაცილოც კი გახდა. მიუხედავად ამისა, მე ამას, როგორც სწავლის პროცესს, ისე აღვიქვამდი და რომ გამოვტყდე, სიამოვნებასაც კი ვიღებდი“.

პირველი ნაშრომი ჯეისონ არდაიმ 2018 წელს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ინგლისის ორ უნივერსიტეტში მოიპოვა ადგილი. შედეგად, როცა მან გლაზგოს უნივერსიტეტის განათლების სკოლაში მოიპოვა სამსახური, არდაი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი გახდა. ჯეისონი 6 მარტიდან კემბრიჯის უნივერსიტეტში განათლების სოციოლოგიის პროფესორადაც დაიწყებს მუშაობას.

"ჩემი ნაშრომი ძირითადად იმაზეა, თუ როგორ შეგვიძლია რეალურად დემოკრატიული გავხადოთ განათლება და კარი გავუღოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არახელსაყრელი პირობებიდან მოდიან", - ამბობს არდაი და დასძენს: "იმედი მაქვს, რომ კემბრიჯი საშუალებას მომცემს ეს დღის წესრიგი ეროვნულ და გლობალურ დონეზე განვავრცო“.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა