ავტორი:

უკრაინის პროცესები და ბირთვული უსაფრთხოების პრობლემა

უკრაინის პროცესები და ბირთვული უსაფრთხოების პრობლემა

დღევანდელი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში სლავური მოსახლეობა მხოლოდ მე-18 საუკუნეში გაჩნდა. ამ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ კოლონისტები როგორც რუსებით, ისევე უკრაინელებით დასახლებული რეგიონებიდან და უმრავლესობას ამ ტერიტორიებზე დღეს სწორედ ეთნიკური უკრაინელები შეადგენენ. თუმცა, ეს კოლონიზაცია ორგანიზებული იყო რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ. ამან კი დატოვა გრძელვადიანი კულტურული და იდეური გავლენა ხსენებული ტერიტორიების მოსახლეობაზე, რაც დღემდე თავს იჩენს. მე-19 საუკუნეში დაწყებული უკრაინული ეროვნული მოძრაობა ნაკლებად გავლენიანი იყო ამ „ახალ" ტერიტორიებზე. იგივე ტენდენცია გაგრძელდა მე-20 საუკუნეშიც.

მაიდანის საპროტესტო მოძრაობაში ჩართულობამ, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ნელ-ნელა გააძლიერა უკრაინული სახელმწიფოებრივი იდენტობა, რასაც ადასტურებდა იქ მცხოვრები ადამიანები. ხანგრძლივმა პროცესებმა, რომელმაც არაერთი თაობა გამოიცვალა, უკრაინულ საზოგადოებას საბოლოოდ გააერთიანა უკრაინის სახელმწიფოებრივი იდენტობის გარშემო.

ევრაზიული კავშირის იდეით შეპყრობილი პუტინის, ერთ-ერთი მთავარი მიზანია რუსეთის მიერ ზეგავლენის მოხდენა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რესურსებზე, რადგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შიდა რესურსი აშკარად არასაკმარისია, მეტიც, რუსეთი იმყოფება ღრმა სისტემურ კრიზისში, რომელიც მის ლიდერებში გარდაუვალი სამომავლო კრახის შიშებს ბადებს. რუსეთის გეოსტრატეგიული გაფართოება, კერძოდ კი, კონტროლის დამყარება მეზობელ ქვეყნებსა და მათ რესურსებზე, ამ კრახის თავიდან აცილების პრევენციად განიხილება. ამ თვალსაზრისით, უკრაინის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ რესურსს საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

რუსეთის მცდელობა, დაიბრუნოს კონტროლი ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებზე უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა. საქართველო მოიაზრება იმ ქვეყნებს შორის, რომლებზეც ამა თუ იმ ფორმის კონტროლის დამყარება რუსეთს ძალიან სჭირდება, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი კრემლისთვის მაინც უკრაინაა. უკრაინის მნიშვნელობის კიდევ ერთი ასპექტი გეოგრაფიული მდებარეობით განისაზღვრება, ამ ყველაფერს რამდენიმე ფაქტორი მოწმობს, კრემლის ზოგადი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ სრულიად დაუშვებელია, ტერიტორია, რომელსაც აქვს გრძელი საზღვარი რუსეთის ცენტრალურ ნაწილთან, მას არ ექვემდებარებოდეს. უკრაინის გარდა, ამ ტიპის საზღვარი რუსეთთან მხოლოდ ყაზახეთს და ბელარუსს აქვთ. ორივე ეს ქვეყანა უკვე შედის საბაჟო კავშირში და, შესაბამისად, ამ ქვეყნების ადგილი ევრაზიულ კავშირშია რომელიც წარმოადგენს საბაჟო კავშირის გრადაციის შემდგომ ეტაპს. შესაბამისად, კრემლის გადასახედიდან, პრობლემური ამ თვალსაზრისით მხოლოდ უკრაინაა.

გეოგრაფიული ასპექტის ინტერესთა სფეროა, უკრაინის ფართო გასასვლელი შავ ზღვაზე, მათ შორის, სევასტოპოლის საზღვაო ბაზა, სადაც განლაგებულია ამ ზღვაზე რუსული ფლოტის მთავარი ძალები. იანუკოვიჩის ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებებით რუსეთს 65 წლით გადაეცა სევასტოპოლის ბაზის გამოყენების უფლება, მაგრამ უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის პრე ისტორიას თუ გადავავლებთ თვლას, უნდა აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რუსეთი ახორციელებდა აშკარად არამეგობრულ პოლიტიკას უკრაინის მიმართ. წლების განმავლობაში ის მანიპულირებდა ბუნებრივ აირის ფასებით, ამასთან ერთად, რუსეთი ახდენდა უკრაინაზე ზეწოლას, რათა მას გადაეცა „გაზპრომისთვის" უკრაინული ნავთობისა და გაზის ეროვნული კორპორაცია „ნაფტოგაზი". 2013 წლის აგვისტოში, უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დაგეგმილი ხელმოწერის მოახლოებასთან ერთად, ამას დაემატა სავაჭრო ომი სადაც უკრაინულ საქონელს ფორმალური მიზეზებით აკავებდნენ რუსეთის საზღვარზე. ეს იყო კრემლის გზავნილი უკრაინელი ოლიგარქებისთვის იმის შესახებ, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის შემთხვევაში, რუსეთი უზრუნველყოფდა მათი ინტერესების მნიშვნელოვან დაზარალებას. მაგრამ რუსეთი ვერ შეძლებდა ასოცირების ხელშეკრულების უკრაინის მიერ ხელმოწერის ჩაშლას, რომ არა თავად ამ ქვეყანაში არსებული შიდა პრობლემები, რამაც მაიდანის პროცესებს და უკრაინის დიდ კრიზის ჩაუყარა საფუძველი. მაიდანის საპროტესტო მუხტის პერიოდში, 2013 წლის 17 დეკემბერს, პუტინმა და იანუკოვიჩმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობით აქტს, რომლის მიხედვით, რუსეთს უკრაინისთვის უნდა გადაეცა კრედიტი 15 მილიარდი დოლარის ოდენობით და მნიშვნელოვნად უნდა შეემცირებინა ბუნებრივი აირის ფასი. კაბალურმა შეთანხმებამ იანუკოვიჩის მთავრობა ფაქტობრივად კრემლის დაქვემდებარების ქვეშ მოაქცია. შედეგად, უკვე არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა პერმანენტული სახე მიიღო, ამან უკრაინას მიაყენა დამატებითი ეკონომიკური ზარალი და შექმნა კიდევ უფრო მასშტაბური პოლიტიკური დესტაბილიზაციის პროცესი.

იანუკოვიჩის ავტოკრატიულმა რეჟიმმა 2014 წლის 16 იანვარს უმაღლეს რადაში მიიღო კანონი, ამ კანონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა საპროტესტო აქციების ჩატარების თავისუფლება. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნდა სასჯელი ცილისწამებისთვის, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. გამარტივდა დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნა, რამაც უფრო ადვილი გახადა ოპოზიციის წევრთა პოლიტიკური დევნა. კანონების მიღების შემდეგ საპროტესტო ტალღამ მოიცვა უკრაინის ქალაქების ქუჩები. უკრაინელებმა უბრალოდ არ მიიღეს იანუკოვიჩის კურსი ავტორიტარიზმისკენ, რომელიც წინააღმდეგი იყო ევროინტეგრაციის და უარყოფდა ყველაფერს დასავლურს, მხოლოდ რუსეთთან ინტეგრაცია მიაჩნდა მნიშვნელოვან აქტად, ასებულმა მძიმე ვითარებამ უკრაინას რევოლუციური ელფერი შესძინა.

ამ მოვლების კვალდაკვალ 2014 წლის 5 სექტემბერს უელსში ნატოს სამიტი გაიმართა, რომლის მთავარი განსახილველი თემა იყო უკრაინის კრიზისის მოგვარება. სამიტის შემდგომ ვითარება უკრაინაში დრამატულად შეიცვალა და 2014 წლის ნოემბერში კვლავ განახლდა დაპირისპირება, რომელმაც უფრო მასშტაბური სახე მიიღო. აღნიშნულმა მოვლენებმა გარკვეულ წილად შეცვალა დამოკიდებულება უკრაინის საკითხის მიმართ, მიუხედავად იმისა 2014 წლის უელსის ნატოს სამიტზე წევრმა ქვეყნებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მოკავშირეებმა შეიმუშავეს „A Comprehensive And Tailored Package of Measures” უკრაინის დასახმარებლად, რაც გულისხმობდა მხარდაჭერას ოთხი მიმართულებით: დაშავებული სამხედრო პირების რეაბილიტაციას, კიბერ-თავდაცვას, ლოჯისტიკას, კონტროლს, კომუნიკაციის[10]. მან ასევე მოუწოდა რუსეთს, რომ გამოეყვანა თავისი რაზმები უკრაინიდან და შეეწყვიტა ყირიმის არალეგალური ანექსია. ამ სამიტის შედეგს უკრაინისათვის წარმოადგენდა ის, რომ ნატოს წევრები მხარს უჭერდნენ უკრაინას და გამოხატავდნენ სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყო კონფლიქტის დე-ესკალაცია.

2015 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინაში შექმნილ ვითარებას უწოდა უკრაინულ-რუსული კონფლიქტი, ამიტომ კონფლიქტის დიპლომატიური ზომებით მოუგვარებლობა მოსალოდნელ ომს მოასწავებდა. 2014 წლის დეკემბერში აშშ-ს კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც მოხდა რუსეთისათვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესება და საჭიროების შემთხვევაში უკრაინული მხარისათვის ლეტალური იარაღის მიწოდება, თუმცა ეს საკითხი მათ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა განეხილათ. ამასთანავე, ევროკავშირი ძალიან ფრთხილ პოზიციას იჭერს უკრაინის კრიზისთან მიმართებით, 2015 წლის 13 თებერვალს ბრიუსელში ევროპარლამენტმა რუსეთისათვის ახალი ეკონომიკური სანქციების პაკეტი არ განიხილა, რადგან 2015 წლის 12 თებერვალს მინსკში „ნორმანდიული ოთხეულის“, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის, რუსეთის პირველი პირების, მიერ მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ზემოთ აღნიშნული მოვლენებიდან 7 წლის თავზე უკრაინაში პროცესები ძალიან მძიმედ განვითარდა, რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა რომ, „გარემოება გადამწყვეტ და დაუყოვნებლივ ქმედებებს საჭიროებს“. „დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს დადგენილების მე-7 ნაწილის, 51-ე მუხლის შესაბამისად, ფედერალური საბჭოსა სანქციით და დონეცკსა და ლუგანსკთან ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად“,. ომის დაწყებიდან რუსეთი არაერთხელ დაემუქრა უკრაინას და მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით, რითაც ხაზი გაუსვა მის სტრატეგიულ უპირატესობას უკრაინასთან წარმოებულ ომში. რუსეთმა ბირთვული შანტაჟით გარკვეულ წილად გააფრთხილა ევროპა, რომ არ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში და უკრაინისთვის არ ეკონომიკური და სამხედრო დახმარება. მუქარების ინტენსიური გაჟღერებებიდან უნდა გამოვყოთ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევის განცხადება, რომელმაც დასაშვებად მიიჩნია ბირთვული ომის შესაძლებლობა, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) გადაწყვეტს მოსკოვის დასჯას უკრაინაში სავარაუდო დანაშაულისთვის. „იდეა, დაისაჯოს ქვეყანა, რომელსაც აქვს უდიდესი ბირთვული არსენალი, თავისთავად აბსურდულია და პოტენციურად ქმნის საფრთხეს კაცობრიობისათვის" - განაცხადა მედვედევმა. დასავლეთის ექსპერტების აზრით, რუსეთის პრეზიდენტის და პირველი პირების ბირთვული მუქარა განსხვავებულ კონოტაციაში განიხილება. ომის დაწყებიდან მალე, მარტის და აპრილის თვეში ის მიმართული იყო ომში აშშ-ს და ნატოს სამხედრო ინტერვენციის შესაჩერებლად, ხოლო სექტემბერში, როდესაც უკრაინის ჯარები ფლობენ ინიციატივას და უკვე დაიწყეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, მუქარა მიზნად ისახავს კონფლიქტში ძალთა ბალანსზე გავლენის მოხდენას რუსეთის სასარგებლოდ. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "არ ხუმრობს", როდესაც საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უკრაინაში წარუმატებლობის შემდეგ. ჟურნალისტის კითხვას ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხზე, მან უპასუხა: "არა, არა და არა. ამით თქვენ (რუსეთი) შეუცვლით ომს სახეს ისე, როგორც არასდროს მომხდარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“. მან დამატებით განმარტა, რომ რუსეთის მოქმედება განსაზღვრავს იმას, თუ რა რეაგირებას მოახდენს შეერთებული შტატები. ექსპერტების მოსაზრებით არ არსებობა ისეთი მტკიცებულება, სადაც რუსეთი მზადყოფნაში მოიყვანს სახმელეთო ან საჰაერო მცირე რადიუსის ბირთვულ იარაღს, მაგრამ ისინი ბირთვული მუქარა სერიოზულად აღიქვამენ.

CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ამერიკა სერიოზულად აღიქვამდა რუსეთის მიერ გაჟღერებულ მუქარას, მან აღნიშნა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების საფრთხე გლობალურად საყურადღებო საკითხი იყო. ამას გარდა, დასავლეთის ექსპერტების აზრით, კრემლში წითელ ხაზად აღიქმება დასავლეთის ჩართულობა საომარ მოქმედებებში, გარდა ამისა რამდენიმე ფაქტორი მიუთითებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ. კერძოდ, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია მიუთითებს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ სამხედრო შეტევით მოიპოვებს უპირატესობას უკრაინაში.

დღეისათვის ცნობილია, რომ რუსეთის შეიარაღებაში არსებობს 460 საჰაერო და სახმელეთო ბირთვული ქობინი ახლო მანძილზე წვდომით, რომელთაგან უმეტესობას აქვს დაახლოებით 10 კილოტონა ეკვივალენტური ასაფეთქებელი სიმძლავრე, რომლის მსგავსმა იარაღმა დამანგრეველი შედეგები მოიტანა ჰიროსიმაში და გამოიწვია 140 000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი თავდასხმიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.

2022 წლის 5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა და რატიფიცირება გაუკეთა საბოლოო დოკუმენტებს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის შესახებ. დოკუმენტების თანახმად, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის რეგიონები "მიიღეს რუსეთის ფედერაციაში". 5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ასევე, ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მიერ ზაპორიჟიაში ატომური ელექტროსადგურის ჩამორთმევის შესახებ. რუსეთი აცხადებს, რომ ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ობიექტს ახალი კომპანია აამუშავებს, მაგრამ უკრაინის ბირთვული ოპერატორი უარს ამბობს, ახალ კომპანიასთან თანამშრომლობაზე.

არსებული რეალობიდან გამომდინარე ბირთვული შეკავების პოლიტიკა დიდი რისკის წინაშეა; ბირთვული იარაღის გამოყენების და ახალი ბირთვული შეიარაღების საფრთხე იზრდება. ასევე, მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში საუბარი შეწყდება სრულ ბირთვულ განიარაღებაზეც, რაც უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების -Nuclear Nonproliferation Treaty (NPT)- VI მუხლის შესრულების აუცილებლობაზე უარის თქმას (ვალდებულება აღებული აქვთ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრ ბირთვულ სახელმწიფოებს - P5); და, ასევე, 2021 წელს ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების, ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულების (The Treaty on the Prohibition of Nuclear Weapons) ვალდებულებების შესრულებაზე მსოფლიო მასშტაბით ჯერ მხოლოდ 85 სახელმწიფომ მოაწერა ხელო, ხოლო 62 სახელმწიფოს უმაღლესმა ინსტიტუციებმა მოახდინა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება.

გორდა ღიბრაძე - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი

R