ავტორი:

"ჩემი ახლანდელი პროფესია თავიდან ყველას უკვირს, ვერ იჯერებენ..." - როგორ გახდა პროფესიით მსახიობი გოგონა ტელეფონის ხელოსნობით ინტერნეტვარსკვლავი?

"ჩემი ახლანდელი პროფესია თავიდან ყველას უკვირს, ვერ იჯერებენ..." - როგორ გახდა პროფესიით მსახიობი გოგონა ტელეფონის ხელოსნობით ინტერნეტვარსკვლავი?

თავიდან არ ჰქონია მიზნად პოპულარობა, პირველი ვიდეო რომ დადო, ეგონა მხოლოდ მეგობრები ნახავდნენ, მაგრამ მეორე დილით ნახა, რომ 100 000 ნახვა ჰქონდა... სიზმარში ეგონა თავი და იმის მერეც ასე გრძელდება...

მომხიბვლელი თამარ მამუჩიშვილი თავის ცხოვრებაზე და უიშვიათეს პროფესიაზე გვესაუბრება...

- მეც 90-იანი წლების სტანდარტულ გაჭირვებაში გაზრდილი ერთ-ერთი ბავშვი ვარ, არა შუქი, არა გაზი და ა.შ. მაგრამ მაინც ტკბილად გასახსენებელი ბავშვობით... ყველაზე ტკბილად, ღამე, უშუქობის დროს ქუჩაში დამალობანას თამაში მახსენდება და ჩემს ეზოში უბნის ბავშვებთან ერთად გამართული კონცერტები... 15 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და ბავშვობაც მაგ დროს დამთავრდა... მთელი ბავშვობა მსახიობობაზე ვოცნებობდი, მქონდა პერიოდები, როცა ხან ექიმობა მინდოდა, ხან ეკონომისტობა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თეატრის მსახიობობის სურვილი მქონდა და საბოლოოდ, ჩავაბარე სამსახიობოზე. ყოველთვის თეატრი მომწონდა, ტელევიზია არასდროს მდომებია... თუმცა, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ბოლოს ტელეფონების ხელოსანი გავხდებოდი...

- ახსენეთ, რომ მსახიობობა გსურდათ, ამ მხრივ ბავშვობიდანვე გქონდათ აქტივობები?

- თბილისის 85-ე საჯარო სკოლა დავამთავრე, ძალიან კარგი პედაგოგები და კლასელები მყავდა, დღესაც ვმეგობრობ არაერთ მათგანთან... სკოლის პერიოდიც ძალიან ტკბილად მახსენდება, ვთამაშობდი "მან სან კანის" სკოლის გუნდში, თასიც გვაქვს აღებული... სკოლის დამთავრებამდე დავდიოდი თეატრალურ სტუდიაში, სადაც უფრო გამიმძაფრდა მსახიობობის სურვილი. არაერთ სპექტაკლში ვთამაშობდი... შემდეგ უკვე ჩავაბარე სამსახიობოზე, თეატრალური უნივერსიტეტის ტურები ვერ გავიარე, არ ვიცი ჩემი სამსახიობო მონაცემები არ მოეწონათ თუ იმის ბრალი იყო, რომ 40 სიცხით მივედი გამოცდაზე და თან ძალიან ვნერვიულობდი... მომავალ წლამდე დალოდება და ერთი წლის დაკარგვა არ მინდოდა, ამიტომ ჩავაბარე ტელე-რადიო მაუწყებლობის უნივერსიტეტში, სადაც გოგი ქავთარაძე იყვანდა ჯგუფს, მეორე კურსიდან კი ლაშა გოგნიაშვილი იყო ჩვენი ხელმძღვანელი. სტუდენტობის პერიოდიც ძალიან კარგად მახსენდება... სწავლის პარალელურად პირველივე კურსიდან ვმუშაობდი სხვადასხვა სამსახურებში... სწავლის დასრულების შემდეგ დაახლოებით ერთ წელში დავანებე თავი ამ სფეროს... უზომოდ მენატრება თეატრი...

- როგორ აღმოჩნდით აქ, სადაც დღეს ხართ?

- ჩემმა ბიძაშვილმა, (რომელიც თბილისში ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სფეროში,) სერვისი გახსნა, სადაც ადმინისტრატორად უნდა მემუშავა, მაგრამ როცა ხელოსნებს ვუყურებდი, იმდენად მომწონდა ეს ხელობა, რომ გადავწყვიტე მეც მესწავლა და მალევე ვისწავლე. საბაზისო ცოდნა საკმაოდ მალე მივიღე და მერე უკვე ყველაზე მეტი პრაქტიკამ მასწავლა... ვცდილობ არ გავიყინო ერთ ადგილზე და რაც შეიძლება მეტი და მეტი ვისწავლო...

- სოციალურ ქსელში თქვენი ვიდეოები ძალიან პოპულარულია, ამას რას უმადლით?

- სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან საერთოდ არ მქონია მიზნად პოპულარობა, პირველი ვიდეო რომ დავდე, მეგონა მხოლოდ მეგობრები ნახავდნენ, მაგრამ მეორე დღეს რომ გავიღვიძე, 100 000 ნახვა ჰქონდა ვიდეოს, სიზმარში მეგონა თავი, საერთოდ არ ველოდი... პირველივე ვიდეოდან დაიწყო ხალხმა თხოვნა, რომ უფრო მეტი ვიდეო დამედო, ძალიან დადებით კომენტარებს მიწერდნენ და ალბათ, ამან უფრო წამახალისა, რომ ახალ-ახალი ვიდეოები დამედო... ვფიქრობდი, რომ უარყოფითი გამოხმაურებაც ბევრი იქნებოდა, მაგრამ შევცდი, მალე გახდება ერთი წელი, რაც ვიდეოების დადება დავიწყე და იმდენად ცოტაა უარყოფითი გამოხმაურება, რომ საერთოდ ყურადღების მიქცევადაც არ ღირს, 5000 კომენტარიდან, ალბათ, ერთი თუ იქნება უარყოფითი... ნამდვილად არ მეგონა ამხელა სიყვარულს თუ დავიმსახურებდი და ვერ გადმოგცემთ, როგორი სასიამოვნო გრძნობაა და როგორი დადებითი მუხტით მავსებს ხალხის სითბო... აქვე მინდა, რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ სიყვარულისთვის, რაც მხოლოდ კომენტარებით არ გამოიხატება, სრულიად უცხო ხალხი ისე თბილად ჩამიკრავს ხოლმე გულში, როცა მნახავენ, რომ შეუძლებელია გულწრფელი არ იყოს ის სიყვარული და სითბო...

ტიკ-ტოკისთვის ვიდეოების გადაღება ღამე მიწევს ხოლმე, რადგან დღე ფიზიკურად ვერ ვიცლი. ან კვირას როცა ვისვენებ, რამდენიმე ვიდეოს გადავიღებ ხოლმე და ნელ-ნელა ვდებ... ჩემი ახლანდელი პროფესია თავიდან უფრო უკვირდა ხალხს, ვერ იჯერებდნენ რომ მე ვაკეთებდი ტელეფონს, სანამ არ დავიწყებდი გაკეთებას მათ თვალწინ. შემდეგ უკვე აღფრთოვანებას გამოხატავდნენ და კომპლიმენტებით მავსებდნენ. ახლაც ასეა: ვინც პირველად მხედავს, მაგრამ უკვე 4 წელია ამ სფეროში ვარ და რაც მეტი ადამიანი მიცნობს, მით უფრო იკლებს გაოცებული ადამიანების რიცხვიც. ახლა უფრო სიყვარულს გამოხატავენ, ვიდრე გაოცებას...

- რას ეტყოდით ქალებს, არსებობს ქალის და მამაკაცის პროფესიები?

- ქალებს ვეტყოდი, რომ ნებისმიერ პროფესიაში შეგვიძლია ვიყოთ ძლიერები და პროფესიონალები თუ მოვინდომებთ... რატომ უნდა იყვნენ მხოლოდ კაცები თუნდაც ხელოსნები თუ ქალებსაც გამოგვდის და მოგვწონს, ვფიქრობ ვინც რა სფეროში იგრძნობს თავს კომფორტულად, იქ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება თუ კაცი... მენტალიტეტის ბრალია, ქალები რომ არ არიან ასეთ სფეროებში და კარგია, რომ ნელ-ნელა იცვლება ეს...