ავტორი:

"ქეთასა და მის დებს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია.. დრო რომ აქვს, შვილებივით უვლის" - ვინ არის ჩცდ-ს ტასოს დედა რეალურ ცხოვრებაში და რას ჰყვება შვილზე?

"ქეთასა და მის დებს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია.. დრო რომ აქვს, შვილებივით უვლის" - ვინ არის ჩცდ-ს ტასოს დედა რეალურ ცხოვრებაში და რას ჰყვება შვილზე?

ეთა ორბელაძის ეკრანულ დედას ყველა იცნობს, მაგრამ ნამდვილ დედას თამუნა ბრეგვაძეს ნაკლებად იცნობენ. თამუნას უფროსი შვილი 4 წლის ასაკში პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების“ კაშკაშა ვარსკვლავი გახდა.

რას განიცდიდა დედა, რა ემოციები ჰქონდა, როდესაც მისი მცირეწლოვანი შვილი ფაქტობრივად, ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში აღმოჩნდა, როგორი შვილია ქეთა, ამაზე თამუნა ბრეგვაძე თავად გვიამბობს.

ის პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, დამთავრებული აქვს თეატრალური ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. ამჟამად კი ქალაქის მერიაში, თბილსერვისჯგუფის ერთ-ერთ განყოფილებაში საქმიანობს და ზრდის სამ შვილს - ქეთას, თათულის და მაშოს.

- როდესაც ქეთა სერიალში მთავარ როლზე დაამტკიცეს, როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- 5 წლის არ იყო, როდესაც ეს საქმიანობა დაიწყო. თავიდან იმაზე მეფიქრებოდა, როგორ შეძლებდა. მერე ამ პროცესით ბავშვი ისეთ სიამოვნებას იღებდა, არც ერთი წამით არ მინანია, რომ პატარა ასაკში ამხელა პასუხისმგებლობა დაეკისრა. ახლა ჩემს 5 წლის შვილის, თათულის ვადარებ და მსგავსებას ვერ ვპოულობ, ისეთი მოუსვენარი ბავშვია. ვეუბნები, ქეთა ამ ასაკში სამსახურში დადიოდა, ამხელა პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული და შენ რა ხარ ასეთი ცელქი-მეთქი? მაგრამ ყველა ბავშვი ხომ ინდივიდუალურია. ერთმანეთს ვერავის შეადარებ. თავიდანვე გამორჩეული იყო, დამჯერი, მშვიდი, პასუხისმგებლობიანი, სერიოზული...

ერთხელ ერთ-ერთ რეკლამაში იღებდნენ, მისი რეჟისორიც გიორგი ლიფონავა იყო. გამთენიიდან მთელი დღე იქ ვიყავით. სულ ფეხზე იდგა. გიორგიმ უთხრა, მიდი, ქეთა, დაისვენე, იქნებ ცოტა დაიძინო კიდეცო. არა, გიო, არა, უფრო გავითიშებიო. დღემდე ასეთია, პასუხისმგებლობის საოცარი გრძნობა აქვს. თან იმას ვიქრობ, შვილის ქება არ გამოვიდეს, მაგრამ მართლა ასეთია.

- ალბათ ასეთი თვისებები რომ არ ჰქონოდა, სერიალის ისეთი მყარ და მკაფიო პერსონაჟს ვერ შექმნიდა...

- ძალიან უყვარს მისი საქმე. ზოგი ბავშვი თამაშის დროსაც იღლება და თავს ანებებს. ქეთას დები, ჩემი უმცროსი შვილები ასე არიან. 11 წლის მანძილზე, რამდენი ხანიც მიმდინარეობდა სერიალი, 11-ჯერ კი არა, ერთხელ არ უთქვამს, რომ დაიღალა, თან იმის მიუხედავად, გადაღების პროცესი როგორიც არ უნდა ყოფილიყო. ღამეც უთენებია და მეორე დღეს სკოლაში წასულა. არ უთქვამს, მომბეზრდა, სახლში მინდა, შუალედებში წავიდოდა და სკოლის გაკვეთილებს იმეცადინებდა.

- გადაღებებზე თქვენც დაჰყვებოდით? ალბათ ტექსტების დამახსოვრებაში ეხმარებოდით...

- 6 წლის განმავლობაში მარტო არ დამიტოვებია, სულ დავყვებოდი. რომ გაიზარდა და დამოუკიდებლად გაშვება შემეძლო, აღარ წავსულვარ. ისე, სხვა დროსაც გავუშვებდი დამოუკიდებლად, იქ ისეთი გარემო იყო, თან ქეთაზე ყველა გიჟდებოდა და ვინ რას გაუჭირებდა, დამჯერიც იყო არავის გააბრაზებდა. მერე სამსახური დავიწყე, ორსულად ვიყავი მეორე შვილზე და იმდენად ვეღარ დავყვებოდი. ახლა ის გადაღებები და ის ყველაფერი ისე ენატრება…

პატარა რომ იყო, კი, მაგრამ ისე, რომ ტექსტი დაეზეპირებინა, ასე არა. გადაღების დროს ძალიან ეხმარებოდა რეჟისორი და გადამღები ჯგუფი.

- ეკრანზე მოგწონდათ?

- ყოველთვის მომწონდა. ვგიჟდებოდი, ისე მიხაროდა. დღესაც გამიხარდება, თუ გამოჩნდება. უბრალოდ თვითონ ჰქონდა ასეთი რამ, პატარა რომ იყო, თავის თავის ეკრანზე დანახვის რცხვენოდა. ეკრანისკენ მორცხვად იხედებოდა... ახლა თუ გამოჩნდება სადმე, ბედნიერი ვიქნები, თვითონაც ამის დიდი სურვილი აქვს...

- როგორც ვიცი, აქტიურად ემზადება, მეცადინეობს...

- კი, შემიძლია ვთქვა, რომ 24 საათი სულ მეცადინეობს. თუმცა მსახიობობას არ ელევა, უნდა, იმსახიობოს, მაგრამ სხვა პროფესიის დაუფლების სურვილიც აქვს.

- თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ე.ი. უარი გითხრათ, ხომ?

- არ უნდა. საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით უნდა სწავლის გაგრძელება, დიპლომატობა უნდა… ვუთხარი, მსახიობის პროფესია რომ აერჩია, გამოუვიდოდა, თითქმის გზა გაკვალული აქვს ამ მიმართულებით. მარტივი იქნებოდა მისთვის ამ სფეროში თავის დამკვიდრება. მაგრამ ხომ არ დავაძალებ?! რჩევას კი იღებს, მაგრამ რაც უნდა, იმას აკეთებს. ჭკვიანი ბავშვია და ვიცი, უაზროდ არაფერს იტყვის და მოიმოქმედებს. ამიტომ ვემხრობი მის მოსაზრებებს. მოზარდობის პერიოდში მასთან არანაირი გაუგებრობა და პრობლემა არ მქონია.

ქეთა ორბელაძე ეკრანულ და რეალურ დედასთან ერთად

- თავის უმცროს დაიკოებთან როგორი ურთიერთობა აქვს?

- ძალიან მზრუნველი დაა. როცა დრო აქვს, შვილებივით ჰგავს თავისი დები. მათ შორის ასაკში დიდია სხვაობა (11-13 წელია). ისინიც გიჟდებიან ქეთაზე. მისი რიდიც აქვთ. საკმარისია, ერთი უთხრას, დაწყნარდითო, ისუსებიან. ...პატარებიც მღერიან. ორივეს კარგი სმენა აქვს და მინდა, სიმღერაზე მივიყვანო. ქეთა სიმღერაზე 9 წელი დამყავდა. მერე აღარ მოისურვა და თავი დაანება.

- თავი თუ გაგიცნიათ ან წარგიდგენიათ სხვებისთვის, როგორც ქეთას დედა?

- ეს არასდროს, უცხო გარემოში არ მითქვამს. ვინც იგებს ხოლმე, მერე ცხადია, ვუდასტურებ, რომ ქეთას დედა ვარ... დედა გარდაცვლილი მყავს და სადმე ერთად თუ ვიყავით, თუნდაც მაღაზიაში, იცოდა ხოლმე თქმა - იცით, ჩემი შვილიშვილი ვინ არის? სულ ვეუბნებოდი, რა საჭირო იყო ეს? ქეთათი ამაყობდა ხოლმე.

ქეთა მამასთან ერთად

- დაიკოებმა არ იციან, რომ ასეთი ვარსკვლავი და ჰყავთ? რომ მათ ასაკში უკვე მსახიობი იყო...

- კი, „იუთუბს“ რომ ჩავურთავ და ქეთას გადაცემებს უყურებენ ხოლმე. ადრე ერთ-ერთ შოუში ცეკვავდა, მღეროდა, მაგას რომ ვურთავ, გიჟდებიან. პატარა ქეთაა, - ყვირიან, კივიან, ძალიან უხარიათ. ქეთას ერთ-ერთი სერიოზული გატაცება ფეხბურთის ყურებაა. მისი ცხოვრების თანამგზავრია სპორტის ეს სახეობა. გიჟდება, ისე უყვარს. ჩემი მეუღლე ყოფილი ფეხბურთელია, ახლა უკვე მწვრთნელი. მამის საქმიანობის დიდი გულშემატკივარია. გვსაყვედურობს ფეხბურთზე რატომ არ შეგვიყვანეთო. მისი ოცნება იყო, ფეხბურთზე ევლო. მოკლედ, ასეთი გოგონაა ჩვენი ქეთა.