ავტორი:

პანიკა რუსეთში: ხანძარი, აფეთქებები, ჩამოვარდნილი დრონები - "სახიფათო ზონები მატულობს და ამაზე უნდა გვეფიქრა, სიკვდილი იწვევს სიკვდილს"

პანიკა რუსეთში: ხანძარი, აფეთქებები, ჩამოვარდნილი დრონები - "სახიფათო ზონები მატულობს და ამაზე უნდა გვეფიქრა, სიკვდილი იწვევს სიკვდილს"

სანქტ-პეტერბურგის თავზე, 200 კმ საჰაერო სივრცე 2 საათის განმავლობაში დახურული იყო, რის გამოც პულკოვოს აეროპორტი თვითმფრინავებს ვერ ემსახურებოდა. გადადებული რეისების მგზავრების თქმით, ისინი ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავებიდან ჩამოსვეს, რამაც მათი შეშფოთება გამოიწვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელმა დასავლეთის ზონის მორიგე ძალებმა "წვრთნები ჩაატარეს სამოქალაქო საჰაერო მოძრაობის კონტროლის ორგანოებთან ურთიერთქმედებისთვის..."

"შემუშავდა სავარაუდო სამიზნის გამოვლენისა და იდენტიფიკაციის, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურებთან ურთიერთქმედების საკითხები. ჩართული იყო საჰაერო თავდაცვის ძალების მორიგე გამანადგურებლები" - აღნიშნეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

თუმცა, ანტისამთავრობო რუსული მედიის ცნობით, ამ განცხადებამ მოსახლეობაში გაჩენილი შიშები ვერ გაანეიტრალა, მით უფრო, რომ ინტერნეტში გავრცელებული ცნობების თანახმად, გუბასტოვოში, გაზპრომის გაზის სადგურის სიახლოვეს ოლქში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა...

charter97.org/ru-ს ცნობით, პულკოვოს აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება, მაგრამ ადგილობრივებში გაჩნდა შიში, რომ თავს დაუცველად არსად გრძნობენ...

"27 თებერვალს რუსულ ქალაქ ბელგოროდში, საცხოვრებელ სახლის კორპუსებთან აფეთქებები ისმოდა. რამდენიმე რაიონში უპილოტო ლეტალური აპარატების ფრაგმენტები იპოვეს..." - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ დაზიანებულია რამდენიმე მანქანა, აფეთქების შედეგად, სახლებში ჩამსხვრეულია ფანჯრები.

ბელგოროდი

სანქტ-პეტერბურგის თავზე საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ პირველად ტელეგრამის არხებმა Baza-მ და 112-მა დაწერეს. Baza-ს მონაცემებით, ტერიტორიაზე მოქმედებდა ე.წ. ხალიჩის გეგმა, რომელიც საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება. "112" ირწმუნებოდა, რომ ამ გეგმის ამოქმედების შემთხვევაში ყველა საფრენი აპარატი, გარდა სამხედრო და სამაშველოსი, მიწაზე უნდა დაეშვას.

"112-ის" ინფორმაციით, ჰაერში ორი გამანადგურებელი Су-35 და МиГ-31 მუშაობდა.

fakti.bg-ის ცნობით, 27-28 თებერვლის ღამეს, უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე, მხოლოდ ბელგოროდი არ ყოფილა, აფეთქებები ისმოდა, ბრიანსკის რაიონებსა და კრასნოდარის მხარეში, სადაც უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოცვივდა. ამასთან უცნობი მფრინავი შენიშნეს ადიღეში და დიდი ალბათობით, ესეც დრონი იყო.

ამასთან, ხანძარი გაჩნდა კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში ნავთობის და გაზის კომპანიის, "როსნეფტის" ქარხნის ტერიტორიაზე. მეხანძრეებმა მისი ლიკვიდაცია ოპერატიულად შეძლეს, მაგრამ მოსახლეობა ღელავს, რადგან ტუაფსეს ადმინისტრაციას ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

"მათ შიშს აძლიერებს ისიც, რომ "როსნეფტის" მახლობლად რუსული სამხედროების ყაზარმაა განთავსებული, რაც შესაძლოა ვიღაცების სამიზნე იყოს" - წერს გამოცემა.

ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მობილიზაციის გარდა, სხვა მხრივაც შეექმნებოდათ სანერვიულო.

"სახიფათო ზონები მატულობს და ამაზე უნდა გვეფიქრა. სიკვდილი იწვევს სიკვდილს... ჩანაფიქრი ალბათ მეტი აქვთ და რაც მეტ თანამედროვე შეიარაღებას მიიღებენ, ვითარება უფრო გამწვავდება. შესაძლოა, ეს პარტიზანების ნამოქმედარი იყოს. ძნელი სათქმელია, რომელი ჯობია, მაგრამ მაინც მირჩევნია პარტიზანები აქტიურობდნენ, რადგან ისინი ინფრასტრუქტურას მაინც უტევენ, დრონები კი მშვიდობიან მოქალაქეს, ყაზარმას და ნავთობის საცავს ვერ არჩევს"- წერს სერგეი დრანევი.

"ყველაფერი ძალიან სახიფათო ხასიათს იძენს. თუ ადრე ჩვენი ძალოვნები ფორმალურად მაინც გვეუბნებოდნენ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდისო, ახლა ამბობენ არ ვიცით, რა იქნებაო...ზოგი კი, ისე უსინდისოდ წერს, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა დაუშვებელია, თითქოს ჩვენები უკრაინაში ყვავილებს კრეფენ... _ წერს რომან ფილიპოვი.