ავტორი:

"ბევრად გაუმჯობესდა ჩვენი ცხოვრება... მე და მამა ვმუშაობთ, ომიკოს რამდენიმე საგანში ვამზადებთ" - როგორ ცხოვრობენ დღეს ალუაშვილები, რომლებსაც კალაძემ 2 წლის წინ ბინა აჩუქა

"ბევრად გაუმჯობესდა ჩვენი ცხოვრება... მე და მამა ვმუშაობთ, ომიკოს რამდენიმე საგანში ვამზადებთ" - როგორ ცხოვრობენ დღეს ალუაშვილები, რომლებსაც კალაძემ 2 წლის წინ ბინა აჩუქა

ორი წლის წინ, აფრიკის დასახლება ყურადღების ცენტრში მოექცა. მერიის მიერ დაუკანონებელი შენობების დემონტაჟს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ადგილიდან გავრცელებულ კადრებში საზოგადოების ყურადღება ერთ-ერთმა ემოციურმა ფოტომ მიიქცია, ასაკიანი მამაკაცი, მცირეწლოვან შვილთან ერთად დემონტაჟის ადგილას იდგა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონტაჟის დროს მათი საცხოვრებელი სახლიც დაინგრა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ადგილზე ისინი შემთხვევით აღმოჩნდნენ. მამაკაცი ნუგზარ ალუაშვილი გახლდათ, ბიჭი კი მისი უმცროსი შვილი ომიკო. პატარას დედა გარდაცვლილი ჰყავდა, ექვსი დედმამიშვილი 30 კვადრატული მეტრ გასარემონტებელ ფართში ცხოვრობდნენ.

მალევე თბილისის მერმა ოჯახს ვარკეთილში ბინა უყიდა და ახალ წელს ალუაშვილები ახალ სახლში შეხვდნენ. ალეკო ალუაშვილი დედმამიშვილებიდან ერთ-ერთია. წლების მანძილზე უმცროს და-ძმებზე ზრუნვა მას უწევდა. AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ შეიცვალა ალუაშვილების ყოფა ბინის ჩუქების შემდეგ...

- ალეკო, ორი წელი გავიდა, აფრიკის დასახლებაში მომხდარი ცნობილი მოვლენებიდან. მაშინ თქვენს ოჯახს თბილისის მერმა ახალი ბინა გადასცა. როგორ ცხოვრობთ ახლა, ისევ იმ ბინაში თუ ხართ.

- მიხარია, რომ გაგახსენდით. დიახ, ისევ იმ ბინაში ვცხოვრობთ, რომელიც კახა კალაძემ გვაჩუქა. რაც შეეხება დღევანდელ ყოფას და ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო გაუმჯობესებულია ჩვენი პირობები.

- თქვენი მამა და ძმა როგორ არიან, ძმა თუ სწავლობს სკოლაში, როგორია ახლა თქვენი ყოველდღიურობა

- მამა და ძმებიც, დებიც კარგად არიან. ომიკო სკოლაში სწავლობს. საკმაოდ კარგი მოსწავლეა, არ არის ურჩი ბავშვი. რამდენიმე საგანში ვამზადებთ მასწავლებელთან.

- ოჯახს ფინანსურად უჭირდა, თქვენ იყავით ერთადერთი მარჩენალი, ახლა როგორ ახერხებთ ოჯახის რჩენას?

- ოჯახს მაშინ ძალიან გვიჭირდა, რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, მე და მამა ვმუშაობთ, მამა თბილისის დასუფთავების სამსახურში. შედარებით უკეთ ვართ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდ ოჯახს ძალიან ბევრი ხარჯი აქვს. ყურადღებას ვაქცევ ჩემი და-ძმების სწავლა-განათლებას. ვცდილობ მაქსიმალურად ისე გავანაწილო ხარჯები, რომ ჩავარდნა არ გვქონდეს და ჯერჯერობით ვახერხებთ.

ომიკო ალუაშვილი

- თქვენ აფრიკაში პატარა ბინა გქონდათ, იმ ტერიტორიაზე, სადაც სახლებს ანგრევდნენ. შემდეგ ხომ არ მოყოლილა თქვენი სახლი ნგრევაში, ახლა რა ხდება იმ ადგილას?

- დიახ, პატარა ბინა გვქონდა, სადაც ვცხოვრობდით. ჩვენი ბინა დემონტაჟში არ მოყოლია, ზოგადად არ იყო ის ტერიტორია ნგრევაში მოყოლილი. ახლა ვცდილობთ, ის ბინა უკეთესად მოვაწყოთ და ჩემმა უფროსმა ძმამ იცხოვროს ოჯახთან ერთად. მადლობას გიხდით, რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით დაინტერესდით. ყოველდღიურობა არაფრითაა გამორჩეული. უფროსები ვმუშაობთ, უმცროსები სწავლობენ. მინდა, რომ ომიკო წრეებზეც მივიყვანოთ. ვცდილობთ, მაქსიმალურად, რომ ვიცხოვროთ ნორმალურად...

იხილეთ ასევე: