ავტორი:

"იყო პანიკა... ხანძარი, რომელიც მყისიერად გაჩნდა" - მასშტაბური ავარია საბერძნეთში: ორი მატარებლის შეჯახებას სულ ცოტა 32 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო, ვიდეო)

"იყო პანიკა... ხანძარი, რომელიც მყისიერად გაჩნდა" - მასშტაბური ავარია საბერძნეთში: ორი მატარებლის შეჯახებას სულ ცოტა 32 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო, ვიდეო)

სულ ცოტა 32 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ჩრდილოეთ საბერძნეთში, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად.

თესალიის რეგიონის გუბერნატორის, კონსტანტინოს აგორასტოსის განცხადებით, სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი - თესალონიკიდან ლარისამდე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაახლოებით 250 მგზავრი უსაფრთხოდაა ამოყვანილი.

მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 350 მგზავრი იმყოფებოდა, წუხელ ქალაქ ლარისას საპირისპირო მიმართულებით მიმავალ სატვირთო მატარებელს შეეჯახა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ გადარჩენილების მოსაძებნად. ამ დროისთვის ავარიის მიზეზი უცნობია. მატარებლების შეჯახებისას ერთ-ერთ ვაგონში ხანძარი გაჩნდა.

ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრი ტრაგიკულ ღამეს BBC-ისთან ასე იხსენებს:

"კოშმარული 10 წამი იყო. ვაგონში ვტრიალებდით, ვიდრე გვერდებზე არ გადავარდა და აურზაური არ შეწყდა. მერე იყო პანიკა... კაბელები, ხანძარი.... ხანძარი მყისიერად გაჩნდა. გადაბრუნებისას დამწვრობა მივიღეთ, რადგან ვაგონის ორივე მხარეს ცეცხლი გიზგიზებდა“, - თქვა მგზავრმა.

კიდევ ერთმა მგზავრმა ანჯელოს ციამურასმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ კატასტროფა მიწისძვრას ჰგავდა.

  • "10, 15 წამის განმავლობაში იყო ქაოსი, ხმაური, ხანძარი, ჩამოკიდებული კაბელები, ჩამტვრეული ფანჯრები, ხალხის განწირული ყვირილი... საშინელი ღამე იყო... ძნელია მომხდარის აღწერა".

შემთხვევის ადგილზე 150 მეხანძრე და 40 სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული.

როგორც ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, ვასილი ვართაკოიანმა განაცხადა, "შეჯახების სიმძიმის გამო" მაშველებს ურთულეს პირობებში უწევდათ მუშაობა.

"მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი არაფერი მინახავს. ტრაგედიაა! ხუთი საათის შემდეგ ჩვენ ცხედრებს ვპოულობთ", - განუცხადა AFP-ს საინფორმაციო სააგენტოს ნანგრევებიდან გამოსულმა მაშველმა.