ავტორი:

ირანის სკოლებში ტოქსიკური გაზით ნოემბრის შემდეგ 700 გოგონა მოიწამლა - რას უკავშირებენ მომხდარს

ირანის სკოლებში ტოქსიკური გაზით ნოემბრის შემდეგ 700 გოგონა მოიწამლა - რას უკავშირებენ მომხდარს

ნოემბრის შემდეგ, ირანში 700-მდე გოგონა მოიწამლა ტოქსიკური გაზით, რაც ბევრის აზრით, სკოლების დახურვის მიზანმიმართული მცდელობაა. ინტოქსიკაციის შედეგად არცერთი გოგონა არ გარდაცვლილა, თუმცა ათეულობით მათგანს აღენიშნება სუნთქვის პრობლემები, გულისრევა, თავბრუსხვევა და დაღლილობა.

"აშკარა გახდა, რომ ზოგიერთს სკოლების, განსაკუთრებით კი გოგონების სკოლების დახურვა სურდა", - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. მოგვიანებით მან თქვა, რომ მისი შენიშვნები არასწორად გაიგეს.

გენერალურმა პროკურორმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და დაამატა, რომ მომხდარი მხოლოდ "დანაშაულებრივი და განზრახ ქმედების შესაძლებლობაზე" მიუთითებს.

მოწამვლის პირველი შემთხვევა 30 ნოემბერს დაფიქსირდა, როცა რელიგიური ქალაქის, ყუმის ტექნიკური სკოლის 18 მოსწავლის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მიზეზი გაზით ინტოქსიკაცია იყო.

მას შემდეგ გოგონათა ათზე მეტ სკოლაში მოხდა მსგავსი რამ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბორუჯერდის ოთხ სკოლაში სულ მცირე, 194 გოგონა მოიწამლა.

სამშაბათს კი, თეირანის მახლობლად მდებარე ხაიამის გოგონათა სკოლაში კიდევ 37 მოსწავლე მოიწამლა. მოწამვლამდე, გოგონების თქმით, მათ მანდარინის, ან გაფუჭებული თევზის სუნი იგრძნეს.

აქციაზე შეკრებილი მშობლები

ამ თვის დასაწყისში ყუმში, გუბერნატორის ოფისთან, სულ მცირე 100-მა ადამიანმა გამართა საპროტესტო აქცია და შვილების უსაფრთხოების დაცვა მოითხოვა:

"თქვენ ვალდებულნი ხართ, რომ ჩემი შვილების უსაფრთხოება უზრუნველყოთ! ორი ქალიშვილი მყავს და მხოლოდ ის შემიძლია გავაკეთო, რომ სკოლაში არ გავუშვა",- ყვიროდა ერთ-ერთი მამა. ზოგიერთი მშობლის თქმით, მათი შვილები მოწამვლის შემდეგ კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში იყვნენ ავად.

პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, იუნეს პანაჰიმ თქვა, რომ გოგონები არა სამხედრო, არამედ საჯაროდ ხელმისაწვდომი ქიმიკატებით მოწამლეს.

გოგონების მშობლები მათი შვილების უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ

მოწამვლის ყველაზე მეტი შემთხვევა ყუმში აღწერეს, ქალაქში, სადაც მნიშვნელოვანი შიიტური სალოცავები და რელიგიური ხელმძღვანელობაა, რომელიც მკაცრი წესების დაცვას ითხოვს.

ზოგიერთი ირანელის ვარაუდით, გოგონების მასიური მოწამვლა მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების საპასუხო რეაქციაა. სხვები კი თვლიან, რომ ეს ავღანეთისა და "თალიბანის" მიბაძვით არის გამოწვეული და მათი მიზანია, მშობლები დაატერორონ, რათა გოგონები სკოლაში აღარ გაუშვან.

ირანის ლიდერები ტრადიციულად უარყოფენ ქალების შეზღუდვების შესახებ კრიტიკას და სამაგიეროდ იმ გოგონების რაოდენობით ტრაბახობენ, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ. თუმცა თუ გოგონებმა სკოლა ვერ დაამთავრეს, კოლეჯი ოცნებად დარჩება.

სკოლის მოსწავლე გოგონების ფოტო, სადაც მათ პროტესტის ნიშნად თავსაბურავები აქვთ მოხსნილი

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა